მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის დაწყებას, დნესტრისპირეთიდან რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საკითხზე. ამის შესახებ სანდუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დნესტრისპირეთის რეგიონში რუსული ჯარების ოპერატიული ჯგუფია განლაგებული, რასთან დაკავშირებითაც მოლდოვასთან არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. მოლდოვას არასდროს გაუცია თანხმობა რეგიონში ამ ჯგუფის ყოფნაზე. სამხედრო კონტიგენტი უნდა გაიყვანონ, ისევე როგორც იარაღი და საბრძლო მასალები", - თქვა მაია სანდუმ.
მისივე თქმით, მოლდოვაში ასევე იმყოფება რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მეორე ჯგუფი - სამშვიდობო ძალები.
"სამშვიდობო ძალები მოლდოვაში იმყოფებიან 1992 წლის 21 ივლისის შეთანხმების შესაბამისად. ამჟამად შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საფრთხე არ არსებობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ, ეს სამშვიდობო ოპერაცია, ეუთოს მანდატის ქვეშ, სამოქალაქო საერთაშორისო მისიით ჩანაცვლდეს. ეს არ არის ახალი პოზიცია, ეს არის ოფიციალური პოზიცია. მოლდოვას ყოველთვის ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომელსაც წლების განმავლობაში არაერთხელ აჟღერებდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სანდუს თქმით, რუსეთი აღნიშნულ საკითხს განსხვავებულად უყურებს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს განსხვავებული აზრი აქვს. ამისთვის გავმართავთ დიალოგს, მოლაპარაკებებს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც არ გვსურს უცხოური ჯარები დარჩნენ ჩვენს ტერიტორიაზე", - დასძინა სანდუმ.
შეგახსენებთ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა. მოქმედ პრეზიდენტს იგორ დოდონს უფლებამოსილების ვადა 23 დეკემბერს ეწურება. სანდუს ინაუგურაცია 24 ან 25 დეკემბერს გაიმართება.