ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლიმ უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე და ხან გაერთიანებულ სამეფოსა და ხან ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრება გადაწყვიტეს, ისე, რომ ეს საკითხი ბუკინგემის სასახლესთან მანამდე არ შეუთანხმებიათ. იუწყება გაზეთი The Times-ი.
გამოცემის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას მანამდე, ვიდრე თავიანთ გადაწყვეტილებას Instagram-ით განაცხადებდნენ, კონსულტაციები არ გაუვლიათ არც დედოფალთან და არც ტახტის მემკვიდრე პრინც ჩარლზთან.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბუკინგემის სასახლის საპასუხო განცხადება საკმაოდ ხისტი აღმოჩნდა.
"სასექსის ჰერცოგთან და ჰერცოგინიასთან დისკუსია ადრეულ სტადიაზეა. ჩვენ გვესმის მათი სურვილი მოძებნონ სხვა გამოსავალი, მაგრამ ეს რთული საკითხებია, რომლებზეც მუშაობა დროს მოითხოვს", - ნათქვამია მონარქის კანცელარიის მოკლე კომუნიკეში.
პრინცმა ჰარიმ, რომელიც ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეექვსე ადგილს იკავებს და მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ რამდენიმე თვის განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს ჩამოშორდნენ სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობებს და იმუშაონ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელნი.
ამასთან სასექსის ჰერცოგმა განაცხადა, რომ შექმნიან თავიანთ საქველმოქმედო ორგანიზაციას, თუმცა ამავე დროს შეასრულებენ სამეფო ოჯახის გარკვეულ ვალდებულებებს.
The Times-ი აღნიშნავს, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის განზრახვა იცხოვრონ ხან დიდ ბრიტანეთში, ხან ჩრდილოეთ ამერიკაში, უპრეცენდენტოა სამეფო ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ მოვალეობებს ასრულებენ. როგორც წესი, მონარქთა ოჯახის წევრები საზოგადოების წინაშე ოფიციალური და საქველმოქმდო ღონისძიებების დროს ჩნდებიან.