2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა თანაბარია, თუმცა ეს ჯერჯერობით გამონაკლისია. 1901 წლიდან ნობელის პრემია სხვადასხვა ორგანიზაციის გარდა, სულ 932-მა ადამიანმა მიიღო. მათ შორის, ქალი ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. მაგალითად: ნობელის პრემიის ქალი ლაურეატები ფიზიკის დარგში ლაურეატების რაოდენობის მხოლოდ ერთნახევარი პროცენტია.
ყველაზე პირველი
პირველი ქალი, რომელსაც 1903 წელს ნობელის პრემია მიენიჭა (და ერთადერთი, რომელმაც პრემია ორჯერ მიიღო - ფიზიკისა და ქიმიის დარგში) იყო მარია სკლოდოვსკა-კიური.
მარია სკლადოვსკა-კიური პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაიბადა და გაიზარდა, ბრწყინვალედ დაამთავრა გიმნაზია, მაგრამ მაშინ ქალებს ვარშავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტებზე არ იღებდნენ, ამიტომ მარია პარიზში გაემგზავრა.
ის სწავლობდა სორბონაში. ცხოვრობდა დიდ სიღარიბეში. ქმართან, ფიზიკოს პიერ კიურისთან ერთად იკვლევდა რადიოაქტივობას. სწორედ ამისთვის მიიღო პირველი ნობელის პრემია.
მეორე პრემია მარია კიურის 1911 წელს ქიმიური ელემენტების - რადიუმისა და პოლონიუმის აღმოჩენისთვის გადაეცა. მარიამ ბოლო ელემენტს თავისი სამშობლოს პოლონეთის სახელი უწოდა. დედის კვლევები და ოჯახის სამეცნიერო ტრადიციები გააგრძელა მისმა ქალიშვილმა ირენ ჟოლიო-კიურიმ. მან 1935 წელს ნობელის პრემია ქმართან ერთად მიიღო ახალი რადიოაქტიური ელემენტების სინთეზისთვის.
პირველი პრემია ლიტერატურაში
შვედმა მწერალმა სელმა ლაგერლოფმა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1909 წელს დაიმსახურა. ის ბავშვობაში პარალიზებული და საწოლს მიჯაჭვული იყო. მოგვიანებით გოგონათა სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
მისი ყველაზე ცნობილი წიგნი "ნილს ჰოლგერსონის საოცარი მოგზაურობა გარეულ ბატებთან ერთად შვედეთში" დაწერილი იყო, როგორც თავისებური ქრესტომათია ბავშვებისთვის, რომელიც მათ მოუთხრობდა შვედეთის ისტორიას, გეოგრაფიას, ჩვეულებებს.
ბიჭი, რომელიც გარეულ ბატებთან ერთად მოგზაურობდა, მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა.
პირველი პრემია მშვიდობის დარგში
მშვიდობის დარგში პრემიის პირველი ლაურეატი ქალი 1905 წელს გახდა ბერტა ფონ ზუტნერი. გრაფინია კინსკი, ავსტრიელი მწერალი, ჟურნალისტი, პაციფისტური მოძრაობის წევრი. დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ გაღარიბდა. ის გუვერნანტი გახდა, ცოლად გაყვა ბარონ ფონ ზუტნერს, რომელიც მასზე შვიდი წლით იყო უმცროსი.
ბარონის მშობლები მათი ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ და ვაჟს მემკვიდრეობა ჩამოართვეს. ოჯახი საქართველოში ჩამოვიდა, სადაც ზუგდიდში დადიანების მამულში რვა წელი ცხოვრობდა. სწორედ აქ დაიწყო ბერტამ წერა.
შემდეგ ის ევროპაში დაბრუნდა, სადაც აქტიური პაციფისტური მოღვაწეობა დაიწყო, მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებში, ხვდებოდა პრემიერ მინისტრებსა და პრეზიდენტებს, დააფუძნა ჟურნალი "ძირს იარაღი!".
ახალგაზრდობაში ბერტა ფონ ზუტნერი მცირე ხნით მუშაობდა ალფრედ ნობელთან მდივნად, მას
შემდეგ ისინი ერთმანეთს წერილებს წერდნენ. სწორედ ბერტა ფონ ზუტნერმა დაარწმუნა ალფრედ ნობელი, დაეწესებინა პრემია მშვიდობის დარგში და მისი პირველი მფლობელი გახდა.
ყველაზე ცნობილი
ყველაზე ცნობილი ქალი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა - დედა ტერეზაა. მას ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1979 წელს მიენიჭა.
დედა ტერეზა მაკედონიაში, ალბანელების ოჯახში დაიბადა. 18 წლის ასაკში მონაზონთა ორდენში ჩაირიცხა. 1931 წელს გახდა კათოლიკე მონაზონი. ინდოეთში დაარსა ღარიბთა სკოლა - მოგვიანებით რელიგიური საზოგადოება, რომელიც გაჭირვებულებსა და დავრდომილებს ეხმარება. ამ საზოგადოებამ გახსნა 700 საავადმყოფო, თავშესაფრები და მოწყალების სახლები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
დედა ტერეზა რომის პაპმა იოანემ ნეტარად, პაპმა ფრანცისკემ კი წმინდანად შერაცხა.
ყველაზე ახალგაზრდა
პაკისტანელი მალალა იუსუფზაი მხოლოდ 17 წლის იყო, როდესაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ის ქალებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას მოითხოვდა. ორი წლით ადრე მალალას
თალიბები დაესხნენ თავს. მას სკოლის ავტობუსში ესროლეს, თუმცა მალილა გადარჩა.
ნობელიის პრემიამდე მალალად მიიღო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია და სახაროვის პრემია.
ყველაზე დაუფასებელი
ეს არც თუ ისე სასიამოვნო "ტიტული" ფრანსუაზა ბარე-სინუსიმ მიიღო, რომელიც 2008 წელს
ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. დაუფასებელი არა თავის სამეცნიერო სფეროში, არამედ საზოგადოების მიერ, რადგან თითქმის არავინ იცის მის შესახებ.
თუმცა ფრანგმა ვირუსოლოგმა ფრანსუაზა ბარე-სინუსიმ, რომელიც ლაბორატორიულ და კლინიკურ კვლევებს ატარებდა, ორ სხვა მეცნიერთან ერთად იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინა, რომელიც შიდსს იწვევს. სწორედ მათი წყალობით შესაძლებელი გახდა შიდსის ეფექტური პრევენციის სტრატეგიის შემუშავება.