მთავარი პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღის განმავლობაში იყო წყალში. ამის შესახებ პროკურორმა დღეს, 3 სექტემბერს ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.
აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას - ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს", - აცხადებენ პროკურატურაში.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.
11 აგვისტოს პროკურატურამ 5 პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა. შეგახსენებთ, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.