მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ იქნება ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ არა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყნის რესურსული მდგომარეობა, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა და მოგეხსენებათ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ექვს თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა. მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება თეორიულად იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვა, ეს ვერ იქნება სისტემური შეზღუდვები ჩვენი ცხოვრების ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება ან თუნდაც პოლიტიკური და საარჩევნო პროცესი“, – განაცხადა გახარიამ.