თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებების ექიმებს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დარეჯან გვიმრაძის, მერაბ ლაშხის, ზურაბ გიორგობიანის, ჯანსუღ ვალიშვილის, მანანა ოდიკაძის და ნელი წულაიას მიმართ, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ამ წუთებში, მოსამართლეები ტარიელ ტაბატაძე და ნატო ხუჯაძე იხილავენ კიდევ ოთხი ექიმის საქმეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში მომუშავე მედიცინის მუშაკები დააკავეს.
დაკავებულები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის დირექტორი, თინათინ გაგილაძე, ამავე პოლიკლინიკის ექიმი, ციალა გაბედავა, ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ექიმი, მანანა ჩიხლაძე, #1 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი, ქეთევან ოკუჯავა, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგე, გიზო ჩხაიძე, #7 დერმატო-ვენეროლოგიური დისპანსერის ექიმი, დარეჯან გვიმრაძე, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა ოდიკაძე, #33 მოზრდილთა პოლიკლინიკის ექიმი ნელი წულაია, ასათიანის სახელობის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის ფსიქიატრი, ზურაბ გიორგობიანი, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები მერაბ ლაშხი და ჯანსუღ ვალიშვილი.
აღნიშნული პირები სისტემატურად გასცემდნენ ყალბ სამედიცინო ცნობებს და დასკვნებს, სანაცვლოდ პაციენტებს სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს.
დანაშაული ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.