საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმიანება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მილოცვის წერილს, რომელიც მან ოკუპირებული რუსეთის ე.წ. "პრეზიდენტს" გაუგზავნა. შესაბამის განცხადებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.
"მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის ,,პრეზიტენდისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას:
აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარი და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.
გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას", - წერს დეკანოზი ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტად არჩევა" მიულოცა.