ENG / RUS       12+

SMS-კონსტიტუცია, "გათიშული" ოპოზიცია

როდესაც 15 ოქტომბერს პარლამენტი ტელეკამერების თანხლებით ახალ კონსტიტუციას ამტკიცებდა, ზუსტად იმ დღეს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია ჩვენი კონსტიტუციის პროექტზე საბოლოო დასკვნებსა და რეკომენდაციებს განიხილავდა. საზოგადოება სახალისო სცენის მოწმე გახდა. იმის დასტურად, რომ ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებს მართლაც დადებითად აფასებს, და რომ თურმე კომისიის აზრით, "საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციებს," პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის მდივნის ტომას მარკერტის ციტატა საკუთარი მობილური ტელეფონიდან წაუკითხა აუდიტორიას. მანამდე კი მსგავსი შინაარსის SMS შეტყობინება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო და ჩვეულ სტილში სათანადოდაც გააფორმა.

ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფი საზოგადოებისათვის ალბათ საინტერესო იქნება გაიგოს თუ რა წერია სინამდვილეში ვენეციის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში. დასკვნის ბოლო 110-111 თავებში ვკითხულობთ "შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფენ რამდენიმე (?!) მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და საყურადღებო ნაბიჯს კარგი მიმართულებით, რასაც მიესალმება ვენეციის კომისია." იქვე საგანგებოდ ხაზგასმულია, რომ "მიუხედავად ყველაფრისა, კომისიას მიაჩნია, რომ სასურველი იქნებოდა პარლამენტის უფლებამოსილებათ შემდგომი გაძლიერება. ამ კუთხით კი, მთავრობის ფორმირებასთან, განსაკუთრებით კი მისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საბიუჯეტო საკითხებზე პარლამენტის უფლებამოსილებები უნდა გადაიხედოს." რით არის გამოწვეული ასეთი დრამატული სხვაობა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნასა და ხელისუფლებისათვის გამოგზავნილ SMS -ს შორის? ან ხელისუფლებამ განზრახ დაამახინჯა SMS -ს შინაარსი, ან ვენეციის კომისიამ, რომელსაც იმედი გადაეწურა მისი რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, უბრალოდ ხელი ჩაიქნია და არც მწვადი დაწვა და არც შამფური?! ხელისუფლებისთვის "მაგიური" SMS -ს რეალურ მნიშვნელობას ალბათ მომავალში გავიგებთ. თუნდაც თანამედროვე ელექტრონული კომუნიკაციების ეპოქაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც კონსტიტუციაა ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტის SMS-ების დონეზე დაყვანა ბევრ კითხვებს აჩენს.

ფართო საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, არ უცნობებიათ ის, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების მომენტისთვის, ვენეციის კომისიას საბოლოო დასკვნა გამოქვეყნებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა. არადა, ვენეციის კომისიამ და აშშ-ის ადმინისტრაციამაც დაჟინებით მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას დალოდებოდა საბოლოო კომისიის საბოლოო რეკომენადციებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე "ზედმიწევნით გაეთვალისწინებინა" ისინი. ვენეციის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში კი სხვათა შორის, აღნიშნულია, რომ "საქართველოს ხელისუფლების თხოვნით კომისია შემოიფარგლა მხოლოდ მისთვის მიწოდებული ტექსტის ექსპერტული ანალიზით."

სავარაუდოდ სწორედ ამისათვის ჩავიდა სასწრაფოდ ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს შტაბბინაში. სხვათა შორის, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში საგანგებოდ არის აღნიშნული ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრება, რომ კონსტიტუციის საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობა მინიმალური იყო. სხვათა შორის, ამას ადასტურებენ გამოკითხვებიც. ერთ-ერთის მონაცემებით, გამოკითხულთა მაქსიმუმ 2-3% თუ იცის კარგად რა ცვლილებებს მოუტანს მათ ახალი კონსტიტუცია.

ხელისუფალთა მტკიცების მიუხედავად, რომ "ვიღაცეების" რეკომენდაციები მათთვის სავალდებულო არ იყო და მათთვის დაცდას არ აპირებდნენ, ლოდინი მაინც მოუწიათ. მმართველ პარტიას სახის შენარჩუნებაში ტრადიციულად გიორგი თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატები" წამოეშველნენ, როდესაც კონსტიტუციური კანონპროექტის მესამე მოსმენით გადადება მოითხოვეს იმის მომიზეზებით, რომ საბოლოო დოკუმენტის შესწავლა ვერ მოასწრეს. თუმცა მესამე მოსმენით მიღებულმა ტექსტმა, რომლის საბოლოოდ რედაქტირებული ვარიანტი 15 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე არც კი დარიგებულა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება უკავშირდება საპრეზიდენტო კანდიდატისათვის დაწესებულ საარჩევნო ცენზს. პირველი და მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტებში პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო დაბადებით საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 15 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში.

დამტკიცებული საბოლოო ტექსტის თანახმად კი პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს 35 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 5 წელი მაინც უცხოვრია და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ბოლო 3 წელი ცხოვრობს საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხუთი წლის წინ ჩამოსულ, აქ მცხოვრებ და მოქალაქეობა მიღებულ ნებისმიერ პიროვნებას თავისუფლად შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში არის ცვლილებები, რომლებიც გარკვეული დაშვებებით შეიძლება დადებითად შეფასდეს, იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სუპერ-საპრეზიდენტო მმართველობიდან ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის უფრო დაბალანსებულ მოდელზე გადასვლა იყო. თუმცა არაერთმა ორაზროვანმა დებულებამ რეალურ ცხოვრებაში შეიძლება პოლიტიკური კოლიზიები გამოიწვიოს. მაგალითად, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება ეკავოს პარტიული თანამდებობა, თუმცა შეეძლება პარტიის წევრად დარჩეს.

ბუნებრივია, ყველას თვალწინ წარმოუდგება "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილით ან მის გარეშე. ან კიდევ, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება საკუთარი ინიციატივით დანიშნოს რეფერენდუმი, თუმცა შეუძლია ამის გაკეთება პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნის შემთხვევაში. თუ პრეზიდენტის პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, გაუჭირდება ამ "მოთხოვნის" გაჩალიჩება?! მართალია, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ან სესია, მაგრამ თუ მოწვევის აქტი არ გამოსცა, მოთხოვნის მიღებიდან 48 საათში პარლამენტი მაინც იკრიბება.

ახალი კონსტიტუციით, რომელიც 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, საკმაოდ მნიშვნელოვნად ძლიერდება პრემიერ-მინისტრი, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაშიც არის ხაზგასმული. ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი თითქმის დარწმუნებულია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დასარჩენად კეთდება. ასევე თვლის საერთაშორისო ანალიტიკოსთა ერთი ნაწილიც და ამის თაობაზე ეჭვები დასავლეთის პოლიტიკურ წრეებშიც აქვთ. სიუჟეტის "მთავარი გმირი" კი ორიგინალობს, მის სამომავლო გეგმებზე ადგილობრივ თუ საერთაშორისო აუდიტორიას თავსატეხს უჩენს. სააკაშვილი ამას აკეთებს დაახლოებით ისე, როგორც ვლადიმირ პუტინი აკეთებდა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ანუ, ბოლო მომენტამდე ინარჩუნებს ინტრიგას, რაც პოლიტ-ტექნოლოგიის კუთხით სავსებით მართებული ნაბიჯია და ყველა შემთხვევაში უკანდასახევად კარების ღიად დატოვებას და "სახის შენარჩუნებას" გულისხმობს.

