ბათუმის ისტორია არაერთი ცნობილი ადამიანის შესახებ ინახავს ინფორმაციას. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ ისტორიის მონაწილე იყო, ზოგიერთი კი – მოგზაური, რომელიც სულ რამდენიმე დღით ან კვირით იმყოფებოდა ბათუმში, თუმცა ამ ქალაქმა მათზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ამჯერად ხუთი ადამიანის შესახებ მოგიყვებით, რომელთა სახელები ძველ ბათუმს უკავშირდება.
ნორვეგიელი მწერლის მოგზაურობა
1899 წელს, დილას, ბათუმის რკინიგზის სადგურში, თბილისი-ბათუმის მატარებლიდან შლაპიანი კაცი ჩამოვიდა ხელში მომცრო ჩემოდნით და პენსნე შეისწორა. ბაქანზე ხალხი ირეოდა, ბათუმელები ჩამოსულებს ხვდებოდნენ, იყო გადაძახილ-გადმოძახილი და მოკითხვები.
კაცს კნუტ ჰამსუნი ერქვა, ნორვეგიელი იყო და მართალია, ბათუმში ცოტას თუ გაეგო მისი სახელი, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი - "შიმშილი" - უკვე დაწერილი ჰქონდა.
ჰამსუნი კავკასიაში მოგზაურობდა. ბათუმში ჩამოსვლამდე უკვე იყო ბაქოსა და თბილისში. პატარა, ზღვისპირა ქალაქში ჩამოსვლა, სადაც იმ დროისათვის 18 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, არ შედიოდა მის გეგმებში, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჰამსუნი აქ ჩამოვიდა და მოგვიანებით ეს მოგზაურობა აღწერა კიდევ წიგნში "ზღაპრული ქვეყანა".
ჰამსუნის სამოგზაურო ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ის ზღვის პირას ცხოვრობდა სასტუმრო "ბელ ვიუში" და ფანჯრიდან ხედავდა ზღვაში მობანავე ხალხს.
ბათუმში კნუტ ჰამსუნი ბევრს სეირნობდა ქალაქის ქუჩებში, აკვირდებოდა ხალხს, შედიოდა სავაჭრო დუქნებსა და რესტორნებში. ბათუმის ცხოვრების რიტმმა და განსაკუთრებით ბათუმის ბულვარმა, მას ამერიკის სამხრეთის შტატები გაახსენა.
"საღამოობით აქ ხალხი და ეტლები დასეირნობენ. ფიცხი ცხენები, აბრეშუმის სამოსლის შრიალი, ქოლგები, ქალიშვილების ღიმილი, მისალმების რევერანსები - ყველაფერი ისეა, როგორც სამხრეთის შტატების ქალაქებში. არიან აქ კუდაბზიკებიც, ფრანტებიც - მაღალი, მანჟეტისმაგვარი საყელოებით, აბრეშუმის პერანგებით, გვერდზე მოგდებული ქუდებით და მსხვილი ხელჯოხებით…
…სასტუმროს რესტორანში ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი საზოგადოება იყრის თავს - ევროპულ კერძებს უკვეთავენ და შამპანურს სვამენ…. სამხრეთის შტატების მცხოვრებთა ჩვევები აქ განსაკუთრებით მაშინ მჟღავნდება, როცა სტუმრები რესტორანში ანგარიშს ასწორებენ. საჭიროა თუ არა, მსხვილი კუპიურებით უყვართ გადახდა. კელნერი იძულებულია, ეს კუპიურა რესტორნის პატრონს დაახურდავებინოს. სამაგიეროდ, უხვად მას ასაჩუქრებენ. ბოთლებსა და ჭიქებში უსათუოდ სასმელს ტოვებენ".
ჰამსუნი წერს, რომ სწორედ ბათუმის ბულვარში ნახა ფრანტი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე წვრილჭვინტიანი ლაქის ფეხსაცმელი ეცვა.
ბათუმში ჩამოსულ კნუტ ჰამსუნს ციებამ შეუტია, რამდენჯერმე ქალაქის ქუჩებში სეირნობის დროს ცუდადაც კი გამხდარა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც აღტაცებული საუბრობს აქაურ კლიმატზე. ციებამ ბათუმიდან გამგზავრების წინა საღამოსაც დაასუსტა. წამალი აღარ ჰქონდა, ამიტომ სასტუმროს წინ, დუქანში, კონიაკი იყიდა და ასე "იმკურნალა".
"ამაზე უფრო მშვენიერი ზღაპარი აღარ გადამხდება, ალბათ, არასოდეს", - სწერდა კნუტ ჰამსუნი თავის მეგობარს. "ეს სხვა სამყაროა, ადამიანები იქ უფრო ლამაზები არიან, ღვინო უფრო წითელია და მთები კიდევ - მაღალი".
კნუტ ჰამსუნის ბათუმში მოგზაურობისას ამ ქალაქში უკვე ცხოვრობდა ოჯახი, რომლის გვარიც ჰამსუნის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი ბათუმში ერთმანეთს არ შეხვედრიან, თორემ 20 წლის შემდეგ, როცა ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, მას უთუოდ გაახსენდებოდა ბათუმი, სადაც გაიცნო ამ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გვარის, ნობელის ოჯახის წევრი.
ძმები ნობელების ისტორია ბათუმში
1879 წელს რობერტ ნობელი ბაქოში ჩავიდა და ნავთობის ჭაბურღილებით დაინტერესდა. სწორედ იქ დაებადა იდეა, შეექმნა ძმები ნობელების ამხანაგობა და ამის შესახებ ძმას, ლუდვიგს მისწერა. ლუდვიგ ნობელს იდეა მოეწონა, პროექტის განხორციელებაში კი ძმებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნობელი, ალფრედი დაეხმარა, რომლის სახელსაც დინამიტის გამოგონება და ნობელის პრემიის დაარსება უკავშირდება. ალფრედ ნობელს ნავთობის მიმართ ინტერესი მანამდე არ ჰქონია, იგი ძმების კომერციულ ალღოს ენდო.
ასე შეიქმნა ძმები ნობელების ამხანაგობა, რომელმაც ბათუმის ისტორიაში დიდი როლი შეასრულა.
"ბრანობელი" - ასე უწოდებდნენ შემოკლებით ნობელების კომპანიას ბათუმში.
1905 წელს ძმები ნობელების ამხანაგობამ ბაქო-ბათუმის თითქმის 900-კილომეტრიანი ნავთობსადენის მშენებლობა დააფინანსა, რამაც ტვირთბრუნვა და ნობელების შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს ბათუმის შემოგარენში, ახლა უკვე თამარის დასახლებად წოდებულ ადგილას, ორსართულიანი შენობა გამოჩნდა, - ძმები ნობელების სააგარაკო სახლი.
საბჭოთა ბათუმში ამ სახლს "მდიდრის" ან "გუბერნატორის სახლს" ეძახდნენ. XX საუკუნის შუა წლებამდე ნობელების სახლს კუპიდონებით მოხატული ჭერი და იშვიათი მასალით მოპირკეთებული ღუმელი ჰქონდა, სადაც, ზამთარში, ბათუმური დაუსრულებელი წვიმის დროს, ალფრედ ნობელს ვარდის მურაბიანი ჩაის დალევა ჰყვარებია.
მოგვიანებით ღუმელი დაანგრიეს და მოხატული ჭერი შეათეთრეს. 2007 წლიდან აქ ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი გაიხსნა, რომლის დათვალიერებაც შეგიძლიათ.
მუზეუმის პირველ სართულზე, კედელზე, ძმები ნობელების ამხანაგობის რუკაა გაკრული, მასზე წითლადაა აღნიშნული ის ადგილები, სადაც ნობელებს კომერციული ინტერესები ჰქონდათ, მათ შორისაა ბათუმიც, ნავსადგური, საიდანაც მე-19 საუკუნის ბოლოს მსოფლიო ნავთობის 25 პროცენტზე მეტი გადიოდა და ძმები ნობელები არ იყვნენ ერთადერთნი, რომელთა ინტრესები ამ ქალაქს უკავშირდებოდა. მრავალ გვარს შორის იყო კიდევ ერთი, ნობელებზე არანაკლებ ცნობილი გვარი - ალფონს როტშილდი როტშილდების ცნობილი დინასტიიდან.
მილიონერი ბარონის სახლი ბათუმში
"კასპია-შავი ზღვის ნავთობსამრეწველო და სავაჭრო ორგანიზაცია" - ასე ეწოდებოდა ალფონს როტშილდის კომპანიას, რომელსაც თავდაპირველად ნავთის ბიდონების ქარხანა ჰქონდა ბათუმში, შემდეგ კი კომპანიამ საქმიანობა გააფართოვა და ქარხნის გარდა საკუთარი ნავმისადგომებიც კი ჰქონდა ბათუმის ნავსადგურში.
