სომხეთში ორი რუსი მესაზღვრე მოკლეს. მათი ცხედრები ერევანში აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში განმარტავენ, რომ მოკლული სამხედროების ცხედრები 23 ოქტომბერს აღმოაჩინეს. ერთი სამხედრო ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობისგანაა გარდაცვლილი, მეორე _ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან.
დადგენილია მოკლულთა ვინაობა. ესენი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, 1983 წელს დაბადებული არმენ ზახარიანი და 1971 წელს დაბადებული არტურ ენოკიანი. მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორი სამხედრო კონტრაქტორის მკვლელობა სომხეთში არსებულ გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე მოხდა. მათი ინფორმაციით, ცხედრები სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის ოთახში აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა 1995 წლიდან ქალაქ გიუმრის რაიონში იმყოფება.