ირაკლი აბაშიძის თაობა ტოტალიტალური სახელმწიფოს ბნელი იდეოლოგიის მსხვერპლი იყო. მწერლობა ბეწვის ხიდზე გადიოდა, ზოგს ჩაუტყდა ეს ხიდი, ბევრმა ნაპირს ვერ მიაღწია და, ვინც გადარჩა (ტრაგიკული შეკითხვა: “თუ ხარ კაცი, რატომ გადარჩი?”) ღვთის ნებით გადარჩა, თუმცა პოეტმა ეს ეპოქა ცეცხლთან თამაშს შეადარა: “მუდამ მზად ყოფნა, / განუწყვეტელად ცეცხლთან თამაში... / იყო, დრო იყო, იყო ლეწვა, უსამართლობა - / პასუხს ვინ აგებს, პასუხს ვის სთხოვ ცივ აკლდამაში”.
თანამედროვე რაციონალიზმისა და პრაგმატიზმის პირობებში, როცა, უმთავრესად, პროკურორის როლშია ადამიანი, შეუძლებელია ორი ტიპის ნარატივი: დიალოგი ღმერთთან და დიალოგი საკუთარ თავთან - გააზრებული იყოს განკითხვის გარეშე. ისტორიის ქერქში შესვლა, როგორც იტყოდა ილია ჭავჭავაძე, გულისხმობს თანაგანცდას, თანაარსებობას, თანამონაწილეობას, რათა არ დავრჩეთ სასტიკი და დაუნდობელი დროის სუბიექტურ შემფასებლად. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მძაფრდება თაობათა უკომპრომისობა უკვე გარდასული მოვლენისა თუ ფაქტის, ზოგადად, ისტორიის მიმართ. რადიკალიზმი ანგარიშსწორებაში გადადის, ამიტომაც წერდა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ბედისწერასავით დაძრული და აზვირთებული მასების დაუმთავრებელი განკითხვით შეწუხებული პოეტი: “მაგრამ ჯერ ერთხანს / ანგარიშის არის სწორება”.
თავადაც დაუდგა ირაკლი აბაშიძეს (თანაც არაერთხელ) ღირებულებათა გადაფასების, ყოფიერების კრიზისი (“ო, წლები, წლები გადაფასების, / ახლა რომ ყველა სიზმრის წელია”). ბოლო პერიოდში წერდა: გახსენება არ მინდა ზოგიერთის ვისამე და რისამეო, მაგრამ ეს იყო საკუთარ თავთან დარჩენილი (ბამბუკის ჯოხით, ჩალისფერ ჩოხით) ინტელექტუალის მწვავე განცდებად დაღვრილი ფიქრები, რომლებმაც ათქმევინა: იქნება ჯობდა... გეარა შენთვის, / შენი ქუდით, შენი ნაბიჯით, / გეფურცლა შენი სევდის ბაღის / ვარდის ფურცელი... გეარა შენთვის, შენი ღმერთით, / შენი წინამძღვრით”. დასკვნა კატეგორიული იყო: “ჯობდა, ჯობდა ნამდვილად / უფრო საკუთრად, უფრო ლაღად, უფრო ადვილად”...