ბარონ როტშილდის სახელი ბათუმის ისტორიას 1880-იან წლებში დაუკავშირდა, როცა ბათუმი, როგორც მსოფლიო რუკაზე მონიშნული ნავსადგური, სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა. ბათუმის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო რკინიგზა, რომლითაც ბათუმი თბილისსა და ბაქოს დაუკავშირდებოდა და ბათუმიდან ნავთობის გადაზიდვას კიდევ უფრო მომგებიანს გახდიდა. ბარონ როტშილდს რკინიგზის მნიშვნელობა კარგად ესმოდა, ამიტომაც მან სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 10 ათასი აშშ დოლარით დააფინანსა.
მე-19 საუკუნის ბოლოს ალფონს როტშილდმა ბათუმში, ბულვართან ახლოს, სახლის აშენება დაიწყო. სახლი ზღვას და ბულვარს უყურებდა. სამშენებლო მასალა საფრანგეთიდან ჩამოიტანეს, ორსართულიანი სახლი მდიდრულად გამოიყურებოდა და დღემდე ასეა.
როტშილდის სახლმა ისტორიის ბევრ განსაცდელს გაუძლო და დღესაც დგას ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ოღონდ მას არა როტშილდის, არამედ ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის სახელით იცნობენ.
ბათუმელი საბედისწერო ქალის შეხვედრა ნობელიანტ მწერალთან
1919 წელს ბათუმში კიდევ ერთი ნობელიანტი, ცნობილი ბერძენი მწერალი, ნიკოს კაზანძაკისი ჩამოვიდა. მის ბათუმში ყოფნის პერიოდს მოგზაურობას ვერ დავარქმევთ, მწერალს საგანგებო მისია ჰქონდა, იგი საბერძნეთის მთავრობამ ბათუმში ბერძენი ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხის შესასწავლად გამოგზავნა.
ბათუმში ნიკოს კაზანძაკისმა ორი კვირა დაჰყო და ეს პერიოდი საბედისწერო აღმოჩნდა არა მარტო მისთვის, არამედ ერთი ბათუმელი ქალისთვისაც. "მშვენიერი ქართველი ქალი, ბარბარე ნიკოლოზის ასული" - ასე მოიხსენიებს მას კაზანძაკისი.
ხანმოკლე რომანი კაზანძაკისმა აღწერა თავის უკანასკნელ წიგნში - "აღსარება გრეკოსთან", რომელიც 74 წლის ასაკში დაწერა. წიგნის ერთ-ერთ თავს, სადაც ბათუმელ ქალთან შეხვედრაა აღწერილი, "კავკასია" ეწოდება.
"არასდროს შემხვედრია უფრო ლამაზი ქალი. არა, ლამაზი კი არა, რაღაც სხვა იყო, რასაც ვერ იტევენ სიტყვები - თვალები მწვანე, მომნუსხველი და საშიში, და ვითარცა გველის, ხმა ოდნავ ხრიწიანი, სავსე დაპირებებით, უარყოფით და სიტკბოთი. ვუცქერდი და ვფიქრობდი: ეს წუთი აღარასოდეს განმეორდება. ამ ქალს ვეღარასოდეს შევხვდები. მილიარდობით წლებმა იღვაწეს, ურიცხვმა თავგადასავლებმა, შემთხვევებმა, ბედისწერამ, რომ შობილიყო ეს ქალი და ეს კაცი და ერთმანეთს შეხვედროდნენ კავკასიის ერთ სანაპიროზე, ამ არაბული ლერწმებით მორთულ ეზოში. რა ვქნათ, გავუშვათ ეს ღვთაებრივი წამი? ქალი შემობრუნდა, მილულა თვალები.
– ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მითხრა, გინდა გავიქცეთ?
ავცახცახდი, რასაც ვნატრობდი და თქმას ვერ ვბედავდი, ქალმა გაბედა და თქვა.
– გავიქცეთ! ვუთხარი, სად წავიდეთ?
– სადმე შორს აქედან, მომბეზრდა ჩემი ქმარი, აქ ვიხრჩობი, ვჭკნები, მენანება ჩემი სხეული ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მენანება, მოდი გავიქცეთ.
– და მერე მოვალეობა ბარბარა ნიკოლაევნა, ათასობით ადამიანი ჩემსგან რომ ელის შველას?
