აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - გემბლინგი, აღიარებულია, როგორც ქრონიკული დაავადება. ფსიქიური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM -5) თანახმად, გემბლინგი კლასიფიცირდება, როგორც დამოკიდებულებითი აშლილობა, რომელიც ნივთიერებებზე დამოკიდებულების მსგავსია და ის საზოგადოებაში გავრცელებულ არაქიმიურ ადიქციებს შორის ერთ-ერთია. ის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მსგავსად, მოიცავს კომპულსიას, ტოლერანტობას, აღკვეთის სინდრომს, ავადმოხმარებას, უარყოფასა და რეციდივს. აზარტული თამაში განიხილება, როგორც ქცევითი ადიქცია.
აზარტული თამაშების ისტორიას თუ გადავხედავთ, ის ახალი ნამდვილად არ არის. თუმცა, ტექნოლოგიურმა განვითარებამ ის მეტად ხელმისწვდომი გახადა და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გემბლინგი 21-ე საუკუნის ეპიდემიაა.
რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშე ავტომატურად თამაშამოკიდებულს არ ნიშნავს. DSM -5 განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომელი სიმპტომებიდანაც ბოლო 12 თვეში 4-ის აღმოჩენის შემთვევაში პირი მიდის პრობლემური გემბლინგის ქცევამდე და იწვევს კლინიკურ დარღვევებს. ცხადია, ეს სიმპტომები სპეციალისტმა უნდა დაადგინოს პაციენტთან ერთად, თუმცა ინფორმაციისათვის მაინც ჩამოვთვლით:
1.თამაშისთვის საჭირო თანხის ზრდა, სასურველი ემოციური აგზნების დონის მისაღწვად;
2.გემბლინგის შემცირებისა ან შეწყვეტის მცდელობის დროს გაღიზიანებადობა ან მოუსვენრობა;
3.გემბლინგის გაკონტროლების, შემცირების ან შეწყვეტის განმეორებითი, წარუმატებელი მცდელობები;
4.ხშირად შეპყრობილია გემბლინგით (მაგ., მუდმივად ფიქრობს/იმახსოვრებს წარსულ თამაშის გამოცდილებას, გეგმავს და აკეთებს გათვლებს მოსაგებად, ფიქრობს სათამაშოდ საჭირო ფულის მოძიების გზებზე);
5.დისტრესის დროს ხშირად თამაშობს ფულზე;
6.ფულის წაგების შემდეგ უკან სათამაშოდ დაბრუნება, რათა წაგებული ფული უკან დაიბრუნოს;
7.იტყუება, რათა დამალოს მისი გემბლინგში ჩართულობა;
8.აზარტული თამაშების გამო საფრთხე შეუქმნა ან დაკარგა მნიშვნელოვანი ურთიერთობა, სამსახური ან საგანმანათლებლო და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
9.აზარტული თამაშებით გამოწვეული ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო სხვებზეა დამოკიდებული, რათა შეაგროვოს ფული.
მთავარი კითხვაა, შესაძლებელია თუ არა, განკურნება? დღემდე არსებული სამეცნიერო ნაშრომები საიმედო პასუხს არ იძლევიან. შესაბამისად, გემბლინგის სტანდარტიზებული მკურნალობა არ არსებობს.
ჩვენ მოვიძინეთ საერთაშორისო სამედიცინო ბაზებში გემბლინგის მკურნალობის მეთოდების შესახებ და სამეცნიერო საზოგადოება თანხმდება, რომ ფსიქოთერაპიული მეთოდებიდან ორი: კოგნიტურ-ბიჰევიორული და მოტავაციური ინტერვიუირების თერაპია, რაც იძლევა მკურნალობის დასრულებიდან 0-3-თვემდე პერიოდში გარკვეულ შედეგს, რომელსაც განკურნებას ვერ დავარქმევთ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დღემდე არსებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გემბლერების ანონიმური ჯგუფი და კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ერთწლიან აბსტინენციას იძლევა 8%-ში¹. რაც ეხება, ფარმაკოლოგიურ მკურნალობას, მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ შფოთვისა და ლტოლვის შესამცირებლად². საუბარია, ისეთ მედიკამენტებზე, რომელიც წამალდამოკიდებულების დროს გამოიყენება. მაგალითად, ნალტრექსონი
სტატიის ასე ვრცლად დაწერის მიზეზი, საქართველოში მოქმედი კაზინო „ევროპაბეთის“ ინიციატივა გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ თამაშდამოკიდებულთა ფსიქოსარეაბლიტაციო კურსს სრულად დააფინანსებს.
