თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად თაღლითობაში ეჭვმიტანილი დედა-შვილი დალი და ლია მელიქიძეები დააკავეს.
როგორც პროკურატურა იუწყება, გამოძიებით გაირკვა, რომ დალი მელიქიძემ და მისმა შვილმა ლია მელიქიძემ განიზრახეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ თამარ ჯომარდიძის კუთვნილ ფულად თანხას.
მათი განმარტებით, იცოდნენ რა, რომ ჯომარდიძე მზად იყო, მეუღლის, განსასჯელ თეიმურაზ გორდელაძისათვის სასჯელის შემსუბუქების მიზნით გაეწია გარკვეული ფინანსური ხარჯები,
ისინი დაუკავშირდნენ თამარ ჯომარდიძეს და დაარწმუნეს, რომ ჰყავდათ ნაცნობი მაღალჩინოსანი მოხელე, რომელიც 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაეხმარებოდა გორდელაძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში.
2010 წლის ზაფხულში, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე დალი მელიქიძის საცხოვრებელ სახლში, განსასჯელის ძმის _ ლევან გორდელაძის თანდასწრებით, თამარ ჯომარდიძემ მელიქიძეებს გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი 5000 აშშ დოლარი.
დალი და ლია მელიქიძეებს ბრალი ედებათ თალითობაში, რაც გამოიხატა თამარ ჯომარდიძესათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენებით, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით.
საქმეზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები