შეწყალების უფლებამოსილება ტრადიციულად, არ არის მხოლოდ დასავლური პოლიტიკურ-სამართლებრივი კულტურის ნაწილი, მას ისლამურ სამართლებრივ სისტემაშიც აქტიურად იყენებდნენ. შეწყალების უფლებამოსილება არსებობდა ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომის იმპერიაში. თუმცა, მისი გამოყენების უფლებამოსილება, შინაარსი და გავრცელების მასშტაბი დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებული იყო. აღსანიშნავია, რომ შეწყალების თანამედროვე მოდელს ბრიტანულმა სამართლებრივმა აზროვნებამ ჩაუყარა საფუძველი და ის აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს.
შეწყალების უფლებამოსილება ხშირად მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. არსებობს გამონაკლისებიც. სახელმწიფოს მმართველობის მოდელის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მეთაური ამ უფლებამოსილებას პრემიერ-მინისტრის თანხმობით ახორციელებს (მაგ: რუმინეთის კონსტიტუციის 94-ე მუხლი).
შეწყალების პრეროგატივა თავისი წარმომავლობით, იმის მიუხედავად, ხორციელდება დამოუკიდებლად თუ სხვისი თანამონაწილეობით, არსებითად ჰუმანურ აქტს წარმოადგენს. თუმცა, შეწყალების ბუნებამ დროთა განმავლობაში, ბევრი ფაქტორის გავლენით, ტრანსფორმაციც განიცადა. დღეს ის მხოლოდ მოწყალების არსზე აღარ დგას. შესაბამისად, შეწყალების მექანიზმს, როგორც წესი, იყენებენ მაშინაც, როდესაც კანონმდებლობა ხისტი და მოუქნელია ან სასამართლოს მიერ დამდგარი განაჩენი (რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში) იწვევს უსამართლობის შეგრძნებას.
შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება წარმოუდგენელია კონკრეტული მიზნის გარეშე. ეს მიზნები ხშირად გაწერილია კანონმდებლობაში (მაგ: აშშ-ის კონსტიტუცია), ზოგიერთ შემთხვევაში კი თავად შეწყალების აქტიდან გამომდინარეობს. საზოგადოდ, შეწყალების აქტის განხორციელების ძირითადი მიზანი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაშვებული შეცდომის გამოსწორებაა. შეწყალება შეიძლება განხორციელდეს სისხლის სამართლის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის, სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინების, პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების ან სხვა რაიმე კონკრეტული ფასეულობის დაცვის მიზნით. ამ თვალსაზრისით, შეწყალების მექანიზმმა რიგი შემთხვევებისათვის პრაქტიკულად კვაზი სასამართლო უფლებად ტრანსფორმაციაც განიცადა. საქმის ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შეწყალების აქტის შედეგი კონკრეტული პირის მიმართ შეიძლება იყოს:
- სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება;
- სასჯელის გადავადება ან მისი მოხდის შეჩერება;
- სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით;
- ნასამართლეობის და მისი თანმდევი შეზღუდვისგან გათავისუფლება;
2012 წელს საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა და პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა დაკარგა. საპარლამენტო ურავლესობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ყოველდღე ღრმავდებოდა. შედეგად, პრეზიდენტის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე საგრძნობლად შემცირდა. პრეზიდენტის როლის შესუსტებისკენ მისწრაფებამ იჩინა თავი 2013 წელს უმრავლესობის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების მიუხედავად. წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი ფრონტი სწორედ შეწყალების საკითებს უკავშრდებოდა. საბოლოოდ კი პრეზიდენტი, რევანშის განწყობით, ინსტიტუციურად ფიქტიურ მოთამაშედ 2017 წელის კონსტიტუციური ცვლილებებით იქცა.
საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენებაშიც, ერთგვარი შიშის დანერგვისკენ მიდრეკილი გახდა ხელისუფლება. რაც გამოიხატა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სწორდ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით სისხლისამართლებრივ დევნაში. შიშის საფუძველს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქმნის. გადაწყვეტილების მიხედვით, პრეზიდენტი სააკაშვილი შეწყალების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო გასამართლდა. მაშინვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილებაში ამგვარ რეპრესიულ ინტერვენციას სავალალო გაგრძელება ექნებოდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების და უმრავლესობის დამოკიდებულების მიზანი, ალბათ, მმართველი პოლიტიკური ძალის სამომავლო „სიფრთხილე" იყო. სიფრთხილე მოქმედი პრეზიდენტისათვის სათანადო მინიშნებით. ეს კი პრეზიდენტის ავტონომიურ სივრცეში შეჭრას გულისხმობს.
საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 11 იანვრის ბრძანებულებით, მუშაობა შეწყვიტა შეწყალების საკითხთა კომისიის იმ დროისთვის არსებულმა შემადგენლობამ, ახალი კი დღემდე არ შექმნილა. ამის მიუხედავად, მოქმედმა პრეზიდენტმა ორჯერ განახორციელა შეწყალების აქტი. კომისიის საქმიანობის შეწყვეტის გამო კი ბუნდოვანი გახდა შეწყალების კრიტერიუმები და საკითხის განხილვის პროცედურები. საკითხის განხილვა-გადაწყვეტა გახდა გაუმჭვირვალე. შეწყალების კონსტიტუციური პრეროგატივის გამოყენება თავისთავად არ შეიძლება, გახდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანი. თუმცა, პოლიტიკური ანგარიშვლდებულების უარყოფა და მისი დაუსაბუთებლად, მხოლოდ ექსკლუზივზე დაყრდნობით გადაწყვეტა ზრდის მის პოლიტიკურ ფასს - პროცესის მიმართ საზოგადეობაში აჩენს ობიექტურ უნდობლობას. ეს წარმოშობს ხალხთან პრეზიდენტის კავშირის შესუსტებას და წყვეტილობას, თითქოსდა, ის მართლაც სადღაც, „ხალხის ზემოთ" (!) იყოს. აქ უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი რევანშისტული განწყობის ფონზე, მისთვის შეწყალების უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი 2017 წლის კონსტიტუციური ცვლილებების მზადებისას საკონსტიტუციო კომისიაში სერიოზულადაც კი დაისვა.
ბოლო შეწყალებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი ახსნა, როგორც ვიცით, მხოლოდ დისკრეციაზე აპელირება იყო. ანუ, მისი თავისუფლება, რომ გადაწყვიტოს მსჯავრდებულის შეწყალება-არშეწყალების საკითხი. თუმცა, შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მისთვის დისკრეცია გადაწყვეტილების მიღების უპასუხისმგებლო თავისუფლებას ნიშნავს. 2019 წლის 28 აგვისტოს განხორციელებულ შეწყალების აქტზე დაგროვილ კითხვებთან დაკავშრებით, პრეზიდენტმა 18 სექტემბრის ბრიფინგზეც არ დაასაბუთა მისი არც ერთი შეწყალება. ის დარჩა აზრზე, რომ ეს მისი „დისკრეციაა" (!). არადა დისკრეცია არ ნიშნავს „თქვენი საქმე არ არის" პასუხს. დისკრეცია არამც და არამც არ არის, თუნდაც, უმაღლესი თანამდებობის პირის - პრეზიდენტის, თვითნებობამდე გასული კონსტიტუციური თავისუფლება. დისკრეცია პრეზიდენტისეული გაგებისაგან სწორედ დასაბუთების პასუხისმგებლობით განსხვავდება. პრეზიდენტმა კი ამ ფონზე ერთადერთ გამოსავლად შეწყალების საკითხზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადება მიიჩნია.