შეურიგებელი ოპოზიციის და საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ინტერესებზე მორგებულ ახალ კონსტიტუციას ამ სახით ამოქმედება არ უწერია. ისინი იმედოვნებენ რომ უფრო ადრე თუ არა, 2013 წელს მაინც მოახერხებენ "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებას. თუმცა რამდენად საფუძვლიანია ეს იმედები?
ერთ-ერთმა ექსპერტმა დღევანდელი ოპოზიცია მოსწრებულად შეადარა დენის წყაროდან გათიშულ მოწყობილობას. ოპოზიციის მტკიცებით, და ამაში ძნელია შეედავო, მათთვის "დენის წყარო" ხალხია. საზოგადოების უმრავლესობის სრული და შეიძლება ითქვას დანაშაულებრივი პასიურობა ქვეყნის მთავარი კანონის - კონსტიტუციის რეფორმასთან მიმართებაში იმითაც იყო გამოწვეული, რომ ოპოზიციამ არ ჩათვალა რატომღაც საჭიროდ ხალხის მობილიზება ამ თემის ირგვლივ. არადა, ბედის ირონიით, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ წამოიწყო. ოპოზიციამ კი თავის უმოქმედობით ან არაკვალიფიცური მოქმედებით ნებით თუ უნებლიეთ "ნაციონალურ მოძრაობას" შესანიშნავი "კოზირი" ჩაუდო ხელში. ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი უფრო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე იყო ორიენტირებული. თუმცა ხელისუფლებამ ოპოზიციას 130,000 ხელმოწერით გამაგრებული პეტიცია რომ იტყვიან თავზე გადაახია. ეს ნაბიჯი არც იყო გასაკვირი. შედარებით სუფთად მოგებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" უნაგირზე კიდევ უფრო მყარად ზის და მეტი საქმე არა აქვს რომ ოპოზიციის პირობებზე შეცვალოს საარჩევნო გარემო. მომავალი არჩევნებისათვის საარჩევნო გარემო რა თქმა უნდა შეიცვლება. ამას აშშ და ევროკავშირი უჭერენ მხარს. თუმცა არც მათ ინტერესებშია, რომ არჩევნებმა ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ძალები მოიყვანონ რომელთა ორიენტირები დასავლეთისკენ არ მიდის. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ნაციონალური მოძრაობით და სააკაშვილით ხელისუფლებაში, ფაქტიურად დასავლეთის ერთ-ერთი ბოლო საყრდენია.

ეს ფატორი კი ყოველთვის იქონიებს გავლენას არჩევნებზე ვიდრე ქვეყანაში რეალური, პროდასავლური და ხალხის მაღალი ნდობის მქონე ალტერნატიული პოლიტიკური ძალა არ გაჩნდება.

ქართული მედია გადაჭრელებულია ექსპერტთა შეფასებებით, რომელთა ლეიტმოტივი ის არის, რომ ხელისუფლების სწრაფად შეცვლის არანაირი შანსი ამ ეტაპზე ოპოზიციას არა აქვს. უნდა ითქვას რომ ეს შეფასებები სიმართლესთან ახლოა. დიახ, ქარიზმული ლიდერით, საერთაშორისო მხარდაჭერის დონით, პოლიტიკური და პიარ ტექნოლოგიების ცოდნით, ზოგადი კომპეტენციით, მობილურობით, კრეატიულობით, ორგანიზაციული, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსებით, ასევე მედია საშუალებებზე კონტროლით "ნაციონალურ მოძრაობას" უდავო უპირატესობა აქვს. უფრო მეტიც, სანდო წყაროების ცნობით ოპოზიციისაგან განსხვავებით ხელისუფლებას მუდმივად უჭირავს ხელი საზოგადოების განწყობის პულსზე და დახურულ კვლევებს ლამის ყოველდღიურად ატარებს. ხშირად ამისათვის სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული კომპანიების დაქირავება. "ნაცმოძრაობის" კოორდინატორები კორპუსებში, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში "ისახელეს" თავი, უკვე საკმაოდ გაიწაფნენ მოსახლეობის აზრის გამოკითხვასა და ინფორმაციის შეგროვებაში. ასე რომ, საზოგადოებრივი აზრის ამსახველი "ნედლი მასალა" მმართველ პარტიას რეგულარულად შესდის და ტაქტიკის კორექციის საშუალებას აძლევს.

