რესპოდენტის შესახებ
რევაზ გეთიაშვილი - CENN-ის ტყის პროგრამის დირექტორი
რევაზ გეთიაშვილი - CENN-ის ტყის პროგრამის დირექტორი
საქართველოს პარლამენტმა "ტყის კოდექსის" კანონპროექტი დამტკიცა. ტყის ახალი კოდექსი სატყეო სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 6-წლიანი სამუშაო პროცესის შედეგად მომზადდა ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის და გერმანიის მთავრობის დახმარებით. რას ითვალისწინებს კოდექსი და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ დეტალებზე CENN-ის ტყის პროგრამის დირექტორი რეზო გეთიაშვილი საუბრობს
"ტყის კოდექსით", რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, რისი რეგულირება მოხდება, რაც აქამდე შესაბამისი კანონებით არ იყო განსაზღვრული? და რა მნიშვნელობის დოკუმენტია ის?
ტყე ქვეყნის ბუნებრივი რესურსია და მისი მდგრადი და სწორი მართვა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის განვითარებასთან. ტყის მართვა და შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სოფლის განვითარებისთვის. სოფელმა, რომ კეთილდღეობა და ცხოვრების ხარისხი მიიღოს და მიაღწიოს, ყველა ქვეყანაში და ბუნებრივია, საქართველოშიც, საჭიროა, ტყეების სწორი გამოყენება. კოდექსი სწორედ ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ცვლილება შემოაქვს. ერთ-ერთი გაბედული ცვლილება დაკავშირებულია, ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან და ასე შემდეგ.
კოდექსით შემოდის ტყეების მართვა მათი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში, ტყეს აქვს ძალიან დიდი საკონსერვაციო ღირებულება ბიომრავალფეროვნების კუთხით და ამას გაფრთხილება სჭირდება, რადგან ეს მხოლოდ ქვეყნის საკუთრება არ არის. ის არის მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი.
ხშირ შემთხვევაში ტყეებს აქვთ ძალიან დიდი სოციალური და ეკონომიკური ფუნქცია და სოფლის მოსახლეობა, მათ შორის, არამერქნული რესურსებით და ეკოტურიზმის კუთხით ამ ტყეებს იყენებს.
ტყეები ასევე პირდაპირ მიბმულია ტურიზმის განვითარებასთან. საერთაშორისო მოგზაურებს ალბათ ბევრი რამით ვერ გავაკვირვებთ, თუმცა საქართველოს საკმაოდ ღირებული კულტურული მემკვიდრეობა აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი რაც გაქვს ეს ტყეებია. ეს არის პირველადი ტყეები, რაც ევროპაში თითქმის არ გვხვდება. ასევე მნიშვნელოვანია ტყეების ეკოლოგიური ფუნქცია, რათა წყალი დაარეგულიროს და ნიადაგები დაიცვას.
კოდექსს შემოაქვს ტყეების კატეგორიზაცია. ყველა ტყეს თავისი კატეგორია ექნება მინიჭებული და ისე მოხდება მისი მართვა. იქნება ყველა მიმართულება, ეკონომიკური თუ სამეურნეო, ენერგეტიკული, დაცული და ტურისტული.
"ტყის კოდექსით" იზღუდება თუ არა სოციალური ჭრები?
სოციალური ჭრები თანდათან აღარ მოხდება. 2024 წელს სოციალური ჭრები უკვე აღარ გვექნება. სოციალური ჭრები ჩვენი ტყეებისთვის არის კატასტროფა, რომელმაც ჩვენი ეკოსისტემა შეიწირა, იმიტომ რომ წელიწადში მილიონობით კუბ/მ ხე იჭრებოდა.
ტყის გამოყენება ხდებოდა ეკონომიკური დანიშნულებითაც, ეს მიმართულება როგორ რეგულირდება?
ტყეებიც ასე იყო აღქმული, რომ ტყე არის მერქნული რესურსი და ტყეებისგან უნდა ვაწარმოოთ ფიცარი. ეს უნდა დავივიწყოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ისეთი ტყეები, სადაც შესაძლებელია, მერქნული მეურნეობის აღება, მაგრამ საკმაოდ ცოტა.
რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით, ევროპელი ექსპერტები დაიქირავა და პირდაპირ ითქვა, რომ დღეს საქარველოს მერქნული ინდუსტრიისთვის არ აქვს შესაბამისი რესურსი და ტყეებს ამისი პოტენციალი არ აქვთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყეები არ ქმნიან ეკონომიკას. უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირის სტანდარტით, სოფლის განვითარება შეუძლებელია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გარეშე. დღეს უკვე თვითონ ტერმინი სოფლის მეურნეობა განიმარტა ახალი კლასიფიკატორით და არსებულს დაემატა ტყეები და ასევე თევზჭერა. ეს ყველაფერი არის სოფლის მეურნეობა. ტყეში არის დიდი რესურსი იმისათვის, რომ მოსახლეობამ მიიღოს შემოსავალი, თუმცა მხარდაჭერა ამ მხრივაც საჭიროა. მთელი ის პროგრამები, რომელიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზეა აგებული გარკვეულწილად უნდა გაფართოვდეს და გადაეწყოს ტყეებზეც. მოსახლეობას კანონი არ აძლევდა უფლებას, რომ ტყეში დაეკრიფა სხვადასხვა პროდუქტი, ხილი, კენკრა, ჩაის თუ სხვა.
დაცულ ტერიტორიებზე რაც მარშრუტები გვაქვს, ამაზე მეტი მარშრუტია ტყეებში. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გააკეთა ტურისტული მარშრუტების მარკირება. 400 მარშრუტი იყო შესწავლილი და აღმოჩნდა, რომ დაახლოებთ 70%-ი სწორედ ტყეებშია. ამასაც მართვა სჭირდება. ასევე ერთ დროს ბევრი ისეთი კურორტი იყო, რომელიც ტყეებში მდებარეობდა და დღეს მიტოვებულია.
ტყეებში დიდი რესურია, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები, ის რაც გაკეთდა დაცულ ტერიტორიებზე. თუმცა იქ ის გაკეთდა უცხოელი პარტნიორების დახმარებით და ძალიან დიდი თანხაც დაიხარჯა, საუბარია 200 მლნ ევროზე მეტ თანხაზე. ტყეების შემთხვევაში უფრო მეტი შესაძლებლობებია, მათ შორის თანხების მოზიდვის მიმართულებით. დაცული ტერიტორიების ფუნქციაა, რომ გარემო იყოს დაცული და კონსერვირებული.
თქვენ ტყის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილეთ ყურადღება, მაგრამ საქართველოში არის იმის გამოცდილება, რომ დაუდევრობამ გამოიწვია ტყის ხანძრები, რამაც დააზარალა ეკოსისტემა.
რატომ ჩნდება ხანძარი? იმიტომ, რომ ტყეში არ არის შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა. იქ თუ იქნება შესაბამისი ადგილები ყველაფერი მოწესრიგდება.
ანუ, საპიკნინე ადგილების მოწყობა ტყის მმართველს დაევალდებულება?
დიახ და ამ კუთხით, სახელმწიფომ გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას და სხვადასხვა მოთამაშეები უნდა შემოიყვანოს. მათ შორის, კერძო სექტორიც, მუნიციპალიტეტებიც.
საუბრობენ იმაზე, რომ "ტყის კოდექსის" მიღება არის სექტორის რეფორმის დასაწყისი. რას ითვალისწინებს ეს რეფორმა და კიდევ რა არის გასაკეთებელი?
ტყე უნდა დავინახოთ ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტურისტული, სოციალური ერთიანობით. ამ კუთხით, ტყე მიბმული უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ენერგეტიკულ და გარემოს დაცვით პოლიტიკაზე. როცა ტყეზე ვსაუბრობთ უნდა ვისაუბროთ მის განახლებაზეც, შეშის ალტერნატივების განვითარებაზე, ტურისტული პროექტების განვითარებაზე. კოდექსს ეს ხედვა აქვს, რომ ტყე დაარეგულიროს ასევე კოდექსს ბევრი ისეთი საკითხი შემოაქვს, რაც მისი მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის, როგორ მივიღოთ შემოსავლები ჭრის გარეშე, როგორ მივიღოთ შემოსავლები ტურიზმში და სხვა. სწორედ ეს არის მულტიფუნქციური მართვა. კოდექსს ჭრის კუთხითაც შემოაქვს გარკვეული რეგულაციები. ტყეში ჭრისთვის ყველა აღარ უნდა შევიდეს. სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა შეიქმნას გარკვეული მეურნეობები. მოსახლეობამ სწორედ მათგან უნდა მიიღოს საკუთარი სოციალური წილი.
დღეს ტყის მკვდარი ბიომასა ღირს 7 ლარი, ხოლო თვითონ ხე, რომელსაც უზამრამაზრი ეკონომიკური ფასი აქვს, მაგალითად ასწლოვანი წიფელი, მისი მერქნული ღირებულება 6 ლარია. ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე. ტყეებს ეკონომიკურ ღირებულებას არ ვანიჭებდით. ტყიდან სახელმწიფო შემოსავალს არ იღებდა.
დღეს ტყეებიდან მოდის დიდი საფრთხეები. ტყეებიდან მოდის ეს ბუნებრივი კატაკლიზმები, ტყეებიდან მოდის საფრთხე, რომ მოსახლეობა, შესაძლოა, დარჩეს სატყეო რესურსის გარეშე, ტყეებიდან მოდის ის საფრთხე, რომ მიუხედავად იმისა, რომ წყლით მდიდარი ქვეყანა ვართ, წყლის რესუსის დეფიციტის წინაშეც დავდეთ.
ახლა მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ რეგლამენტზე, რითაც მოხდება ტურისტულ რეკრეაციული ტყეების იდენტიფიცირება, მართვა და მონიტორინგი. ივარაუდება, რომ ისინი შესაძლოა გადავიდნენ კერძო მფლობელობაში. ტყეებში ჩვენ ინვესტორი მოსაჭრელად კი არ შემოვიყვანოთ, არამედ ეს მოხდეს ტურისტული ფუნქციით.
ამ ფონზე ძალიან ბევრი კანონქვემდებარე აქტია შესანარჩუნებელი.
ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური გახდა ის, რომ მართმადიდებლურ ეკლესიას (ყოველი ეკლესიის ირგვლივ) 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლება მიეცა. რატომ გახდა აუცილებელი ამ ინსტიტუციისთვის ტყის მართვის გადაცემა? რატომ გადაწყდა, რომ სახელმწიფოზე მის მოვლა პატრონობას ეკლესია განახორციელებს? რა მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნდა ამ ინსტიტუტს ამ მიმართულებით?
ეს იყო საკმაოდ გაბედული ნაბიჯი. 2013 წელს, როდესაც მომზადდა ეროვნული სატყეო კონცეფცია, მან ქვეყანას დაუსახა, რომ მომხდარიყო ტყეების მართვის დივერსიფიცირება. ანუ, არ არს აუცილებელი, რომ ტყე ერთმა სააგენტომ მართოს. ძალიან რთულიცაა, რომ ერთმა უწყებამ მართოს 3 მლნ ჰა. ტერიტორია. საწყისშივე ითქვა, რომ პროცესები უნდა წარმართულიყო საკმაოდ ფრთხილად. ანუ, ასე მარტივად, რომ გამოვაცხადოთ რომ გვექნება მუნიციპალური ტყეები და ქვეყნის მასშტაბით ავიღოთ და ტყეები მუნიციპალიტეტებს მივცეთ მივიღებთ კატასტროფულ ვითარებას. ანალოგიურად იქნება ეკლესიასთანაც. უბრალოდ ეკლესია, კერძო სექტორი, თემი თანდათან უნდა შემოვიდეს მართვაში, მაგრამ ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ეს ხვალვე მოხდება. ამის უკან დგას დიდი პასუხისმგებლობები, რომელიც მართვის ორგანომ მომავალში უნდა შეასრულოს, რაც ადვილი არ არის.
თუ ტყეში არის ეკლესია მონასტერი, მაშინ იქ ტყესაც აქვს თავისი ფუნქცია, დანიშნულება და შინაარსი. ეს შინაარსიც მიბმულია ეკლესია-მონასტერზე. კატეგორიულად არ უნდა იყოს ისე, რომ ტყე ადამიანებისთვის ჩაიკეტოს. შეიძლება არ იყოს სამანქანო გზა. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ დანიშნულების ადგილამდე აუცილებლად მანქანით უნდა ავიდეთ და ტყეებში კვადროციკლებით ვირბინოთ. ვიღაცას შეიძლება ჩავუკეტოთ სამანქანო გზა. ტყეში კვადროციკლებით სიარულიც შეიძლება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კარგად ორგანიზებულ მარშრუტებზე და არა იქ სადაც მოგვინდება.
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ის, რომ ადამიანებს ტყეში შესვლა შეეზღუდოს, რადგან ეს მათი უფლებაა. ასევე, კატეგორიულად არ უნდა დაუშვას ტყეებში მშენებლობები, ეკლესიისაც კი. სახელმწიფომ კანონის დაღვევა არ უნდა დაუშვას, რადგანაც ეს ყველაფერი კანონითაა განსაზღვრული.
მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამაც კარგად გააცნობიეროს და შედგეს ხანგრძლივი დიალოგი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, კარგად აღიქვას რას ნიშნავს ტყეების მართვა და ამის შემდეგ გადაიდგას სათანადო ნაბიჯები. ეკლესიას გარკვეული გადამზადების კუსრებიც დასჭირდება და ასევე საჭირო იქნება ინსტიტუციური რეფორმები. სახელწიფო როდესაც ამბობს, რომ შესაძლოა ტყე გადაეცეს ეკლესია-მონასტრებს, ეს უნდა იყოს დაფუძნებული რაციონალურ გადაწყვეტილებებზე და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტყე აუცილებლად ყველა ეკლესია-მონასტერს გადაეცეს. ის უნდა გადაეცეს იქ სადაც გარანტირებულად იქნება ტყის, ტურიზმის განვითარება და ყველას უფლებები იქნება დაცული.
ფოტო: რადიო თავისუფლება