აქ სახელმწიფოს ზედმიწევნით ზუსტი განმარტებისა და მოქცევის ტვირთი აქვს. ადამიანის უფლებისა და შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს ერთიანობა ვერ დაიშლება. ინსტიტუციური მოწყობა და ნებისმიერი ინსტიტუციის უფლებამოსილება ემსახურება ადამიანის უფლების დაცვას, მის რეალიზებას. შეწყალების უფლებამოსილების და შეწყალებით მიმართვაზე უფლებას შორისაც ორგანული კავშირი არსებობს. პრეზიდენტის უფლებამოსილება - შეიწყალოს მსჯავრდებული, თავისთავად ნაწარმოებია სხვისი (მსჯავრდებულის) უფლებიდან, რომ დასვას მისი შეწყალების საკითხი. პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილება მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის უფლების განხილვის ინსტრუმენტია. შეწყალების ინდივიდუალური გადაწყვეტა სრულიად პრეზიდენტის ექსკლუზივია. მას აქვს უფლება, არ გამოავლინოს ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების ნება. შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების საერთო უარყოფა ფუნდამენტურად განსხვავდება თითოეული შეწყალების თხოვნის დაუკმაყოფილებლობსიაგან.
კონკრეტული საკითების გამო, გონივრული ვადით (რაც შეიძლება, ესაჭიროებოდეს, თუნდაც, პროცედურული საკითხების დახვეწას) შეწყალების უფლებამოსილებაზე მორატორიუმი შესაძლოა, დასაბუთებადი იყოს, მაგრამ შეწყალების უფლებამოსილების გამოუყენებლობა განუსაზღვრელი ან უფლებამოსილების სრული ვადით თავისთავად წარმოშობს შეწყალებით მიმართვაზე უფლების მოსპობას. ეს სპობს აღნიშნულ კავშირს შეწყალების თხოვნის უფლებასა და შეწყალების განხორციელებას შორის. პრეზიდენტისათვის კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლებამოსილება, როგორც აღვნიშნეთ, უფლებასთან მიმართებით, პრეზიდენტის ხელთ არსებული მექანიზმია, მის განხორციელებაზე უარის თქმა კი ადამიანს გაუმართლებლად ტოვებს საკუთარი უფლების დაცვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გარეშე. შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების საერთო უარყოფა ფუნდამენტურად განსხვავდება თითოეული შეწყალების თხოვნის დაუკმაყოფილებლობსიაგან. შეწყალების უფლებამოსილების სისტემური უარყოფა ადამიანს არსებითად გაუარესებულ უფლებრივ მდგომარეობაში აყენებს. შეწყალების თხოვნის უფლების შესაბამისი კონსტიტუციური ინსტრუმენტის განხორციელებაზე უარის თქმა ცალსახად არის შეწყალების თხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობის მოსპობა. სახელმწიფოს არა აქვს თავისუფლება, რომ ადამიანს უარი უთხრას მისი უფლების მომსახურებაზე. კონსტიტუციური ფუნქციის შესრულების უარყოფა არ შეესაბამება პლიტიკური თანამდებობის პირისათვის დადდგენილი ქცევის წესებს.
ბოლო მოვლენების მიმართ, რამაც გამოიწვია საზოგადოებაში ეს კითხვები, რომც იყოს დანაშაულის ნიშნები, ეს არ იძლევა და არ ამართლებს პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივის მოქმედების შეჩერებას, ან მის რაიმე ფორმით დავიწროებას, თუნდაც კანონის ძალით. ამგვარი განზრახვა ცალსახად პრეზიდენტის ავტონომიურ სივრცეში შეჭრა იქნება.
შეწყალების ინსტრუმენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის დისკრეციული უფლებამოსილება, ხელშეუვალი დარჩება. ამ უფლებამოსილებაში რამენაირ ჩარევას, ამ უფლებამოსილების დავიწროების სურვილს არ აქვს კონსტიტუციური საფუძველი.
შეწყალების საკითხთა კომისიის დებულება მხოლოდ კომისიის მიერ განსახილველი შემთხვევების განხილვის პროცედურებს და შეწყალებაზე წარდგენის კრიტერიუმებს ადგენს. ეს დებულებაც ვერ იქნება გამოყენებული შეწყალების უფლებამოსილების არსის დავიწროების მიმართულებით. პრეზიდენტს ყოველთვის ექნება უფლება, თუნდაც კომისიის გარეშეც განახორციელოს ეს ინდივიდუალური აქტი.
ალიკა კუპრავა, იურისტი, ილიაუნის „კონსტიტუციური კვლევების ცენტრის" მკვლევარი
ზურაბ ჯიბღაშვილი, სამართლის დოქტორი, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი