ENG / RUS       12+

2020 - არჩევანი საპარლამენტო არჩევნებისათვის

ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ხელისუფლება სხვა (ოპოზიციური) პოლიტიკური ძალებისგან მოთხოვნილ კონსტიტუციურ საკთხებს საკუთარი ინიციატივით დაძვრას კრიზისულ სიტუაციებში იწყებდა ხოლმე. ეს ხდებოდა პოლიტიკურ რეალობაზე რეაგირების დაყოვნებისაგან ქუჩაში გადასული საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე. ანუ, ყველა ხელისუფლება ვერ იყო ხოლმე მოვლენებთან ადეკვატური; რეაქცია კი იყო დაყოვნებული და იძულებითი. ამგვარი ნაბიჯის შედეგი ვერასოდეს გაუტოლდება სასურველ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილების შედეგის ეფექტიანობას. იძულებას სხვა წნეხი აქვს, პროცესი კი განაპირობებს შედეგს.

ხელისუფლებამ პროცესი დაიწყო მიჯრით მომხდარი და ბოლოს, 20 ივნისის მოვლენები. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ხელისუფლება პასუხისმგებელია, პროცესი წარმართოს ისე, რომ საზოგადოდ გაზარდოს ნდობის ხარისხი და პროცესში საზოგადო-პოლიტიკური ძალების ჩართულობა.

ცვლილების აუცილებლობა - 1995 წლის კონსტიტუციის მიღებიდანვე პარლამენტის შერეული საარჩევნო სისტემა გვაქვს. მაჟორიტარული სისტემა თავისთავად არ არის ნეგატიური. მეტ-ნაკლებად მდგრადი პარტიული სისტემის პირობებში მას დიდი დადებითი ნიშნებიც კი აქვს. პარლამენტის (პალატის) მაჟორიტარიტარული სისტემით ფორმირებაზე დგას როგორც საპრეზიდენტო (აშშ-ში ორივე პალატა), ასევე საპარლამენტო (დიდი ბრიტანეთი) მმართველობები მყარ ორ პარტიულ სისტემებში. ეს სისტემა უზრუნველყოფს არჩეული წარმომადგენენლისა და ამომრჩევლის სიახლოვეს.

თუმცა, მაჟორიტარული სისტემა საქართველოში ვერ განვითარდა პოლიტიკური შეჯიბრის ჯანსაღ ინსტრუმენტად. მიზეზი არა ერთი იყო, მათ შორის ჯერ კიდევ მყიფე ქართული დემოკრატია, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ხანგძლივი გაურკვევლობა; ფრაგმენტიზებული და არა სტაბილური პარტიული სისტემა.

კონტექსტი, სახელმწიფოს მთლიანობის საკითხის ჩათვლით, ხელს გვიშლის მყარი საარჩევნო სისტემის განსაზღვრაში. თუმცა, არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორისაგან დამოუკიდებლად, რეალობა უდავოდ შესაცვლელია - უნდა მივაგნოთ ეფექტიან გარდამავალ საარჩევნო სისტემას. ბოლო ორ ათწლეულში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, დღეისათვის ასეთად გამოყო პროპორციული საარჩევნო სისტემა. ახალი, პოსტ სოციალისტური დემოკრატიების უდიდესმა უმრავლესობამაც პროპორციულ სისტემაზე შეაჩერა თავისი არჩევანი. საქართველოშიც სწორედ ამ სისტემის გარშემო არსებობს საზოგადო კონსენსუსი. დღეისათვის, დაახლოებით, 200-დან პროპორციული საარჩევნო სისტემა გამოიყენება 50-მდე სახელმწიფოში და მათ შორის განსხვავებულია მანდატების განაწილების წესი და პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები.

პროპორციული საარჩევნო სისტემის დასანერგად იყო სხვა და სხვა ტიპის აქტივობები. თუმცა, 2013-2016 წწ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პერიოდში, მცდელობის მიუხედავად, ექვსპარტიულმა - არა ტიპურმა, მაგრამ შინაარსით ფაქტობრვად (წინა საარჩევნო) კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" ვერ შესძლო ამ რეფორმის გატარება. დღეს კი გვაქვს ასეთი მოცემულობა - 13 ივნისს საინიციატივო ჯგუფმა (ოცამდე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელთა შემადგენლობით) საქართველოს პარლამენტში შეიტანა 300 000-მდე ხელმოწერა, ხოლო ერთპიროვნულად მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ" 93 პარლამენტის წევრის ხელმოწერით 2019 წლის 28 ივნისს დაარეგისტრირა კონსტიტუციური კანონის პროექტი. ორივე ინიციატივა ეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. თუმცა, ეს პროექტები ითვალისწინებს ამ სისტემის ორ განსხვავებულ ვარიაციას.

ცვლილებები კი ორივე შემთხვევაში ეხება 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებს, რომელმაც განსაზღვრა პარლამენტის მომდევნო არჩევნების დროებითი (ერთჯერადი) წესიც.

ცვლილებათა განხილვის პროცედურა

უახლოესი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მიზნით, პარლამენტში წარდგენილია კონსტიტუციის გადასინჯვის ორი პროექტი. საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტით დადგენილი პროცედურების თანახმად, ორივე მათგანი ექვემდებარება სავალდებულო განხილას.

