უკრაინული ტელეკომპანია საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული პოლიცია არაკორუმპირებული მმართველობის სიმბოლოა.
როგორც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ ტელეარხ "ინტერს" განუცხადა, საქართველოში პოლიციის ნდობა 82 პროცენტია, რითაც მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებს შეუძლიათ დაიკვეხნონ.
"მთავარი პრინციპი ისაა, რომ პოლიცია არის არა ძალისმიერი სტრუქტურა, არამედ სერვისი რომელიც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს. პოლიციის ნდობა 82 პროცენტია, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რითაც მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებს შეუძლიათ დაიკვეხნონ. საქართველოში პოლიციის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია. რეფორმა ისეთი რამაა, რომ არასოდეს მთავრდება. ჩვენთან პირველი დღიდანვე დაიწყო და ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ეს პროცესი ერთი დღითაც რომ შეჩერდეს ყველაფერი უკან წავა", - აღნიშნავს მერაბიშვილი უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას.
"ინტერის" ჟურნალისტმა საქართველოს პოლიციას სიუჟეტი მიუძღვნა. მისი შეფასებით, საქართველოს პოლიცია ეროვნულ ბრენდად გადაიქცა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ახალი არაკორუმპირებული მმართველობის სიმბოლო გახდა.
"მილიციის პოლიციად გადაქცევის შემდეგ კი, სიტყვა კორუფცია არქაული ხდება. ჟურნალისტი მოწონებას გამოთქვამს, პოლიციელების უნიფორმებსა და გამჭვირვალე შენობებზე. საქართველოში, ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, კორუფცია თითქმის აღარ არსებობს" - განმარტავს უკრაინელი ჟურნალისტი.