ასეთი დიალოგიზებული მონოლოგი საკუთარ თავთან გულწრფელი ადამიანის აღსარებაა, განვლილი ცხოვრების კორექტივია. არ უნდა იყოს უცხო და გაუგებარი მკითხველისთვის ავტორის ინტონაცია, ტექსტის კონოტაციურ დონეზე ამოკითხვის აუცილებლობასაც რომ ითხოვს. ბუნებრივი და ყოვლად ადამიანურია საკუთარი ცხოვრების ანალიზი, არაფერი უცნაური ამაში არ იკითხება. მთავარია, კარგ მთქმელს კარგი გამგონე ჰყავდეს, უფრო სწორად, დიალოგში ჩართული მეორე მხარე მზად იყოს მოსასმენად, რადგან საუბარი ნიშნავს მოსმენას და გაგებას, თანამონაწილეობას. ირაკლი აბაშიძის ჯერ შეკითხვა, “იქნება ჯობდა?!” და შემდეგ დასკვნა - “ჯობდა ნამდვილად!” - არ არის მის ცნობიერში არსებული ან გაჩენილი უფსკრულის გამოხატულება – ეს არის თვითგვემამდე მისული თვითკრიტიკა, დროის დისტანციიდან რაღაცის გადაწყობის, ვექტორების შეცვლის სურვილი, რომელიც არამც და არამც არ გულისხმობს განვლილი გზის უარყოფას, ყველაფრის გადაფასებას. “საკუთარი ცნობადისგან ჩავარდების კაცი ჭირსა” - ბრძანა რუსთაველმა. ირაკლი აბაშიძეს აზროვნება და მედიტაცია ტვირთად აწვა. თავადაც ასე ათქმევინა რუსთაველს: “მე მხოლოდ განსჯის, / მხოლოდ განსჯის ვიყავ მლოცველი”. პოეზიაშიც და პირადს ცხოვრებაშიც “ცდილობდა, პასუხი გაეცა ყოფნა-არყოფნის ჯერაც ამოუხსნელი დილემისათვის” (ე. მაღრაძე). ალბათ, ამიტომაც უწოდა თავისი სიცოცხლის 80 წელს “სულ ეკალივით ვარდი, / სულ სიზმარივით ცხადი”.
რით უნდა შეფასდეს პოეტის ტალანტი? - რა თქმა უნდა, ყველა მკვლევარს ექნება თავისი პასუხი, რომელიც დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, სულიერ-ინტელექტუალურ მზაობაზე მოცემულ მომენტში, განწყობასა თუ ესთეტიკურ გემოვნებაზე... ჩვენთვის პრიორიტეტულია, ზოგადად, მწერლის ენობრივი სტიქია, ფრაზის შინაგანი დინამიკა, ესთეტიკურ-პოეტიკური ნაკადი, სიტყვიერი ორნამენტი, სიტყვაში გაცოცხლებული იდეა, დროისა და საგნის სული - და ეს ყველაფერი სრულად გამოვლინდა ქართული პოეზიის იმ იშვიათ ნიმუშში, ირაკლი აბაშიძემ “რუსთაველის ნაკვალევზე” და “პალესტინა, პალესტინა” რომ უწოდა. უბრალოების გასაოცარი ეფექტი, სიმარტივის უნივერსალიზმი, ენაში ხატებად გარდაქმნილი წარსულის (და, თანაც, როგორი წარსულის!) მთელი გამოცდილება, ერთდროულად ტრაგიკული და ლირიკული ისტორია რუსთაველისა, რომელიც მთრთოლვარედ მოგვითხრო პოეტმა და თავად იქცა იდუმალ ხმათა მეტყველად.
გაქანებული კომუნიზმის ეპოქაში იქმნება და იწერება იმ რანგის პოეზია, რომელიც სათქმელის სიღრმით, პოეტური სახეების ფერადოვნებითა და სისადავით, არა მხოლოდ ხიბლავს, არამედ შეძრავს მკითხველს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება, რომელიც განაპირობებდა ირაკლი აბაშიძის ახალი პოეზიის დაბადებას. თავად პოეტი ცხოვრების ბოლოს ასე წერდა: “მე-20 ყრილობაზე, პიროვნების კულტის გამჟღავნების შემდეგ, პირადად ჩემთვის ყველაფერი საბოლოოდ გაირკვა და მეც იქვე განვსაზღვრე ჩემი შემდგომი სიცოცხლის და შემოქმედების აზრი. დიახ, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი პერიოდი, ახლებურად გააზრებული გზა, რომელსაც მე “რუსთაველის ნაკვალევზე” დავარქვი და საითკენაც მე ჩემი პოეტური კალმით მოვუწოდე ჩემს მკითხველს და მთელ ჩემს ქვეყანასაც. ეს გახდა ჩემი ერთადერთი იდეური მრწამსი, ჩემი პოლიტიკური პარტია” პოეტის მიერ ამ ახლებურად გააზრებულ გზაზე კიდევ ერთი ბიძგი გაჩნდა. 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიამ დათრგუნა ქართველი ადამიანი, ჩაუკლა სული და ეროვნული თავმოყვარეობა: “ფიზიკურად შეურაცხყოფილი, განადგურებული ახალგაზრდა გენი, რომელსაც ეროვნული ტკივილით უფეთქავდა გული, სტალინური მოდელის ერთგულებაში ჩაკვდა და დაიხვრიტა. დაეცა ერის შინაგანი მდგრადობა” (ვ. გურული). სწორედ ასეთ ფონზე ირაკლი აბაშიძე იწყებს რუსთაველის სახელის უკვდავყოფას დასტურად იმისა, კაციჭამიები ვართ თუ, როცა “ვეფხისტყაოსანს” ვწერდით, ჯერ კიდევ ტყეში დარბოდნენ ისინი, ვინც ქართველთა ველურობით აპელირებდა.
