პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარმოდგენის შემთხვევაში უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, შოთაძის საქმიანობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე იყო გამოძიებული ეფექტურად, დროულად.
"მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, რომელიც, შესაძლოა, წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა",-თქვა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ შოთაძემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.
"მაშინაც, როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები და როდესაც დაზარალებულმა გამოთქვა კითხვები მის მიმართ, მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა და სტატუსები არ არის მთავარი ჩვენი ხელისუფლების პირობებში",-თქვა თალაკვაძემ.
ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობისთვის იბრძოლებს. იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა.
ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პოსტი 2018 წლის 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამო დატოვა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რითაც ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძის კვლავ გენერალურ პროკურორად დარუნებას ბრძოლის ველზე ღირსეულად დაბრუნებად აფასებს.