„ევროპაბეთმა“ თქვა, რომ ეს „პასუხიმგებლიანი კამპანიაა“. კაზინოს ამ ინიციატივას შეუერთდა და მკურნალობაზე პასუხიმგებლობა აიღო ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრმა „კამარამ“. ცენტრის დამფუძნებელი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამ ინიციატივას მიესალმა და განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარად ცინიკური შეიძლება ჩანდეს, დაგაფინანსოს დაწესებულებამ, სადაც დაავადდი, და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კარგი ის იქნებოდა, არავინ გამხდარიყო ავად და თავის დროზე პრევენციას მოხმარებოდა თანხები, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს არის, და რადგან არც მზრუნველი არსად არავინაა, კარგია, რომ თავად ბიზნესისგან წამოვიდა შემოთავაზება, დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც თამაში გართობის ნაცვლად დაავადებად ექცა“.
„ჩვენ პაციენტებს სპეციალური მეთოდით, დამოკიდებულებათა დაავადებების მკურნალობის კუთხით ვუდგებით, რომელიც ამერიკელ პროფესორს, ფსიქიატრიის ვარსკვლავს, ანათინა მიშერს, ეკუთვნის. ამ მეთოდით „კამარა“ უკვე ათი წელია, რაც მუშაობს და ის იდეალურადაა ადაპტირებული ქართულ რეალობასთან“, – ამბობს ფანჯიკიძე და აღნიშნავს, რომ „პაციენტების მიღება უკვე დაწყებულია. ოპტიმალური კურსი 3-6 თვემდე გრძელდება კვირაში 8-საათიანი ინტენსიური დატვირთვით, თუმცა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითად, ორმაგი დიაგნოზით შემოსული პაციენტის შემთხვევაში, შესაძლებელია კურსის გაგრძელებაც ადამიანის სრულ განკურნებამდე“.
ამ განცხადებაში ჩვენთვის (და არა მხოლოდ ჩვენთვის) სასიხარულო ინფორმაცია ამოვიკითხეთ - სრული განკურნების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ანათინა მიშერის ცნობილი ფსიქიატრია, გემბლინგის მკურნალობის მის მეთოდზე არაფრის თქმა შეგვიძლია. სამეცნიერო ბაზებში ანათინა მიშერის მეთოდისა და მისი ეფექტიანობის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ.(გამოვიყენეთ პაბმედის ბაზა). თუმცა უნდა ითქვას, რომ ანათინა მიშერის სამეცნიერო სტატია ალკოჰოლიზმის შესახებ, რომელიც ამავე ბაზაშია, ვფიქრობთ, საინტერესოა და ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს³. ცხადია, ეს არ გამორიცხავს ასეთი მეთოდის ეფექტიანობას. არც ანათინა მიშერის მეთოდს აკნინებს ჩვენ თუ არ ვიცით, ან ვერ ვნახეთ. ჩვენ ვამბობთ, კარგი იქნებოდა რომ ამ სასიხარულო ამბის (სრულად განკურნების) მეცნიერული დასაბუთებაც გვენახა.
რაც შეეხება, ევროპაბეთის ინიციატივას, მას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ნაწილი მიესალმა, ნაწილმა კი ევროპაბეთის მხრიდან საზოგადოების დაცინვად აღიქვა.
მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური დამოკიდებულება ევროპაბეთის მისამართით ისმოდა და ნათია ფანჯიკიძის პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, ევროპაბეთის მისამართით გამოთქმული ნეგატივის განეიტრალება „კამარამ“ თავის თავზე აიღო.
ნათია ფანჯიკიძე „კამარას“ საქმიანობასა და კვალიფკაციაზე საუბრობდა, რომელიც, როგორც გითხარით, ეჭქვეშ ისედაც არავის დაუყენებია. ეს არც ამ სტატიის მიზანია. პირიქით, კამარას საქმიანობისა და არაერთი უანგარო პროექტის შესახებ წამალდამოკიდებულთა თუ ალკოჰოლდამოკიდებულთა წარმატებული თერაპიების შესახებ ჩვენთვისაც ცნობილია და საზოგადოებისთვისაც. შესაბამისად, კამარას მიერ იმის მტკიცება რომ ასეთი კურსი აუცილებელია, ისრების იქით გადატანაა, რაზეც ისედაც ყველა ვთანხმდებით.
