პრემიერ-მინისტრ გილაურისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის შეხვედრაზე და ერთობლივ ბრიფინგზედაც საქართველოში შიდაპოლიტიკურ პროცესებს, ახალ კონსტიტუციასა და ხელისუფლების ახალი ბალანსის შექმნას იმაზე მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე ჩვენმა მოსახლეობამ გაიგო ნაციონალური ტელეარხებიდან. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ოპოზიციური ტელეარხებიც სცოდავდნენ.
აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ საქართველოსადმი ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები წამოვიდა, რომლებმაც ახლო მომავალში შეიძლება მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
პირველ ყოვლისა, კლინტონმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეახსენა ქართულ დელეგაციას და ზოგადად ქართულ პოლიტიკურ სპექტრსაც, რომ აშშ-ისა და საქართვველოს ურთიერთობები ეფუძნება "საერთო ინტერესებსა და გაზიარებულ ფასეულობებს." შესაბამისად, ამ ინტერესებისგან და ფასეულობებისგან გადახვევა ორმხრივ ურთიერთობებს დააზიანებს. სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დღემდე იმიტომ სარგებლობენ ვაშინგტონის მხარდაჭერით, რომ სხვა პოლიტიკური ძალების ფონზე სწორედ მათში ხედავენ ამერიკელები მათი ინტერესებისა და ფასეულობების შედარებით უკეთეს დამცველებს. თუმცა ეს დამოკიდებულება შეიძლება გადაიხედოს.
კლინტონმა მკაფიოდ აგრძნობინა ქართულ დელეგაციას, "რომ თავისუფალი არჩევნები, ძლიერი ინსტიტუტები და ქმედითი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი მთავრობის ლეგიტიმურობისა და ხანგრძლივი სტაბილურობის წინაპირობაა". ეს კი დიპლომატიური, მაგრამ საკმაოდ ღია მინიშნებაა იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დაკარგავს ლეგიტიმურობას და მისი სტაბილურობა შეირყევა, თუ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდა. ამას ადასტურებს კლინტონის მომდევნო ფრაზაც, სადაც მან ხაზგასმით აღნიშნა, თუ "რაოდენ ბევრი სამუშაო აქვს ჯერ კიდევ წინ" ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია, პარტიების მიერ თანხების მოზიდვა და ანგარიშვალდებულება, მათ შორის მაისში ადგილობრივ არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოძიება.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაძლოა ბევრისთვის მოულოდნელიც იყო აშშ-ის ადმინისტრაციის ხისტი პოზიცია 2012 და 2013 წლების არჩევნებთან და კონსტიტუციასთან დაკავშირებით. კლინტონის განცხადება, რომ "ამ არჩევნებმა უნდა გამოავლინონ, რომ ქართული დემოკრატია არა მხოლოდ შეესაბამება, არამედ აჭარბებს საერთაშორისო სტანდარტებს", იყო აშშ-ის მინიშნება, რომ ადრინდელი სცენარები, როდესაც პროდასავლური გუნდის ხელისუფლებაში შენარჩუნების გამო 2008 წლის არჩევნების დროს აშშ თვალს ხუჭავდა დარღვევებზე, შეიძლება აღარ განმეორდეს.
აშშ-ის ადმინისტრაციის აზრით, კონსტიტუციური რეფორმა, რეფორმების კუთხით, საქართველოსთვის სადღეისოდ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. კლინტონმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი გააცნობიერებს ამას, როდესაც დასრულებს კონსტიტუციური რეფორმების პაკეტის განხილვას. კლინტონის თქმით, აშშ მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს საქართველოში ძალაუფლების დაბალანსების თაობაზე და მზადაა, ამ პროცესს ხელი შეუწყოს. თუმცა რამდენად გაითვალისწინებს ვაშინგტონის რეკომენდაციას ნაციონალური მოძრაობა, ალბათ, ამ დღეებში გამოჩნდება. წინ საკონსტიტუციო კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენაა. ვენეციის კომისიის პოზიცია კი იყო, რომ პარლამენტი დალოდებოდა კომისიის საბოლოო რეკომენდაციებს და "ზედმიწევნით გაეთვალისწინებინა" ისინი. რეკომენდაციები მოუწოდებდა, შემცირებულიყო მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ვადები, მკაფიოდ გამიჯნულიყო მთავრობისა და პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ფუნქციები, კიდევ უფრო გაძლიერებულიყო პარლამენტის როლი და უფრო მეტად დაკონკრეტებულიყო კერძო საკუთრების ჩამორთმევის ასპექტები. კლინტონის განცხადების შემდეგ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფა უკვე ნიშნავს აშშ-ის პოზიციის უგულებელყოფასაც, რაც, წესით, ხელისუფლების ინტერესში არ უნდა იყოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არ იქნებოდა კარგი დიპლომატი, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში საქართველოსთვის მტკივნეულ და მნიშვნელოვან პრობლემაზე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მკაცრი განცხადება არ გაეკეთებინა. ასეც მოხდა _ ამერიკელებმა დიპლომატიური ვალი ეფექტურად მოიხადეს და თანაც ორივე მიმართულებით: საქართველოს ხელისუფლება დაამშვიდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში პოზიცია არ შეუცვლიათ, ხოლო რუსებს კიდევ ერთხელ შეუთვალეს, რომ ამ რეგიონში აგვისტოს ომის შემდეგ დამდგარ "რეალობებთან" შეგუებას არ აპირებენ. თუმცა კრემლისადმი ამ ღია გზავნილში შეიძლება იმალებოდეს სხვა ფარული გზავნილიც, რაც კრემლს აიძულებს, იფიქროს, რა უნდა გააკეთოს მოსკოვმა იმისთვის, რომ ვაშინგტონმა პოზიცია შეიცვალოს. რუსეთსა და აშშ-ს, როგორც დიდ სახელმწიფოებს, პოლიტიკური თუ სტრატეგიული ვაჭრობისთვის საკმაოდ ფართო თემატიკა აქვთ.
ბუნებრივია, არც ერთ ნაციონალურ ტელეარხს ბოლომდე არ გაუშუქებია ის აშკარა სიცრუე, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ამერიკის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას აკადრა საკმაოდ გავლენიან აუდიტორიას, როდესაც საქართველოში მედიის პრობლემებზე დაისვა კითხვა. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ მაისში გამოქვეყნდა ევროკავშირის დელეგაციის ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხებოდა. მასში ხაზგასმითGიყო აღნიშნული, რომ რჩება სერიოზული პრობლემები სამაუწყებლო მედიის საკუთრების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ატლანტიკურ საბჭოში კი გილაურმა წარბშეუხრელად უარყო საქართველოში მედიის საკუთრების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის არსებობა. "არ ვიცი მედიასაშუალება, რომელსაც შესაძლოა ეს პრობლემა ჰქონდეს", _ განაცხადა მან და ომახიანად აუწყა, რომ საქართველოში მედია თავისუფალია. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები მან დაახასიათა მედიასაშუალებებად, რომლებიც "მთავრობაზე კარგ რამეებს ამბობენ" და იქვე საკმაოდ უცნაური შედარება გააკეთა ამერიკულ ტელევიზიებთან. გილაურმა სრული სერიოზულობით განუცხადა ამერიკულ აუდიტორიას, რომ თურმე სხვადასხვა ამერიკული ტელეკომპანია განსხვავებულ რეალობებს უჩვენებს მაყურებელს და ეს, მისივე სიტყვებით, "ნორმალურია დემოკრატიული საზოგადოებისთვის"(?!). ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, ესმოდეს დემოკრატიის არსი ისე, როგორც სურს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, თუნდაც სიმბოლური უფლებებით, მის მიერ დემოკრატიის ამგვარი აღქმა მოქალაქეებს უფლებას გვაძლევს, მას ვკითხოთ: "მედიის მიერ რეალობის გადასხვაფერება დემოკრატიის გამოხატულებაა?" ან კიდევ რომელი ამერიკული ტელეკომპანია გარისკავს, რომ აუდიტორიას რეალობისგან განსხვავებული სურათი წარმოუდგინოს? ეს მისთვის ნიშნავს ნდობის, აუდიტორიის დაკარგვას, მილიონობით ზარალს და აურაცხელი პრობლემას. ჩვენი "დემოკრატიული" ტელესივრცე კი ამ მხრივაც გამორჩეულია. ტელეკომპანიებს შეუძლიათ, უთვალავჯერ მოატყუონ აუდიტორია, ფეხქვეშ გათელონ ყველა ჟურნალისტური სტანდარტი და ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტმა მილიონობით ვალი ჩამოაწეროთ. აბა, რომელ დასავლურ დემოკრატიაში მოუვა პარლამენტს აზრად ასეთი დემოკრატიული ინოვაცია?
"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე