დღეს, 9 სექტემბერს, 11:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონში მომუშავე ადვოკატებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის ინიციატორია ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი". შეხვედრის მთავარი თემაა "საქმის წარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში". სამუშაო შეხვედრას გახსნის "42-ე მუხლის" გამგეობის თავმჯდომარე ნაზი ჯანეზაშვილი. ადვოკატებისთვის სპეციალურ მოხსენებებს გააკეთებენ "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ექსპერტები თამარ გაბისონია და ანა თვარაძე.
ადვოკატები ექსპერტებთან ერთად იმსჯელებენ ევროსასამართლოსადმი მიმართვის პროცედურებსა და საქმის წარმოებაზე, ევროსასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, განაჩენის აღსრულების წესსა და პროცედურებზე. P
შეხვედრა იმართება პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი". პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან "ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი" და "ინტერაითსი" (დიდი ბრიტანეთი); რეგიონალური პარტნიორები _ "სომხური ინსტიტუტი განვითარებისათვის" (სომხეთი) და "სამართლებრივი განათლების საზოგადოება" (აზერბაიჯანი). პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბრიტანეთის საელჩოს GOF ღE ფონდის მიერ.