დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II იწვევს საგანგებო საოჯახო შეკრებას პრინცი ჰარისა და სასექსის ჰერცოგინიას გადაწყვეტილებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. იტყობინება SkyNews-ი.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ნორფოლკის საგრაფოში, სანდრინგემის მამულში 13 იანვარს გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან თავად დედოფალი, ტახტის მემკვიდრე უელსის პრინცი ჩარლზი, კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და სასექსის ჰერცოგი ჰარი.
შეხვედრის მთავარი საკითხი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსზე უარის თქმით გამოწვეული კრიზისის დაძლევა იქნება.
პრინცმა ჰარიმ, რომელიც ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეექვსე ადგილს იკავებს და მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ რამდენიმე თვის განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს ჩამოშორდნენ სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობებს და იმუშაონ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელნი.
ამასთან სასექსის ჰერცოგმა განაცხადა, რომ შექმნიან თავიანთ საქველმოქმედო ორგანიზაციას, თუმცა ამავე დროს შეასრულებენ სამეფო ოჯახის გარკვეულ ვალდებულებებს.
The Times-ი წერდა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის განზრახვა იცხოვრონ ხან დიდ ბრიტანეთში, ხან ჩრდილოეთ ამერიკაში, უპრეცენდენტოა სამეფო ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ მოვალეობებს ასრულებენ. როგორც წესი, მონარქთა ოჯახის წევრები საზოგადოების წინაშე ოფიციალური და საქველმოქმდო ღონისძიებების დროს ჩნდებიან.
ბრიტანული მედია იუწყებოდა, რომ დედოფალი ძლიერ იმედგაცრუებული დარჩა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილების გამო.