24 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსუა ფილიპშამპანთან. იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ინფრომაციით, სატელეფონო საუბრისას, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კანადას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით.
"მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის სიღრმე და მასშტაბი დაგამოხატეს მზადყოფნა, განაგრძონ აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და პარტნიორული კავშირების გაძლიერების მიმართულებით.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კანადელ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუარესებული უსაფრთხოებისა დამძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით გადადგმული დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯების შესახებ. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი რთული ვითარება და შეთანხმდნენ მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.