ქალმა თავი გადააქნია, შეიხსნა ოქროსფერი ბაფთა თმებზე, ჩამოეშალა ოქროსფერი ქერა თმები მხრებზე, ტუჩები მოკუმა ჯიუტად.
– მოვალეობა! თქვა სარკასტულად. ერთი რამ ისწავლე ჩემგან, ერთი მოვალეობა გაკისრია: ნუ მისცემ საშუალებას, რომ ბედნიერება გაგექცეს. ხელი სტაცე თმაში. მტაცე ხელი თმაში, ნიკოლაი მიხაილოვიჩ, ვერავინ გვხედავს.
ვუცქერდი ზღვას. მხოლოდ დემონები იბრძოდნენ ჩემში. არც ერთი ანგელოსი. ბედისწერა ჩამსაფრებოდა და მელოდა. გავიდა ხანი. წამოფრინდა ქალი მთლად ფერგამკრთალი.
მორჩა! – მითხრა, – არ დამთანხმდი მაშინვე, აწონ-დაწონე სარგებელი და დანაკარგი, მორჩა! ახლა რომ მოინდომო, მე აღარ დაგთანხმდები". [წიგნიდან "დიდი ხანძრის მეწამული ანარეკლი". ავტორი: თამარ მესხი]
ბერძნეთა რეპატრიაციის საქმე მწერალმა დაასრულა, მაგრამ მოგონება ბარბარე ნიკოლოზის ასულზე მას მოსვენებას მთელი ცხოვრება არ აძლევდა.
თავის ბოლო ნაწარმოებში კაზანძაკისი წერს:
"ათასი წლის შემდეგ, გაუხარელი სიბერის ჟამს, ვხუჭავ თვალებს და კვლავ იზრდებიან არაბული ლერწმები, ეხეთქება შავი ზღვა ჩემს საფეთქლებს, მოდის ბარბარე ნიკოლოზის ასული და დამიჯდება წინ, სკამზე კი არა, ფეხმორთხმული, თეთრ კენჭებზე: ვუცქერ, ვუცქერ და ვფიქრობ: ნეტავ, სწორად მოვიქეცი, რომ არ ვსტაცე ღვთაებრივ წამს ხელი თმაში?!"
„შაგანე, ჩემი შაგანე“ – ლექსი, რომელიც ბათუმელ ქალს ეძღვება
ბათუმს უკავშირდება კიდევ ერთი ცნობილი პოეტი კაცისა და ბათუმელი ქალის ისტორია. კაცს სერგეი ესენინი ერქვა და იმ დროისათვის უკვე ძალიან ცნობილი პოეტი იყო.
ესენინი ბათუმში 1924 წლის დეკემბერში
ჩამოვიდა, ცივ და თოვლიან ზამთარში. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა თოვლის სიმაღლე ბათუმში ერთ მეტრს ასცდა.
"ასე ბევრი და ასე ადვილად ცხოვრებაში ძალიან იშვიათად იწერება, ძალიან კარგად ვმუშაობო", - სწერდა პოეტი მოსკოველ მეგობარს. მართლაც, ორი თვის განმავლობაში ესენინმა "სპარსულ მოტივებზე" და "ანა სნეგინაზე" მუშაობა დაასრულა და რამდენიმე ლექსიც დაწერა.
29 წლის ცისფერთვალება, ცნობილი პოეტი ალბათ ბათუმელი გოგოების ყურადღებას იოლად იქცევდა, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთს მიუძღვნა ლექსი, რომელიც ესენინის პოეზიის ყველა თაყვანისმცემელმა კარგად იცის.
ლექსს ჰქვია "შაგანე, ჩემო შაგანე" და იგი ბათუმელ მასწავლებელს, შაგანე ტალიანს მიუძღვნა პოეტმა.
ესენინი ხშირი სტუმარი იყო შაგანეს სახლში, ყვავილებს ჩუქნიდა და ერთ დღესაც თავისი ახალი ლექსი წაუკითხა. პოეტმა მას თავისი ლექსების კრებულიც აჩუქა წარწერით: „ჩემო ძვირფასო შაგანე, თქვენ სასიამოვნო და სანდომიანი ხართ ჩემთვის".
მოგვიანებით შაგანე ტალიანი მოგონებებში წერდა, ისე ზრუნავდა ჩემზე, როგორც პატარა ბავშვზე, მეძახდა "ძვირფასო შაგანეს" და ხშირად მივყავდი სასეირნოდ ქალაქის ქუჩებშიო.
წყარო: GoBatumi