გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ოფიციალურად გახსნა პარლამენტის ახალი სხდომა მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ გასულ კვირას არჩევნებში ფართო გამარჯვება მოიპოვა.
ბრიტანული სამეფო ტრადიციის მიხედვით, მონარქი თავის სიტყვას პარლამენტის ლორდთა პალატის დარბაზში წარმოთქვამს.
გაერთიანებული სამეფოს მონარქები სიტყვას თემთა პალატაში, როგორც წესი, არ წარმოთქვამენ, ნიშნად თემთა პალატის მონარქისგან დამოუკიდებლობისა.
მონარქის ტრადიციულ მიმართვას მთავრობის წევრები წერენ, რის შემდეგაც ტექსტს ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანცელარია.
დედოფალმა თავის სიტყვაში მთავრობის მუშაობის პრიორიტეტები დაასახელა. თავისი სიტყვის დასაწყისში ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომ მისი მთავრობის ამოცანაა, ქვეყანამ ევროკავშირი 31 იანვარს დატოვოს.
სამთავორობო პროგრამის პრიორიტეტად დასახელდა ასევე ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეფორმირება და დაფინანსების ზრდა.
დედოფალმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას, როგორც ევროკავშირთან, ასევე სხვა ქვეყნებთან.
წელს ელისაბედ მეორე პარლამენტის სესია მეორედ გახსნა, ამიტომ ცერემონია ნაკლებად საზეიმო იყო.
პირველად ამ წელს პარლამენტის წინაშე დედოფალი 14 ოქტომბერს წარსდგა.