თუ ვიღაცა პარლამენტში შესვლას იმით აპრავებს, რომ უკეთესი საარჩევნო სისტემა იქნება, ეს არის სრული აფერისტობა - ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია
"როცა ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტის ბოიკოტი, მოთხოვნები შეეხებოდა ხელახალ არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიპატიმრებს. საარჩევნო სისტემის ცვლილება მოთხოვნებში არ იყო და, ჩემი აზრით, არც უნდა ყოფილიყო. 2020 წლის არჩევნები ჩატარდა შეთანხმებული საარჩევნო სისტემით, 2024 და შემდეგო წლის არჩევნები ისედაც სრულად პროპორციული უნდა იყოს. თუ ვიღაცას კიდევ უნდა ცვილებები (ვთქვათ, ნულოვანი ბარიერი), პარლამენტში შესვლა-არშესვლა არაფერ შუაში არ არის. მოკლედ, თუ ვიღაცა პარლამენტში შესვლას იმით აპრავებს, რომ ამის შედეგი, მისი აზრით უკეთესი საარჩევნო სისტემა იქნება (მე სულ არ მგონია ნულოვანი ბარიერი კარგი), ეს არის სრული აფერისტობა. ესე იგი რაღაც სხვა მიზეზით შეიცვალა პოზიცია, მაგრამ ამის თქმა არ უნდა", - აღნიშნავს ნოდია.
გია ნოდია ამ კომენტარით პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილისა და "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებებს ეხმიანება, რომლებიც ამბობენ, რომ თუ "ქართული ოცნება" საარჩევნო სისტემის ცვლილებას დათანხმდება, პარლამენტში შევლენ.