გარდა ამისა, გზა რუსთაველის ნაკვალევზე, ანუ ზოგადად სვლა რუსთაველისკენ, ღმერთთან დაბრუნების გზაც იყო. მეოცე საუკუნის საქართველოში ირაკლი აბაშიძის თაოსნობით მოწყობილმა ყველაზე გრანდიოზულმა დღესასწაულმა - რუსთაველის 800 წლის იუბილემ “წერტილი დაუსვა ქართველთა ლანძღვა-გინებას” (მ. ბერძენიშვილი) და მაშინ, როცა მთელ საბჭოეთში (და მის გარეთაც) ამსხვრევდნენ ქართველი ბელადის (წარმომავლობაზე აქცენტებით) ძეგლებს, უპირველესი ქართველის - რუსთაველის ძეგლი აღიმართა სწორედ საბჭოეთის დედაქალაქში, მოსკოვში. ქართველმა ადამიანმა დაიბრუნა რწმენა საკუთარი თავისა და შესაძლებლობისა. იუბილეს საზეიმო გახსნაზე, ალბათ, შემთხვევით არ დაასრულა თავისი გამოსვლა ირაკლი აბაშიძემ სიტყვებით: “დღევანდელ ადამიანს, მსგავსად ტარიელისა, არ აკლია სიბრძნე, არ აკლია ძალმოსილება, ოღონდ ტარიელისავე მსგავსად, ბოროტებისა და საშიშროების წინაშე მას დაკარგული აქვს თავისი ძალების რწმენა, თითქოს აღარც კი სჯერა, რომ შეძლებს ეს სიბრძნე და ძალმოსილება მოიხმაროს ბოროტების დასათრგუნავად... მივაშველოთ ტარიელს ავთანდილი, დავუბრუნოთ ადამიანს რწმენა!”
რუსთაველი-აბაშიძის შეხვედრის ეს დიადი წუთები ნათლად წარმოგვიჩენს მოვლენის მნიშვნელობას: XX ს-ის 60-იან წლებში დაიბადა დიდი პოეტი - ირაკლი აბაშიძე. პალესტინაში გადახვეწილ რუსთაველს ასე მიმართავს პოეტი: “გულით წყუროდა შენს შორეულ შთამომავალს წარმოედგინა, რას განიცდიდი და ფიქრობდი შენ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში. მაშ, ეს “ხმები” ისე ჩაუთვალე მას, თითქოს მართლაც გაეგონოს იგი პალესტინის ქართულ ჯვრის მონასტერში, შენს უკანასკნელ თავშესაფარში, შენი დაკარგვიდან შვიდასი წლის შემდეგ”. ეს ეპიგრაფი ციკლისა “პალესტინა, პალესტინა” თავადაა გულიდან ამოხეთქილი და მარადისობაში ჩაძირული პოეტური პროზა. პოეტური გარდასახვის, ფანტაზიის, ცნობიერების, გემოვნების, ცხოვრებისეული სტილისა და ეპოქის ენის, სიტყვასთან და სიცოცხლესთან ჭიდილის ძეგლია “პალესტინა, პალესტინა”, “ჭეშმარიტად მინანქრული პოემები, დიდი ფაქიზი ოსტატობითა და ლექსის იშვიათი ორკესტრირებით შესრულებული” (კ. გამსახურდია). შინაგანი დინამიკა და სულის რიტმი, ამაღლებულობა და ტრაგიზმი გასდევს ამ ციკლს. პოეტის რაინდულ-რომანტიკული ხატება გვაგრძნობინებს, რომ, როცა სიტყვა რუსთაველს ეთმობა, მაშინ სამყაროში სხვა სიტყვის ადგილი აღარ რჩება. ირ. აბაშიძემ “მგოსნის გზნებით და მდევრის გზნებით” იარა ჯვრის მონასტრამდე, ერთი ნატვრით: “ერთ უთქმელ სიზმარს / ვწერდი და ვხევდი, / ერთ უქმნელ სურათს / ვქმნიდი და ვშლიდი, / მე შენს თეთრ აჩრდილს / კვალდაკვალ ვდევდი - / მესმოდა შენი ფეხის ხმა მშვიდი” - ასე ხედავდა, ასე განიცდიდა და ასე უგდებდა ყურს თავის დიდებულ წინაპარს და ამ იდუმალ ხმათა ღაღადში რუსთაველის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ისე გააცოცხლა, რომ ვერც ერთი კინოკამერა ვერ შეძლებდა ასეთი სიღრმით, სიზუსტით, დეტალიზაციით იმის აღდგენას, რაც მან სიტყვით გადმოგვცა. ეს “ხმები” რუსთაველს მიაწერა, ისე კი საკუთარი სულის ამონაკვნესი იყო. პირველი ხმაც “ჯვრის მონასტრის გალავანთან” მოესმა. ეს ლექსი ჰიმნოგრაფის გზნებითაა შექმნილი და “არის ნამდვილი რეკვიემი მზეგადასულ საუკუნეთა” (კ. გამსახურდია).
ჯვრის მონასტრის სამრეკლოსთან სულით შეძრული ლოცულობს რუსთაველი (“ხმა სამრეკლოსთან”) - და მისი ლოცვითი მდგომარეობა ირაკლი აბაშიძეს აძლევს შესაძლებლობას, ყველაფერი დიდ პოეტს “დააბრალოს”, იმ ეპოქით შენიღბოს სატკივარი. ეს ლექსი რუსთაველის გახმიანებული ლოცვაა სამშობლოს მომავალსა და ერის ბედზე. მისი პირველივე სურვილი და ვედრება უზენაესის მიმართ: “არ დაუკეტო საქართველოს პონტის კარები” (ამავე სიტყვებით მთავრდება ლექსიც) ჩრდილოეთისკენ მიმართულ მზერას კი არა, ჩვენს დასავლურ კულტურასთან ორგანულ თანაზიარობას შეგვახსენებს, იმის მწვავე სურვილია, რომ არ მოვწყდეთ მსოფლიო ცივილიზაციას. “არ მომიკვეთო მიწა შენს ჯვარს, შენით ნათელი” - ეს რუსთაველის სიტყვებია, მაგრამ რისი გაცხადებაა ავტორის ეს სულისკვეთება? აქ ხომ პირდაპირაა ნათქვამი ის, რაზეც საუბარი ტოტალიტარულ ეპოქაში, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი იყო. ქართული მიწა, ქრისტეს ნათლითა და მადლით მოსილი და დაცული, არ უნდა მოწყვეტილიყო ჯვარს – ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების, აღდგომისა და ამაღლების სიმბოლოს, ანუ თავად ჯვარცმულ იესოს, მის გზას, ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას. იქნებ, ეს საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობისა და, შესაბამისად, ამ მადლის განსაკუთრებულობის ან აუცილებლობის, სიცოცხლის ცხოველმყოფელ ნაკადებში ჩართვის, ერის სასიცოცხლო პოტენციალის გაძლიერების ერთადერთი საშუალებაც იყო. არა მგონია, სადავო იყოს, რომ აქ ქრისტიანობის ფარული ქადაგებასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, ცენზორი ვერ ჩაწვდა ქვეტექსტს, ყველაფერი რუსთაველის შემდგომ ეპოქას (ანუ დაცემის ხანას) მიაწერა და ამ კონტექსტში წაიკითხა ეს სიტყვებიც: “რად მეჩვენება / ჟამი ჭირთა მოახლოების, / რისხვა განგების, / შემოწყრომა მაღალ სამართლის”. განგების რისხვა და შემოწყრომა, ისტორიულად, ერის გადაგვარებას მოჰყვება. თანდათან მძაფრდება რუსთაველის ლოცვის პათოსიც და ეროვნულ ტკივილამდე ადის: ბედშავი, ბედწამხდარი, ქრისტეს ჯვარს მოწყვეტილი (გაურჯულებული, გაათეისტებული, ქრისტესგან განდგომილი) და დამწყვდეული (!) საქართველო - არ დაგვავიწყდეს, როდის იწერება ეს სიტყვები - ცივილიზებული სამყაროსგან რკინის ფარდით გამოყოფილი, საბჭოთა კავშირის მარწუხებში მომწყვდეული ჩვენი ქვეყანა “მალული ცრემლით” გლოვობდა დაკარგულ სახელმწიფოებრიობასაც და თავისუფლებასაც.
ცხოვრებამ ურთულეს გზებზე ატარა ირაკლი აბაშიძე, ჰქონდა მაღალი პარტიული თანამდებობები, პოლიტიკური რეჟიმი ითხოვდა კომპრომისებს, მაგრამ არ გაუცვლია და არ გაუყიდია არც სამშობლო და არც პირადი ღირსება. სინანული თან სდევდა მის ცხოვრებას, რაღაც სტანჯავდა. არ ასვენებდა “უკვდავი სევდები”, “ეს ხმა გაბმული, ხმა გამკითხავი”, “უკმარისობის უკურნავი სენი”, “კაცური მარცხები”. “ასე ღრმად და რთულად, ფაქიზად და ქვეცნობიერი ტაქტით იქნებ არავინ შეხებია ამ თემას მთელ საბჭოთა პოეზიაში და იშვიათად თუ გასულა ვინმე სამშვიდობოს ასეთი “ბეწვის ხიდით” (გ. მარგველაშვილი). მწვავედ განიცდიდა პოეტი რაღაცას, ძილსა და შვებას რომ უკრთობდა... იქნებ არც არსებობდა რამე კონკრეტული, სერიოზული მიზეზი, მაგრამ მისი მშფოთვარე სული მაინც შეურვებული იყო: “ასჯერ ნატყვიარ გულს არ ნდომია ეს ზღვარ-სამანი, / მე ეს მშვიდობა არც მინატრია, / მე სხვა რამ დამრჩა დღეს დასანანი”.
სინანული სინდისის განწმენდაა, ნუგეშისცემის კარია - პირადი ნების დამარცხებითა და უარყოფით (ღირსი იოანე სინელი). არ მეგულება ამ დროის ქართულ პოეზიაში მეორე შემოქმედი, რომელსაც ასე აფიქრებდეს და აწუხებდეს განვლილი გზა, ასე შეეძლოს “განცდაÁ თვისთა ცოდვათა” (თავის მართლების რიტორიკის გარეშე). თუ ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა, იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის, - როგორც წმინდა ეფრემ ასური იტყოდა, - მაშინ ირაკლი აბაშიძის ქრისტიანობა, უპირველესად, სწორედ ამ იშვიათ სათნოებას უნდა დავუკავშიროთ. ეს უკიდეგანო სინანული - უპირველესი ნიშანი ქრისტიანობისა, დასაბამი სულიერი ამაღლებისა და ფერისცვალებისა - აქცევს მის პოეზიას “გალობანი სინანულისანის” დარ შემოქმედებად.
