იუსტიციის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სასწავლო ცენტრში სტუდენტების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო გაიმართა.
იმიტირებული სასამართლო პროცესიის დროს განიხილეს მკვლელობის რეალური საქმე, რომელიც მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალობასთან. სტუდენტებმა მოირგეს როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის როლები. გარდა ამისა, მათ როგორც ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტები, გაეცნენ საქმეში არსებულ ფაქტებს, იმსჯელეს და გამოიტანეს შესაბამისი ვერდიქტი.
იმიტირებულ სასამართლო პროცესამდე სტუდენტებმა გაიარეს შესაბამისი ტრეინინგი, ისინი მოემზადნენ როგორც შესავალი და დასკვნითი სიტყვის, ასევე პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის წარმოებაში. პროცესის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულ მხარეს - სიმბოლური საჩუქრები.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია სტუდენტებმა მიიღონ მაქსიმალურად ბევრი და რაც მთავარია, დასაბუთებული ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ეძლევათ გამოიმუშაონ და განავითარონ სასამართლოში გამოსვლის უნარ-ჩვევები.
იუსტიციის სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სტუდენტებთან და მათთვის პერიოდულად მართავს მსგავს ღონისძიებებს.