2020 წლის 15 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის ასამბლეისადმი ყოველწლიური მიმართვისას, რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების საჭიროების შესახებ ისაუბრა.
ცვლილებების პუტინისეული ხედვა, სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში ძალთა გარკვეულ გადანაწილებას ითვალისწინებს. პუტინის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროების შესახებ გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს, რისთვისაც რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რაც მეტად უჩვეულოა რუსეთის პოლიტიკური კულტურისთვის.
პუტინის გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ, რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ახალ პრემიერ-მინისტრად მიხაილ მიშუსტინი დაამტკიცეს, მთავრობის ყოფილი მეთაური დმიტრი მედვედევი კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობას დაყაბულდა.
განვითარებულმა მოვლენებმა გააჩინა კითხვა, ხომ არ ცდილობს პუტინი ძალაუფლების შენარჩუნებას 2024 წლის შემდეგაც, როდესაც მას ეწურება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა.
"პუტინის სამომავლო გეგმები ჯერ კიდევ უცნობია. მან გახსნა პანდორას ყუთი, სავსე სხვადასხვა ვარიანტით. შექმნილი პოლიტიკური გაურკვევლობა, რომელიც პოლიტიკური ელიტის გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ხელს არ უშლის პუტინს იყოს ღერძი, რომლის ირგვლივაც ტრიალებს მთელი ქვეყანა", - ასე გამოეხმაურა გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York Times-ის მოსკოვის კორესპონდენტი შექმნილ ვითარებას.
როგორც ლონდონის King’s College-ის რუსეთის საკითხების მკვლევარი სემ გრინი აცხადებს, რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები, არა მხოლოდ კარგად გააზრებული, არამედ კარგად დაგეგმილი სტრატეგიის შედეგია.
მისივე თქმით, პუტინის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტიტუციო ცვლილებები ბევრ შეკითხვას აჩენს, თუმცა პასუხები არსად ჩანს.
"ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, უნდა გაფართოვდეს, აქამდე ნაკლებად ცნობილი, სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება, თუმცა უცნობია როგორ უნდა მოხდეს ეს, რა როლს შეასრულებს საბჭო და მისი შემადგენლობა", - აცხადებს გრინი.
პუტინი ცდილობს დაიცვას საკუთარი თავი
რუსეთში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ტონი ბრენტონი ამბობს, რომ პუტინი ცდილობს, დაიცავს საკუთარი პოლიტიკური მომავალი 2024 წლის შემდეგ.
"რა თქმა უნდა, პუტინს აქვს პრობლემები. ეკონომიკურმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეარყია მისი მთავრობის პოპულარობა. მას ასევე აქვს პირადი პრობლემა, რომელიც ეხება 2024 წლის შემდგომ მომავალს, როდესაც დასრულდება მისი საპრეზიდენტო ვადა. და რასაც ახლა ვხედავთ, ჩემი აზრით, ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ პუტინმა დაიწყო ამ პრობლემების მოგვარება.
მისი განცხადებები ცხადჰყოფს იმას, რომ იგი თავისი უფლებამოსილების ნაწილს პარლამენტსა და სახელმწიფო საბჭოს გადასცემს. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინს სურს, საკუთარი თავისთვის ახალი როლის მორგება, რაც მას საშუალებას მისცემს გააკოტროლოს საკუთარი პოლიტიკურ ბედი, რადგან მისი მცდელობა შეექმნა ბელარუსთან ერთობლივი სახელმწიფო, წარუმატებლად დასრულდა.
მედვედევის როლთან დაკავშირებით, ყოფილი ელჩი ამბობს, რომ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყოველთვის გამოხატავს პუტინის მიმართ ერთგულებას.
New York Times-ის წერს, რომ პუტინი და მედვედევი ყოველთვის კოორდინირებულად მოქმედებენ. ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოსტები გაცვალეს, მედვედევი პრეზიდენტი გახდა, პუტინი კი რუსეთის მთავრობას ჩაუდგა სათავეში.
"მედვედევის გადადგომა ყველაზე დიდი დარტყმაა რუსეთის მთავრობისთვის, პუტინის მმართველობის ბოლო 10 წლის განმავლობაში, რადგან ის სუსტი ეკონომიკისა და დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ცდილობდა სტაბილურობის იმიჯი შეენარჩუნებინა", - წერს Wall Street Journal-ი.
"დიმიტრი მედვედევი ყოველთვის ასრულებდა იმ ადამიანის როლს, რომელსაც საკუთარი ამბიციები არ გააჩნია, და ასეთი ადამიანები ადრე თუ გვიან, აღმოჩნდებიან იქ, სადაც მედვედევი აღმოჩნდა", - ამბობს სემ გრინი ლონდონის სამეფო კოლეჯიდან.
საერთაშორისო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, სამთავრობო ცვლილებემა ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი შოკში ჩააგდო.
"ხელისუფლებაში ცვლილებებმა შოკში ჩააგდო ზოგიერთი მაღალი თანამებობის პირი. მაგალითსითვის, სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა შეწყვიტა სხდომა მოადგილეებთან, რათა პირადად დარწმუნებულიყო იმაში, რომ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნამდვილად მიხაილ მიშუსტინი წარადგინა", - წერს Bloomberg-ი.
დასავლური პრესა განიხილავს ერთ-ერთ სცენარს, რომლის მიხედვითაც პუტინს სურს ერთგვარი "ყაზახეთის სისტემის" დანერგვა, რომელიც საშუალებას მისცემს მას მომავალში გავლენა მოახდინოს რუსეთის ყველა ხელისუფლების ინსტიტუტზე.
გასულ წელს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, თუმცა დარჩა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ და „ხალხის ლიდერის“ ახალი ტიტული მოირგო.
აქტუალურია ასევე საკითხი, თუ ვინ იქნება პუტინის მემკვიდრე.
"პუტინს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვინ დაასახელოს თავის მემკვიდრედ. მედვედევის გარდა, სავარაუდო მემკვიდრეთ ათეულობით ადამიანი სახელდებოდა, მაგალითად, მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ვიცე-პრემიერი დმიტრი კოზაკი და ასევე პუტინის ქალიშვილები, მარია და ეკატერინა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ტელეეკრანებზე ფსევდონიმებით გამოჩნდნენ", - წერს Financial Times-ი.
პრეზიდენტთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა ირწმუნება, რომ პუტინს არ აპირებს ძალაუფლების დათმობას.
"პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს თუ სახელმწიფო საბჭოს ჩაუდგენა სათავეში, მაგრამ ეს ორივე გზა შესაძლებლობას აძლევს, შეინარჩუნებს ძალაუფლებას", - ამბობს გამოცემ The Insider- ის მთავარი რედაქტორის რომან დობროხოტოვი.
სააგენტო Reuters-ი თვლის, რომ შესაძლოა, პუტინმა კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ გაძლიერებული პარლამენტის სპიკერის როლი მოირგოს.