საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოცია, საქართველოს ხელისუფლებას ღიაობის პრინციპის უგულბელყოფაში აკრიტიკებს. როგორც მათ მიერ, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული, ისინი მთავრობას საჯარო სამსახურში გამჭვირვალობის დანერგვისკენ მოუწოდებენ.
დასკვნის მიხედვით, ,,იშვიათი გამონაკლისების გარდა, საჯარო დაწესებულებები პროაქტიკულად არ აქვეყნებენ ძირითად ინფორმაციას. განსაკუთრებით პრობლემურია სახელმწიფო ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება (მაგალითად: საჯარო მოხელეთა ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაცია)".
იურისტები საუბრობენ ინფორმაციის ხარისხზეც. როგორც ისინი განმარტავენ, როცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია, თავად ინფორმაციის ხარისხი, როგორც წესი, არ არის დამაკმაყოფილებელი.
,,ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავების განხილვა ადმინისტრაციულ ორგანოებში არაეფექტურია და საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული საჩივრის სავალდებულო გამოყენების წესთან დაკავშირებით წინდაუხედავი ნაბიჯი აღმოჩნდა ხელისუფლების მხრიდან", - ამტკიცებს საია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელ ტენდენციად მიიჩნევს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების ხელფასებისა და პრემიების გასაიდუმლოების ტენდეციას.