მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტებს შორის წარდგენილნი არიან რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და კლიმატის აქტივისტი გრეტა თუნბერგი.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ნომინირებულთა შორის არის ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის Covax პლატფორმა, რომელიც ქვეყნებს შორის ვაქცინის სამართლიანად განაწილებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია წარადგინა.
ფრანგული გამოცემა AFP-ს ცნობით, ციხანოუსკაიას გარდა, ნობელის პრემიაზე ასევე წარადგინეს ბელარუსის ოპოზიციის სხვა ქალი ლიდერებიც - მარია კოლესნიკოვა და ვერონიკა ცეპკალო.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ნორვეგიელმა დეპუტატმა ნობელის პრემიაზე ასევე წარადგინა სამოქალაო მოძრაობა "Black Lives Matter - შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია".
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ მსოფლიოს სახელმწიფოების პარლამენტისა და მთვრობის წევრებს, უნივერსიტეტის რექტორებსა და პროფესორებს, ასევე პრემიის ლაურეატებს, პრემიის კომიტეტის ყოფილ და მოქმედ წევრებს.
კანდიდატთა წარდგენა იანვრის ბოლოს სრულდება. მოგვიანებით, საორგანიზაციო კომიტეტი დაასახელებს ნომინირებულთა მოკლე სიას, ხოლო ლაურეატი დასახელდება ნოემბერში.
გასულ წელს, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაეროს სურსათის პროგრამას გადაეცა.