ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს გარდაბნის რაიონის გამგეობის სპეციალისტი აფთანდილ მეხტიევი.
გამოძიებით დადგენილია - მეხტიევი ერთ-ერთ მოქალაქეს შეუთანხმდა, რომ თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით დაეხმარებოდა მას გარდაბნის ერთ-ერთ ობიექტზე მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო სამშენებლო ნებართვის მოპოვებაში, ასევე დროულად მოუმზადებდა სხვა სახელმწიფო უწყებებიდან საჭირო დოკუმენტაციას, მოუგვარებდა სხვა პრობლემურ საკითხებს, რის სანაცვლოდაც მეხტიევმა ქრთამის სახით აიღო 4 000 აშშ დოლარი.
სამართალდამცველებმა მეხტიევი უშუალოდ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.