ერთია მარტოობის უნივერსალურ კანონთან შერკინება, მისი დაძლევა თუ გაძლება. ამას გარდა, უამრავი სევდანარევი ხმა მოისმის ირაკლი აბაშიძის პოეზიიდნ, მაგრამ მაინც, სამშობლოს ბედზე ჩაფიქრებულ პოეტად დარჩა. მისი პოეზია პასუხია იმაზე, თუ როგორ უნდა შეფასდეს და დაფასდეს მწერალი, რა უნდა იყოს მისი პოპულარობისა თუ სიდიდის დამადასტურებელი? - მხოლოდ დრო, დრო, რომელმაც გვიჩვენა, ვინ სჭირდება ქვეყანას. ირაკლი აბაშიძეც “ციფერბლატის ღერძს მიბმული ერთი წამწამი”, თავისი ეპოქის სევდიანი რაინდი იყო, - მონანიე მარტოსული.
& & &
ირაკლი აბაშიძემ თავის დროზე გასაგებად გვითხრა: “ქებაც, ყვედრებაც, კიცხვაც, წყრომაც, ვარამიც, / სიტყვა ეკუთვნის შთამომავლობას, - სხვას აღარავის”. რა დარჩა მომავალ თაობას მისი გარდაცვალების შემდეგ? - ამასაც თავად უპასუხა, უპასუხა ისე, როგორც შეჰფეროდა: დენდიზმით, აკადემიზმით, დახვეწილი ესთეტიკით: “შენ დაგიტოვებ ყველაზე ლამაზს, / ყველაზე ძვირფასს, რაც გამაჩნია - / ჩემს განძს: ჩემს ათას უძილო ღამეს, / წყეულმა ეჭვმა რომ დამაჩვია”. დაგვიტოვა თავისი დაღლილი ღიმილი, მთიდან მთებზე დაფლეთილი მზერა, გულში ჩამწყდარი ათასი ბგერა, უხმარი ცრემლები, უთქმელი სიზმრები, დარდი თუ წყენა... შთამომავლობას დარჩა მისი პოეზია და ქართული საქმე. თუნდაც ის რად ღირს, რომ გამოჩენილ ქართველ მეცნიერებთან, აკაკი შანიძესა და გიორგი წერეთელთან, ერთად პალესტინის ჯვრის მონასტერში მიაგნო შოთა რუსთაველის ფრესკას და მისი ფერადი ფოტოასლი საქართველოში ჩამოიტანა - რუსთაველის ხატება დაუბრუნა სამშობლოს. ამასთანავე, ფასდაუდებელია ირაკლი აბაშიძის დამსახურება რეპრესირებულ ქართველ მწერალთა რეაბილიტაციის საქმეში. Eსაქართველოს ექს-პრეზიდენტი ე. შევარდნაძე იგონებს: “ქართველ მწერალთა სწრაფი რეაბილიტაცია რომ მოხდა, ირაკლის უნდა ვუმადლოდეთ. სწორედ მან იქონია ამ მიმართებით დიდი გავლენა ვასილ მჟავანაძეზე, ირაკლიმ დააჩქარა ეს პროცესი”. უფრო მეტიც, საბჭოეთში პირველი იყო ირაკლი აბაშიძე, რომელმაც 1954 წელს მოსკოვის “ლიტერატურნაია გაზეტაში” გამოაქვეყნა წერილი, როგორც თავად იგონებდა, პირველი კეთილი სიტყვა 1937 წელს უდანაშაულოდ დასჯილი მწერლების შესახებ მთელ საბჭოთა კავშირში - ეს იყო პიროვნების კულტის ეპოქაში დაღუპული მწერლების პირველი რეაბილიტაცია და, საერთოდ, უდანაშაულოდ დასჯილთა რეაბილიტაციის პირველი იდეა. აღარაფერს ვამბობთ ქართული ენციკლოპედიის სრულიად უნიკალური მნიშვნელობის 11 ტომზე, მისი რედაქტორობითა და დაუღალავი შრომით რომ მომზადდა. ამიტომაც არაა გაჭარბებული გ. ასათიანის ეს შეფასება: “რენესანსის ეპოქიდან იყო ამოსული: პოეტი, დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე, ენციკლოპედისტი, მკვლევარი, ერისკაცი”.