ცნობილ რუს კრიმინალურ ავტორიტეტს ასლან უსოიანს ზედმეტსახელად "დედ ჰასანს", რომელზეც რამდენიმე ხნის წინ თავდასხმა განხორციელდა მაღალ ეშელონებში აქვს კავშირები და იგი იხდის საფასურს მილიციასა და პროკურატურაში არსებული "კრიშის" გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "ნოვაია გაზეტა" ავრცელებს. მეტიც, გაზეთი ასევე ამტკიცებს, რომ კრიმინალური ავტორიტეტი, გოსდუმის დეპუტატებთან და ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებთან ერთად ბიზნეს-პროექტებსაც ახორციელებს.
"ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, დედ ჰასანი რეგულარულად უხდის ფულად ჯილდოებს მილიციის რამდენიმე მოქმედ თანამშრომელს და პროკურორებს, რომლებიც თავის მხრივ, მისი კრიმინალური საქმიანობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. შს სამინისტროში არსებული წყარო აცხადებს, რომ ძალოვანმა უწყებამ კარგად იცის, თუ კონკრეტულად ვის უხდის კრიმინალი ხელფასს და ერთ ერთი ასეთი ადამიანი, მცირე ხნის წინ შს სამინისტროს მაღალ თანამდებობაზეც დაინიშნა.
მეორე წყარომ კი გაზეთს აცნობა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდების მეშვეობით მილიციის თანამშრომლები პრესტიჟულ თანამდებობებს ყიდულობენ. მისივე თქმით დედ ჰასანის, სოლნცევსკის, ქართულ და უზბეკურ კრიმინალურ დაჯგუფებებთან მჭიდრო კავშირი რუსეთის დუმის დეპუტატებსაც აქვთ.
"ნოვაია გაზეტას" ანონიმური წყარო რუსეთის შს სამინისტროში აცხადებს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის ან კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება სამართალდამცავი ორგანოებისათვის ხელსაყრელია, იმიტომ, რომ ნებისმიერი კანონიერი ქურდი გათავისუფლებაში 10 ათას აშშ დოლარზე ნაკლებს არ იხდის. ხოლო უსოიანის ან მისი მტრის ტარიელ ონიანის დონის ქურდის გათავისუფლებაში ორგანოები 50 ათას აშშ დოლარზე ნაკლებს არ იღებენ.
შს სამინისტროს თანამშრომლის თქმით, უსოიანთან უთანხმოება არავის უნდა, ბევრი სამსახური მის ფირმებშიც კი გადადის სამუშაოდ.
მასალის გამოყენების პირობები