მალაიზიელმა სამართალდამცავებმა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილები დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ ქართველები არიან. მალაიზიური მედიის ცნობით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან. ადგილობრივი კანონმდებლობით, დაკავებულებს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა ელოდებათ.
ერთ-ერთი მათგანი სამართალდამცავებმა აეროპორტში დააკავეს. მას ბარგის შემოწმებისას 5 კგ ნარკოტიკული ნივთიერება "მეტაფინი" აღმოუჩინეს. დაკავებულს ნარკოტიკი სურათის ჩარჩოებში ჰქონდა დამალული.
მეორე გოგონა, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების გასაღებაზე იყო პასუხისმგებელი, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში აიყვანეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს დაკავებულების ვინაობის დასადგენად.
მალაიზიაში ნარკოვაჭრობისათვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში სასიკვდილო განაჩენი 50-მდე ადამიანს გამოუტანეს.