საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნას აფასებს.
გახარია შოთაძეს ღირსეულ ადამიანად აფასებს და ამბობს, რომ ის საქმის პროფესიონალია.
"საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. ბევრი ღირსეული ადამიანია წარდგენილი, მაგრამ მე ვიცნობ მარტო ირაკლი შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი. მან ბოლო წლების განმავლობაში არა ერთხელ დაამტკიცა რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც. იმიტომ არის ღირსეული შოთაძე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ცეკვების გარეშე.“, - განაცხადა გახარიამ.
ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობისთვის იბრძოლებს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა.
ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოსტი 2018 წლის 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამო დატოვა.