სააპელაციო სასამართლოში "ეროვნული ფორუმის" წევრის ზაზა ჩაკვეტაძის საჩივარი შევიდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული ფორუმის" პრესამსახურიდან აცნობეს.
ჩაკვეტაძე სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, მილერი ხარებავას გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელმაც წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც "ეროვნულ ფრუმში" აცხადებენ, ჩაკვეტაძე ასაბუთებს, რომ მის მიმართ მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს.
"არ არსებობს ჩემ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძვლები, მით უმეტეს, ყველაზე მკაცრი ზომის, პატიმრობის შეფარდება ყოვლად დაუსაბუთებელია, გაუმართლებელია და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენციის ნორმებს, რის გამოც ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას ვთხოვ, ჩემ მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენოთ აღკვეთის ღონისძიების სახე პირადი თავდებობა და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს დაეყრდნოთ საქმეში არსებულ, თავმდებ პირთა განცხადებებს", - ნათქვამია ჩაკვეტაძის საჩივარში.
ჩაკვეტაძეს თავდებად უდგებიან - საქართველოს საპატრიარქო, კახაბერ შარტავა, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი მელაშვილი და რევაზ შავიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე პოლიციამ 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობაზე მიმდინარე აქციის დროს დააკავა. 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მილერი ხარებავამ მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩაკვეტაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 353 მუხლის I ნაწილითაა აღძრული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და 2-იდან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.