კენიაში ვაქცინაცია დაიწყო. სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, თავდაპირველად კენიაში ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები აიცრებიან.
ვაქცინის პირველი დოზა კენიის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, პატრიკ ამოტმა მიიღო.
"მე მშვენივრად ვგრძნობ თავს, რომ კოვიდის ვაქცინის მიღების შემდეგ და ჯანდაცვის მუშაკებს ვურჩევ, არ შეუშინდნენ ვაქცინას. ისუსაფრთხოა", - თქვა ამოტმა.
ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში შედიან ინტენსიური თერაპიის პერსონალი და საავადმყოფოებში მომუშავე სამედიცინო სასწავლებლების ბოლო კურსის სტუდენტები.
კვირის დასაწყისში, კენიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Covax პლატფორმის მეშვეობით, ასტრაზენეკას ვაქცინის 1 მილიონზე მეტი დოზა მიიღო.
კენიაში დაფიქსირებულია ვირუსის 107,000 შემთხვევა და 1 870 გარდაცვალება.
ამ დროისთვის, Covax პლატფორმის მეშვეობით, ვაქცინის 11 მილიონი დოზა აფრიკის 11 ქვეყანაში განაწილდა. ეს ქვეყნებია: განა, კოტ-დ'ივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიგერია, ანგოლა, ლესოტო, გამბია, სამხრეთ სუდანი, რუანდა, უგანდა, კენია.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ Covax პლატფორმის მეშვეობით მოლდოვამ ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზები მიიღო, რითაც მოლდოვა პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც კოვაქსისგან ვაქცინის დოზები მიიღო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) Covax პროგრამა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ვაქცინების სამართლიანი განაწილება ყველა ქვეყანაში.
პლატფორმის მეშვეობით წლის ბოლომდე დაგეგმილია მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 2 მლრდ დოზის გავრცელება.