მოდით დავსვათ ერთი შეკითხვა, თუნდაც რიტორიკული - 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთს რომ დაეფინანსებინა მასშტაბური კამპანია დაზარალებული ოჯახების სარეაბილიტაციო კურისთვის, რას იზამდა კამარა? გიპასუხებთ, რომ არც დაფიქრდებოდა და უარს იტყოდა! მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სარეაბილიტაციო კურსის აუცილებლობა რომ იდგა, ჩვენზე კარგად კამარაში იციან. რატომ? პასუხი მარტივია, არაეთიკური იქნებოდა. ეს იქნებოდა ფარსი. და ახლა, როცა საკითხი ბინზესს ეხება და არა მტერს, ფარსში მონაწილეობა და თავის გამართლების უფლება ბიზნესს ჯანმრთელობაზე მზრუნველმა არ უნდა მისცეს. ეს არის პრობლემა, რაზეც საზოგადოება წუხს და არა ის რომ გემბლინგის მკურნალობა აუცილებელია! და არა ის, რომ კამარა ცუდია ან - ნათია ფანჯიკიძე ცუდი ფსიქოლოგი.
ამ სტატიის მიზანი არც ვინმესთვის ეთიკურობის დაწესება. თუმცა, არ შეიძლება „კამარა“ არ დაგვეთანხმოს, რომ მსოფლიოში აღიარებული დათქმაა რომ მაგალითად, ჯანმრთელობის კვლევების ჩატარებაც კი, მაგალითად, თამბაქოს მწარმოებელი დონორისგან მიღებული ფულით არაეთიკურია⁴.
„კამარა“ რომ ამაში გვეთანხმება, ეს ნათია ფანჯიკიძის საჯარო პოსტებიდანაც ჩანს. ევროპაბეთის ინიციატივაზე ის წერს: „შავი იუმორის ჟანრს წააგავს...“, „ერთგვარად ცინიკური შეიძლება ჩანდეს...“.
რაც შეეხება იმას, რომ გემბლინგი საქართველოში საკმაოდ დიდ მასშტაბებს აღწევს, ის რომ პრობლემა არსებობს, ის რომ სახელმწიფო ამაზე უნდა ზრუნავდეს, ცხადია „კამარას“ ჩვენც დავეთანხმებით და უფრო მეტიც, სიამოვნებით შევუერთდებით მოწოდებას, კამპანიას, რომ სახელმწიოსთან ერთად სხვა ბიზნესი (და არა სათამაშო) მეტად აქტიურად ჩაერთოს ამ პრობლემის მინიმუამდე დაყვანაში.
მაშინ რა ჰქვია ამას? გებლინგის ბიზნესისგან "გადაგდებული" ანკესი ხომ არა, რომლითაც უნდა გააჩუმოს ის ხმები, რაც მისი მისამართით ისმის - მსუბუქად ვთქვათ, რომ აზიანებს ადამიანებს და მას მუდმივად ექნება თავის მართლების საშუალება - ვისაცას უნდა თამაში და მოდის, იმას რატომ შევუზღუდოთ, ვინც პათოლოგიური მოთამაშეა, მის მკურნალობაში კი ფულს ვიხდიო. აქ ვაწყდებით სწორედ იმ არაეთიკურობას, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ცუდი ის კი არ არის, ადამიანებს, რომელთაც მკურნალობა სჭირდებათ „კამარა“ რომ დაეხმარება, არამედ ის, რომ „კამარასა“ და მის რეპუტაციას საფარად იყენებს სათამაშო ბიზნესი, რომლის „წყალობითაც“ არაერთი სუიციდი, არაერთი ემიგრაცია და არაერთი ტკივილი გადაიტანეს ადამიანებმა, ოჯახებმა.
ჩვენი შეფასებითაც, ცუდია, რომ „კამარამ“ ეს შეთავაზება მიიღო. ეს არის საზოგადოების იმ ნაწილის წუხილი, რომლის ასე გაგებაც არ სურს „კამარას“. რაც შეეხება ფარსს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, განვმარტავთ: როდესაც ის ბიზნესი, რომელიც უშუალოდ ზიანს აყენებს ადამიანს, დებს გარიგებას მის მიერ მიყენებული ზიანის მკურნალობაზე, უბრალოდ ფარისევლობაა. რაც შეეხება არგუმენტებს, რომ დიდი კომპანიები, რომლებიც ზიანს აყენებენ გარემოს ეკოლოგიაში დიდი ფულს დებენ, მინიმუმ ესეც არაეთიკურია. ადამიანების ფსიქიკის მოშლისა და ხეების დარგვის, ან გნებავთ მდინარეების გაწმენდის შედარება, ცხადია მყარ არგუმენტად ვერ გამოდგება. რაც შეეხება, ნათია ფანჯიკიძის ასევე საჯაროს პოსტს, რომ კარგი იქნებოდა რძის კომპანია ყოფილიყო, აქვე შეგვიძლია დავეთანხმოთ, რომ ნამდვილად კარგი იქნებოდა. თუმცა, თუ რძის კომპანიისგან დაავადებული ხალხის მკურნალობას რძის კომპანია დააფინანსებდა და მავნე პროდუქციის გამოშვებას მაინც განაგრძობდა, ბუნებრივია, ასეთ კამპანიაში ჩართვა ფარსის გარდა, დანაშაულიც იქნებოდა.
სახელმწიფოს მხრიდან არავინ მისალმებია ევროპაბეთის ამ კამპანიას, თუმცა ალბათ მისთვის ყველაზე მეტად სასარგებლოა. ნებისმიერ დროს, როგორც კი სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ საზოგადოება პროტესტს გამოხტავს, პასუხად ექნება რომ აი, ევროპაბეთი, ადამიანების მკურნალობაში ფულს ხარჯავს. ეს კი ნამდვილად დამღუპველი იქნება.
რა არის გამოსავალი? გამოსავალი არა საზოგადოების იმ ნაწილის ქილიკი ან გაკიცხვაა, ვინც ეს ინიციატივა არ მოიწონა, არამედ მეტი პასუხიმგებლობით აქტიურობა ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, მედიის, იურისტების, საზოგადოების, რომ სახელმწიფომ იზრუნოს თავის მოქალაქეებზე და სათამაშო ბიზნესის მიმართ მკაცრი რეგულაციები დაწესდეს, რათა მინიმუმამდე დავიდეს დამოკიდებულთა რაოდენობა.
არ უნდა შევიყვანოთ ადამიანები შეცდომაში, რომ გემბლინგის მკურნალობა მარტივია ან გრძელვადიანი პერიოდისთვის შედეგიანი. არ უნდა მივცეთ არც ერთ ბიზნესს იმის უფლება მსგავსი მანიპულაციებით ისევ და ისევ მხოლოდ საკუთარ მოგებაზე იზრუნოს.
ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ნებისმიერ პასუხისმგებლიან კამპანიაში, რომელიც პრობლების მოგვარებას ემსახურება.
და ბოლოს, ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა აქვს პრობლემა და არ აქვს ფსიქოთერაპიის გადასახდელი ფული, როცა მივა „კამარაში“ იქნება თუ სხვაგან, ვინც ამ კამპანიაში ჩაერთვება და ეცოდინება რომ მისი ფული ევროპაბეთის გადახდილია, როგორ მოეწონება დამისთვის რამდენად მისაღები იქნება?
გამოყენებული ლიტერატურა
1.Cowlishaw S, Merkouris S et al.Psychological therapies for pathological and problem gambling. Cochrane Database of Systematic Reviews 2012, Issue 11. Art. No.: CD008937. DOI: 10.1002/14651858.CD008937.pub2. [cochranelibrary]
2.Anderson C, Cowlishaw S et al. Pharmacological interventions for the treatment of pathological and problemgambling. Cochrane Database of Systematic Reviews 2011, Issue 1. Art. No.: CD008936. DOI: 10.1002/14651858.CD008936. [cochranelibrary].
3.Annatina Miescher, Kathlene Tracy, Mark Burton, et al. Mentorship for Alcohol Problems (MAP): A Peer to Peer Modular Intervention for Outpatients. Alcohol Alcohol. 2012 Jan; 47:42–47. [PubMed]
4.Hyoun S. (Andrew) Kim, Funding of Gambling Research: Ethical Issues, Potential Benefit and Guidelines. The Centre for Addiction and Mental Health. DOI: 10.4309/jgi.2016.32.7 [Journal jgi]