არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტი ირაკლი ფანგანი, რომელმაც აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, დააკავეს. ფანგანის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა "ალტერნატივამ" გაავრცელა.
ირაკლი ფანგანი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად დააკავეს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი სამოქალაქო აქივისტებმა გუშინ დააყარეს. დეპუტატი ჩავლეიშვილი არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" სიით მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ უზენაეს საბჭოს მანდატებზე უარი განაცხადა, ირაკლი ჩავლეიშვილმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და უზენაესი საბჭოს შემადგენლობას შეუერთდა.
ირაკლი ჩავლეიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში რესპუბლიკური პარტიიდან იყო წარმოდგენილი. უზენაეს საბჭოში შესვლის შემდეგ, მან დატოვა რესპუბლიკური პარტია.