მას შემდეგ, რაც ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მოძრაობებმა ("ქართული პარტია," "ეროვნული ფორუმი," "დემოკრატიული მოძრაობა" და "საერთო სახალხო კრება) არაორაზროვნად განაცხადეს, რომ არ გამორიცხავენ ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას, ხოლო მეწარმეების მიმართ რეპრესიებმა უკმაყოფილების ზრდის საშიშროება გააჩინა, ხელისუფლებამ მაშინვე პრევენციული ზომები მიიღო.

მომენტალურად გამოქვეყნდა და სათანადოდ "გაპიარდა" გავლენიანი ამერიკული კომპანია "Gრეენბერგ Qუინლან ღოსნერ "ს გამოკითხვა, რომლის თანახმადაც სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობას მხარს უჭერს, 67 %, რომ 83 % აზრით სააკაშვილის დროს დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 58 % აზრით კი ქვეყანა სწორი გზით ვითარდება ხოლო გიგი უგულავას დასაქმების პოლიტიკას ეთანხმება 75 %. მიზანმიმართული რევერანსები გაკეთდა ე.წ. "კონსტრუქციული ოპოზიციის" ლიდერებისკენ. ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ლიდერებად გიორგი თარგამაძე 47 %, ირაკლი ალასანია 40 % დასახელდნენ, რომლებსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან სხვები.

გამოკითხვის, ანუ ხელისუფლების გზავნილი ასე შეიძლება გადაითარგმნოს, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ხალხის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობენ. შესაბამისად, რევოლუციას ან თუნდაც ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლას არანაირი მორალური, ლეგიტიმური და სოციალური საფუძვლები არ გააჩნია და მარცხისთვის არის განწირული, რადგანაც ხელისუფლებას ეძლევა ძალის გამოყენების ლეგიტიმური და მორალური უფლებაც.

შეურიგებელი ოპოზიციის დისკრედიტაციის გარდა, გამოკითხვა ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ ქართული საზოგადოება "მომწიფდა" და რადიკალურ იდეებსა და ლიდერებს აღარ იღებს.

აღნიშნული გამოკითხვის შედეგების ნამდვილობა რომ საეჭვოა, ჩანს თუნდაც აპრილში აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) თბილისის ოფისის ჩატარებული გამოკითხვით, სადაც რესპონდენტთა 59% უპირველეს პრობლემად უმუშევრობას ასახელებდა; 76% თვლიდა რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასაქმების კუთხით მდგომარეობა ან გაუარესდა ან უცვლელი დარჩა, ხოლო 70% თავს უმუშევრად მიიჩნევდა.

"Gრეენბერგ Qუინლან ღოსნერ "ს გამოკითხვა სექტემბერში ჩატარდა და ყველამ იცის რომ წინა ოთხ თვეში საქართველოში დასაქმების კუთხით რაიმე სერიოზული გარღვევა არ მომხდარა. როგორი იყო ოპოზიციური პარტიების პასუხი?! იმის მაგივრად რომ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით გაებათილებინათ "გამოკითხვის" შედეგები, ისინი სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" ტრადიციული ლანძღვით შემოიფარგლნენ, რაც საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებას უკვე საკმაოდ მობეზრდა, რადგანაც თავადაც კარგად უწყიან ამ ყოველივეს.

იმისათვის, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებაზე რეალური უპირატესობა მოიპოვოს და გავლენის სფეროები შეუკვეცოს, მან ბრძოლა სრულიად სხვა სიბრტყეში უნდა გადაიტანოს და მორალური უპირატესობის მოპოვებით დაიწყოს. თუმცა ამაზე დაწვრილებით მომავალ პუბლიკაციაში.


"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე

ავტორი: . .