დღეს, 14 ოქტომბერს, გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ტრადიციული სიტყვით გახსნა ბრიტანეთის პარლამენტის სხდომა.
ბრიტანული სამეფო ტრადიციის მიხედვით, მონარქი თავის სიტყვას პარლამენტის ლორდთა პალატის დარბაზში წარმოთქვამს.
გაერთიანებული სამეფოს მონარქები სიტყვას თემთა პალატაში, როგორც წესი, არ წარმოთქვამენ, ნიშნად თემთა პალატის მონარქისგან დამოუკიდებლობისა.
დედოფლის სამეფო კარეტით, ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერამდე სვლას, ათასობით ადამიანი დაესწრო.
დედოფალმა თავის სიტყვაში მთავრობის მუშაობის პრიორიტეტები დაასახელა. თავისი სიტყვის დასაწყისში ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომ მისი მთავრობის ამოცანაა, ქვეყანამ ევროკავშირი 31 ოქტომბერს დატოვოს.
ელისაბედ მეორის თქმით, მისი მთავრობა ევროკავშირის დატოვების პარალელურად, აპირებს შეიმუშავოს ევროგაერთიანებასთან თანამშრომლობის ახალი სქემა, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ბრიტანეთის ეკონომიკის მდგრადობას.
"ჩემი მთავრობა 31 ოქტომბერს აპირებს ევროკავშირიდან გასვლას. ის ასევე აპირებს იმუშაოს ევროკავშირთან ახალ პარტნიორობაზე, რომელიც ემყარება თავისუფალი ვაჭრობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპებს", - თქვა დედოფალმა.
დედოფალმა დაასახელა ასევე მთავრობის საშინაო პრიორიტეტები:
თავისუფალი გადაადგილების პრინციპების შემუშავება და ევროკავშირის მოქალაქეების ბრიტანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების საკითხის გადაწყვეტა;
ინვესტიცია ჯანდაცვაში;
ფსიქიკური ჯანმრთელობის კანონმდებლობის გაუმჯობესება;
პოლიციის რეფორმირება;
დაგროვებითი პენსიის სისტემის ზედამხედველობა;
ეროვნული ინფრასტრუქტურის სტრატეგიის გაუმჯობესება;
მეცნიერებისა და კოსმოსის შესწავლის დაფინანსება;
თავდაცვის ხარჯების შენარჩუნება მშპ-ის 2%-ზე;
გარემოს დაცვა.
მონარქის ტრადიციულ მიმართვას მთავრობის წევრები წერენ, რის შემდეგაც ტექსტს ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანცელარია.