ბელარუსში სახელმწიფო გერბის გამოსახულების ცვლილებაზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები, ერთი შეხედვით "კოსმეტიკური" ხასიათისაა, თუ ყურადღებით დააკვირდებით, შეგიძლიათ იპოვოთ საინტერესო სომბოლური დეტალები.
გერბის ცენტრალურ ნაწილზე გამოსახულმა გლობუსმა ადგილი შეიცვლა და რუსეთის ნაცვლად ახლა მასზე ევროპა ჩანს. ნიშნავს ეს ბელარუსის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას?
წითელი ვარსკვლავი "ნაკლებად მილიტარისტული" გახდა
გლობუსი შეტრიალდა, რუსეთის ნაცვლად ახლა მასზე ევროპა ჩანს
პარალელებიs და მერიდიანების ქსელი ნაკლებად მკვეთრია
ბელარუსის კონტურები მეტად გამოიკვეთა და ზომაში გაიზარდა
შეიცვალა თავთავები
შეიცვალა სამყურას და სელის გამოსახულებები
შეიცვალა წითელ-მწვანე ლენტის ფორმა
ბელარუსის გერბი მეტად "მშვიდობისმოყვარე" გახდა
სახელმწიფო გერბში ცვლილებების შეტანის შესახებ ბელარუსის იუსტიციის მინისტრმა ოლეგ სლიჟევსკიმ დაანონსა.
საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე სლიჟევსკიმ განაცხადა, რომ აპირებენ გერბი გახადონ "უფრო მშვიდობიანი იმგვარად, რომ დადებითად აღიქმებოდეს, როგორც ბელარუსში, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე".
მისივე თქმით, ბელარუსის მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო გერბის ცვლილების თხოვნით.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ცვლილებების შემდეგ, ადრინდელ გერბზე გამოსახული სიმბოლოები და წარწერები უფრო მკაფიო და მკვეთრად გამოხატული იქნება.
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება გერბზე გამოსახული გლობუსის გადაადგილებამ მიიქცია, რის ხარჯზეც რუსეთის ტერიტორია უფრო ნაკლებად ხილული გახდა, ევროპა კი მეტად თვალსაჩინო.
გლობუსის ცვლილების სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ ბევრი დაიწერა დასავლურ მედიაში, განსაკუთრებული ყურადღება რუსეთშიც დაიმსახურა.
ბელარუსის პარლამენტის დეპუტატი, ბელარუსის ლიბერალური დემოკრატიული პარტიის (LDPB) ხელმძღვანელი ოლეგ გაიდუკევიჩი მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო გერბის ცვლილებაში რაიმე პოლიტიკური მოტივის ძიება.
"ბელორუსია არ ცვლის თავის სიმბოლიკას, არამედ აკეთებს მხოლოდ ესთეტიკურ ცვლილებებს გერბზე, რათა ის მეტად თანამედროვედ გამოიყურებოდეს".
გაიდუკევიჩი ირწმუნება, რომ გერბზე გლობუსის ადგილმდებარეობის ცვლილების მიუხედავად, ბელარუსის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება.
"მეტსაც გეტყვით, გლობუსი შეტრიალდა არა იმიტომ, რომ რუსეთი ნაკლებად ხილული ყოფილიყო, არამედ იმიტომ, რომ ბელარუსი აღმოჩენილიყო მეტად ცენტრში", - დასძენს ოლეგ გაიდუკევიჩი.
1995 წლამდე ბელორუსს გააჩნდა სრულიად განსხვავებული სახელმწიფოებრივი სიმბოლოები: თეთრი-წითელ-თეთრი დროშა და გერბი "პაჰონია", რომელიც გაუქმდა 1995 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ ინიცირებული რეფერენდუმის შემდეგ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ლეონიდ სინიცინმა, რომელიც ახალი გერბის ავტორად მიიჩნეოდა, განაცხადა, რომ გერბს საფუძვლად დაედოს ბელარუსის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლო.
ბელარუსელი ისტორიკოსის ვლადიმერ მაცკევიჩის თქმით, ხელისუფლებას გერბის ცვლილება მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ დაემსხვრია ბელარუსელი ერის კავშირი ძველ სახელმწიფოებრივ სიმბოლოებთან და იგი საბჭოთა ტრადიციებთან და ფესვებთან დაეკავშირებინა.
მისივე თქმით, რაიმე სიმბოლური დატვირთვის ძიებას ახალ გერბში აზრი არ აქვს, რადგან ის ბევრად განსხვავდება მისი წინამორბედისგან.