დღეს, 3 ოქტომბერს გერმანიის გაერთიანებიდან 20 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით ბერლინში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გერმანიის მთავრობის სახელით მრავალი ღონისძიება გაიმართება.
ამ დღესთან დაკავშირებით, გერმანიის საელჩო საქართველოში სპეციალურ საზეიმო მიღებას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის მოღვაწეები მიიღებენ.
1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითად კანონს შეუერთდა და საბოლოოდ გაერთიანდა ორი ქვეყანა, რომლებსაც 28 წლის განმავლობაში (1961 წლის 13 აგვისტოდან 1989 წლის 9 ნოემბრამდე) ბერლინის კედელი ყოფდა.
გერმანია ორ რესპუბლიკად 1961 წლის 13 აგვისტოს გაიყო. გამთენიისას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მცხოვრებლებს გერმანიის საზოგადოებრივმა სააგენტომ ვარშავის ხელშეკრულების შინაარსი ამცნო. 13 აგვისტოს დილიდან გერმანელებს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და დასავლეთ გერმანიას შორის საზღვარი დახვდათ. სწორედ მაშინ აიგო ცივი ომის სიმბოლო _ "ბერლინის კედელი". ვინც კი მის გადაკვეთას მოინდომებდა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მესაზღვრეებს # 101 ბრძანებით ცეცხლი უნდა გაეხსნათ. კედლის გადაკვეთის პირველი მსხვერპლი აღმოსავლეთ გერმანიის მაცხოვრებელი რუდოლფ ურბანი იყო.
კედლის გადაკვეთის მსურველი ბოლო მსხვერპლი კი 20 წლის კრის გეფფროი იყო. მან #101 ბრძანების გაუქმებამდე ორი კვირით ადრე კედელზე გადახტომა სცადა, რის გამოც სიცოცხლეს გამოასალმეს. კედლის სიმაღლე 6 მეტრი, სიგრძე კი 155 კილომეტრი იყო, მას 600 მოდარაჯე ძაღლი იცავდა. კედელზე 302 საგუშაგო ფუნქციონირებდა.
სტატისტიკური მონაცემებით, კედლის გადაკვეთა მისი აღმართვიდან 5043 ადამიანმა შეძლო, მათ შორის 574 სამხედრო იყო. კედლის გადაკვეთის ოპერაციის მომზადებისთვის სულ დაპატიმრებული იყო 60 ათასზე მეტი ადამიანი. უშუალოდ კედელთან დაპატიმრებულია 3221 ადამიანი. ბერლინის კედლის გადაკვეთისას ლიკვიდირებულია 1008 ადამიანი, მათ შორის 40-ზე მეტი ბავშვი და 60 _ ქალი. ბერლინის კედლის არსებობის განმავლობაში მისი დანგრევისა და შტურმით აღების 35 შემთხვევაა დაფიქსირებული.
1990 წლის 16 ივლისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ჰელმუდ კოლმა და საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა ჟელეზნოვოდსკში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირი გერმანიის გაერთიანებასა და მის ნატოში შესვლას ეთანხმებოდა. გაერთიანებული გერმანია კი საბჭოთა კავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის ვალდებულებას იღებდა. ეს შეთანხმება გახდა საბჭოთა კავშირის მხრიდან საბოლოო თანხმობა ორი გერმანიის გაერთიანების თაობაზე.