თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებული 11 ექიმისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
როგორც "ჯი-ეჩ-ენს" საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების დაკავებული ექიმების საქმე სასამართლოს დღეს, დღის მეორე ნახევარში გადაეგზავნება, რის შემდეგაც უკვე სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში მომუშავე მედიცინის მუშაკები დააკავეს.
შსს ინფორმაციით, დაკავებულები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის დირექტორი, თინათინ გაგილაძე, ამავე პოლიკლინიკის ექიმი, ციალა გაბედავა, ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ექიმი, მანანა ჩიხლაძე, #1 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი, ქეთევან ოკუჯავა, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგე, გიზო ჩხაიძე, #7 დერმატო-ვენეროლოგიური დისპანსერის ექიმი, დარეჯან გვიმრაძე, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა ოდიკაძე, #33 მოზრდილთა პოლიკლინიკის ექიმი ნელი წულაია, ასათიანის სახელობის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის ფსიქიატრი, ზურაბ გიორგობიანი, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები მერაბ ლაშხი და ჯანსუღ ვალიშვილი.
აღნიშნული პირები სისტემატურად გასცემდნენ ყალბ სამედიცინო ცნობებს და დასკვნებს, სანაცვლოდ პაციენტებს სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს.
დანაშაული ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.