ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა პარლამენტის - კაპანაძე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციის შეხვედრას ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან.
კაპანაძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მოსაზრება იყო, რომ ოპოზიციას გამოეყენებინა ინსტიტუტები ბოლომდე, თუმცა როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ოპოზიცია შეეცადა აეხსნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისათვის, რომ საქართველოში ინსტიტუტები არ მუშაობს და ყველა ინსტიტუტი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებს.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ იცვლის თავის სტრატეგიას და გააგრძელებს ბრძოლას ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, გარდა პარლამენტისა, რადგან როგორც კაპანაძემ განაცხადა ამ პარლამენტს არ აქვს ხალხის ლეგიტიმაცია და მასში შესვლით პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ მისცემენ.
"გუშინ ოპოზიციას ჰქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ რიკერთან, ეს კიდევ ერთი საშუალება იყო ჩვენთვის, რომ მისთვის აგვეხსნა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთო ოპოზიციურმა სპექტრმა და გვესაუბრა იმ მასშტაბურ დარღვევებზე, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ შევიდეთ პარლამენტში, გამომდინარე იქედან, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგები უბრალოდ არ ასახავს ხალხის ნებას.
რათქმაუნდა, მოსაზრება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს თქვენთვის ცნობილია, მათ ურჩევნიათ, რომ ინსტიტუტები იყოს გამოყენებული ბოლომდე და პარლამენტში გაგრძელდეს ბრძოლა, უბრალოდ ერთი რამ, რაც შევეცადეთ ჩვენ, რომ მისთვის აგვეხსნა, არის ის, რომ ინსტიტუტები ჩვენთან არ მუშაობს, არ მუშაობს არც სასამართლო, რომელიც პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის დაკვეთას, არ მუშაობს არც ცესკო, რომელმაც არცერთი საჩივარი არ განიხილა, არ მუშაობს არც საოლქო კომისიები, რომლებმაც ყველა გადათვლის მოთხოვნაზე, პრაქტიკულად უარი თქვეს, აქედან გამომდინარე, ის, რაც იდეალურ მდგომარეობაში სწორი იქნებოდა, ინსტიტუციების გამოყენება, ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ არარელევანტურია.
ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ იცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან, მაგრამ ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს იმ მძიმე რეალობიდან, რომელიც აქ შექმნა ივანივშილმა, როდესაც გააყალბა არჩევნები და შემდეგ მიისაკუთრა პრაქტიკულად ხელისუფლება.
ამიტომ, ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა პარლამენტის გამოყენებით, გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ჩვენი იქ შესვლით მას ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ", - განაცხადა კაპანაძემ.