რესპოდენტის შესახებ
სერგო ჩიხლაძე არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონსულტანტი. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო კავშირების წევრი, როგორიცაა, ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი და სხვ.
სერგო ჩიხლაძე არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონსულტანტი. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული და სამეცნიერო კავშირების წევრი, როგორიცაა, ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემია, პროექტების მართვის ინსტიტუტი და სხვ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გვესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე
- ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აღნიშნავენ მნიშვნელოვანი დაგვიანების შემთხვევებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს. რეალურად, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე?
- მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სასწრაფო სამედიცნო დახმარების ბრიგადებს არაერთი სიცოცხლე გადაურჩენიათ და მათი უმრავლესობა არის მაღალი დონის პროფესიონალი, რომელსაც ყველა უნდა ვენდოთ და დავაფასოთ. ის სერიოზული პრობლემები კი რაც ამ სფეროში დაგროვდა, არის შედეგი იმ სისტემური ჩავარდნებისა, რასაც ბოლო წლებია თვალს ვადევნებთ და რომელთა გადაჭრაც ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერჯერობით ვერ მოახერხა.
სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ხშირ შემთხვევაში რელევანტურ დროში ვერ რეაგირებს გამოძახებაზე რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას. გამოვყოფდი რამდენიმე ძირითად პრობლემას, რომელზეც სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება. ესენია: გამოძახებაზე რეაგირების დრო, ჰოსპიტალიზაციის წესი, პაციენტის გადაყვანის კრიტერიუმები, სასწრაფოს მიერ ინფორმაციის ფლობა თუ სად რომელ დაწესებულებაში რა სერვისებია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას სჭირდება კარგი კოორდინაცია და მენეჯმენტი.
რაც შეეხება გამოძახებიდან გასულ დროს, სამწუხაროდ, მოქალაქეები ხშირად საათობით ელოდებიან სასწრაფო ბრიგადას და ბოლოს აუქმებენ გამოძახებას და საკუთარი ძალებითა და სახსრებით მიმართავენ უკვე საჭირო სამედიცინო დაწესებულებას. მიუხედავად გაზრდილი დაფინასებისა, 51 მილიონიდან 2014 წელს 70 მილიონამდე 2019 წელს, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. პირიქით, 2014 წლის აუდიტის დასკვნის მიხედვით, რეაგირების საშუალო დრო 2011-2012 წლებში შეადგენდა მაღალი პრიორიტეტის რეაგირებისას 18 წუთს (საშუალაო) და დაბალი პრიორიტეტის დროს 20 წუთს. 2018 წლის აუდიტის დასკვნის მიხედვით, მაღალი პრიორიტეტის დროს -22 წუთი, დაბალის-31 წუთი. ანუ, ამ წლებში გაუმჯობესების ნაცვლად, მოხდა პირიქით ამ მაჩვენებლის გაუარესება. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ 2018-2019 წლის პერიოდში კიდევ უფრო პრობლემური გახდა ბრიგადის დაგვიანება ან საერთოდ ვერ მისვლა გამოძახების ადგილზე. შესაბამისად, ეს მონაცემები კიდევ უფრო გაუარესებული იქნება მომავალ დასკვნებში.
- თუმცა, სახელმწიფოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბრიგადების რაოდენობის დეფიციტი არ არის...
- სულ მოსახლეზე გადათვლით ბრიგადების რაოდენობა შეიძლება შეესაბამებოდეს სტანდარტს, მაგრამ საჭირო ბრიგადის რაოდენობა ითვლება არამარტო სულ მოსახლეზე გადათვლით, არამედ მიღებული გამოძახების რაოდენობით და დაფიქსირებული საჭიროებების ისტორიული მონაცემების გაანალიზებით. მიღებული ზარების რაოდენობის, გეოგრაფიული რელიეფის, საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და რეგიონების განლაგებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს რეალური საჭიროებების, მათ შორის საჭირო ბრიგადების რაოდენობის დადგენა.
- არის პრეტენზია მოქალქეების მისამართითაც. მაგალითად, ხშირად უმიზეზოდ რეკავენ სასწრაფოში, როდესაც ამის საჭიროება არ არის უბრალო წნევის ან ტემპერატურის შემთხვევაში, როგორც ისინი ამბობენ. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?
- იქ, სადაც მოშლილია პირველადი ჯანდაცვა, გამოძახებების რიცხვი ყოველთვის მაღალი იქნება და იმის მტკიცება, რომ რატომ რეკავენ სასწრაფოში მოქალაქეები ასე ხშირად „უბრალო წნევის“ დროსო, ეს არის სამარცხვინო განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან. იმიტომ რეკავენ, რომ მოუწესრიგებელია ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, არ ხდება დაავადებების პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა. მოშლილია საზოგადოებრივი ჯანდაცვა და, შესაბამისად, მოქალქე თვითონ ვერ შეაფასებს საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკს და თვითმკურნალობას ვერ დაიწყებს. მსგავს სამარცხვინო და არაკომპეტენტურ განცხადებებს ჯანდაცვის უწყებაში არ უნდა აკეთებდნენ. კიდევ ვიმეორებ, აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ბრიგადების ოპტიმალური გადანაწილება როგორც მოსახლეობის რაოდენობისა და გეოგრაფიული პრინციპების, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე მოთხოვნისა და მისი განმაპირობებელი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით.
- თქვენ ახსენეთ ასევე პაციენტის გადაყვანის წესი და კოორდინაცია.
- მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს ქვეყნის მასტშაბით ჰოსპიტალიზაციის ერთიანი სქემა და პაციენტის გადაყვანის მკვეთრად განსაზღვრული კრიტერიუმები. ასევე, ხშირ შემთხვევაში ბრიგადებს არ აქვთ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებზე, როგორიცაა სამედიცინო ნებართვები, საქმიანობის პროფილი, თავისუფალი ადგილები და ოპტიმალური რეფერალისთვის საჭირო სხვა საკითხები. ამ ინფორმაციის განახლებაზე კი ჯანდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი. მსგავსი არასრული ინფორმაციისა და მზარდი გამოძახებების პირობებში, არსებობს რისკი იმისა, რომ პაციენტმა ვერ მიიღოს დროული დახმარება. ცუდ მენეჯმენტთან ერთად, არ გამოვრიცხავ გარკვეულ კორუფციულ გარიგებებსაც, რაზეც პირად საუბრებში ხშირად მიანიშნებენ ხოლმე სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები, როდესაც გარკვეული ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ კონკრეტულ დაწესებულებებში გადაყავთ პაციენტი, რომელსაც ძვირად ღირებული მომსახურება ოპერაცია ან სხვა ჩარევა დასჭირდება. ეს რა თქმა უნდა, სერიოზულ მოკვლევას და შემდგომ გამოძიებას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ძნელი ასახსნელია მაგალითად ის, 693 შემთხვევა ერთი წლის განმავლობაში, როდესაც გულის არეში ტკივილის მქონე პაციენტები გადაყვანილი იყვნენ დაწესებულებებში, რომელთაც არ ჰქონდათ ნებართვა ინტერვენციულ კარდიოლოგიაში, ან ის 335 შემთხვევა, როდესაც ისნის რაიონში გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ, შემდგომში პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა დიღმის მასივში არსებულ საავადმყოფოებში, მაშინ, როდესაც ისანში თითქმის ყველა სახის პროფილური კლინიკა არსებობს.
ასე, რომ მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს ირეაგიროს უსწრაფესად, რომ აღმოიფხვრას ის ქაოსი, რაც დღეს არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების კუთხით.