იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საბჭოს შემადგენლობას ტოვებს. ამის შესახებ ანა დოლიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მე დღეს გავაგზავნი განცხადებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მან თვითონ ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. მე დღეს შევუდგები მთელი ჩემი რესურსით, მოძრაობა ხალხისთვის შენებას, რათა გავაგრძელო ის მისია და ბრძოლა, რომელშიც სამწუხაროდ ამ შენობაში მე დავრჩი მარტო და რომელთა მიმართებაშიც მე ვიპოვი მთავარ თანამოაზრეს. ეს მთავარი თანამოაზრე იქნება ქართველი ხალხი",- განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის პოლიტიკური აქტივობის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობასთან შეუთავსებლობაზე კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან ჯერ სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დააფუძნა, მოგვიანებით კი ალეკო ელისაშვილსა და ლევან კობერიძესთან ერთად, ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.
არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მოუწოდებდნენ ანა დოლიძეს, რომ დაეტოვებინა საბჭოს შემადგენლობა.
ნაზი ჯანეზაშვილის მოწოდებას ანა დოლიძე კრიტიკით გამოეპასუხა და განაცხადა, რომ ჯანეზაშვილი სათავეში უდგას მიქაუტაძის, გვრიტიშვილის, მეთოფიშვილის კლანის მიერ მის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიას.
ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის იმედს გამოთქვამდა, რომ ანა დოლიძე თავად მიიღებდა დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას.