ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა ყალბი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დამზადებაში დახმარებისთვის, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ადვოკატი მურთაზ კლდიაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის აგვისტოში მოქალაქე უსუფ მამედოვმა განიზრახა მოეპოვებინა ყალბი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა თავისი ნათესავის, მსჯავრდებულ ვალატ კულიევის ფსიქიკური ავადმყოფობის შესახებ, რაც შემდგომში გახდებოდა კულიევის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველი.
ამ მიზნის განხორციელებაში უსუფ მამედოვს ადვოკატი მურთაზ კლდიაშვილი დაეხმარა, რომელმაც დააკავშირა ექსპერტ-ფსიქიატრს და ვალატ კულიევისათვის ფსიქიკური ავადმყოფობის დამადასტურებელი ექსპერტიზის ყალბი დასკვნის სანაცვლოდ შესთავაზა 50 000 ლარი, საიდანაც თანხის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო მურთაზ კლდიაშვილს.
2009 წლის სექტემბრის თვეში უსუფ მამედოვმა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ექსპერტს ეტაპობრივად გადაუხადა 30 000 ლარი, საიდანაც შეთანხმებისამებრ, 20 000 ლარი ექსპერტმა მურთაზ კლდიაშვილს გადასცა. ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე დაინიშნა და ჩატარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა ვალატ კულიევის ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად. სანაცვლოდ მამედოვმა ექსპერტს გადასცა 10 000 ლარი, დარჩენილი 10.000-ის გადაცემას კი დაჰპირდა სასურველი საექსპერტო დასკვნის მიღების შემდგომ.
2010 წლის 29 სექტემბერს, უსუფ მამედოვმა ექსპერტს გადასცა 10 000 ლარი, საიდანაც ადვოკატმა მურთაზ კლდიაშვილმა მიიღო 8 200 ლარი.
უსუფ მამედოვი და მურთაზ კლდიაშვილი დაკავებული არიან კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის II ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.