როგორც აღვნიშნეთ, თავდაპირველად წარდგენილ იქნა პარტიების მიერ 300 000 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერილი პროექტი. ამის შემდეგ „ქართული ოცნების" მიერ, პარლამენტის 93 წევრის სახით, იქნა წარდგენილი ფაქტობრივად ალტერნატიული პროექტი. მათ შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავება. ამომრჩეველთა ინიციატივა დაფიქსირდა 13 ივნისს, პარლამენტის წევრთა კი - 28 ივნისს. ორივე ცვლილებას საერთო აქვს ის, რომ შემდგომი საპარლამენტო არჩევნები წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით.

ამ სცენარის ფარგლებში, თუ ორიენტირი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონის პროექტის მიღებაზე იქნება, პროცესმა უნდა გაიაროს შემდეგი თანმიმდევრული ეტაპები:

- საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ერთი კვირის ვადაში შეამოწმა და დაადასტურა პარლამენტის წევრების ხელმოწერები და წარუდგინა პარლამენტის ბიუროს. ბიურო კანონის პროექტს განიხილავს პირველივე შეკრებისთანავე და პროექტს გადასცემს შესაბამის პროფილურ კომიტეტებს (ეს უკვე გავლილია);

- პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ქმნის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას პოლიტიკური პარიტეტის დაცვით;

- კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს ცვლილებების პროექტთან დაკავშირებულ მასალებს;

- პარლამენტის წინასწარ განსაზღვრული კომიტეტები გამოქვეყნების შემდეგ, დაყოვნებისა და განხილვის ერთ თვიანი ვადის შემდეგ, იწყებს პროექტის განხილვას;

- პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები კონსტიტუციური კანონის პროექტს განიხილავენ ერთი თვის ამოწურვიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. ანუ, ეს ვადა შეიძლება სულაც არ გაგრძელდეს ერთ სრულ თვემდე და პროცესი უფრო ადრე დასრულდეს.

- კონსტიტუციური ცვლილების კანონის პროექტი სამი მოსმენით განხილული და მიღებული უნდა იქნეს ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერით. ეს არის ის რაოდენობა, რომელიც სჭირდება ცვლილებების დაუყოვნებელ (მომავალი პარლამენტოს დასტურის დალოდების გარეშე) ამოქმედებას.

ჯამში, ეს პროცედურები შეიძლება, დროში საგაზაფხულო სესიამდე გაიწელოს. ნების არსებობისა და საპარლამენტო ჯგუფებს შორის კონსენსუსის შემთვევაში, შეიძლება პროცესი საშემოდგომო სესიის პერიოდშივე დასრულდეს. თუმცა სავარაუდოა, რომ ასე ზუსტად ვერ მოხდეს ვადების გათვლა და პროცესმა საგაზაფხულო სესიამდე გასტანოს. ტექნიკურად, ყველა შემთხვევაში აღნიშნული პროცესი 2020 წლის მორიგ არჩევნებამდე, ესწრება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილება პირველია კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი წესის მიხედვით. ამიტომ, არსებითი მნიშვნელობა ექნება მისი განხორციელების ვადებს, ფორმებს, პროცედურებს და საზოგადო-პოლიტიკურ შინაარსს.

წარმოდგენილ ცვლილებებათა არსი

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ წარმოდგენილი ორი პროექტიდან ორივე პროპორციულ საარჩევნო სისტემას გვთავაზობს მაგრამ მათ შორის არსებითი მაინც არის მნიშვნელოვანი განსხვავებები. პოლიტიკური პარტიების მიერ 200 000-ზე მეტი ხელმოწერით გამყარებული მიერ წარდგენილი ტექსტი (პირველი პროექტი) გამოიყურება შემდეგნაირად „საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისგან. არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიებს საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით", ხოლო „ქართული ოცნების" მიერ პარლამენტის 93 წევრის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის (მეორე პროექტი) ტექსტი შემდეგი ფორმულირებით არის წარდგენილი: „საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150 -ზე ნაკლებია, გაუნაწილებელი მანდატების თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას".

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ინიციატივა მიზნად პროპორციულ საარჩევნო სისტემის დანერგვას ითვალისწინებს, მათ შორის, მინიმუმ, სამი პრინციპული სხვაობაა.

პირველი - ეს არის ე.წ. წოდებული ბარიერი. პირველი პროექტი ითვალისწინებს 3%-იან ბარიერს. ეს არის პარლამენტის ზედმეტი ფრაგმენტაციის გამორიცხვის ინსტრუმენტი. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ წინა საპარალმენტო არჩევნების შედეგებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2020 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. მეორე პროექტში გვაქვს ე,წ ნულოვანი ბარიერით ჩატარებული სისტემა, რაც პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას აძლევს, მინიმალური მხარდაჭერის პირობების შემთხვევაში, მანდატების განაწილების შესაბამისი ფორმულის გათვალისწინებით იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. თუმცა, ეს წესი ყველა წვრილ პარტიას (მით უმეტეს ბლოკების არ არსებობის პირობებში) წაახალისებს არჩევნებში ინდივიდუალურ მონაწილეობას. ეს კი განაპირობებს პარლამენტის ზედმეტი ფრაგმენტაციის რისკს.

მეორე - ეს არის საარჩევნო ბლოკების საკითხი. პირველი პროექტით, 3%-იან ბარიერთან ერთად, გათვალისწინებულია საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლებაც. ეს აიხსნება იდეოლოგიურად მონათესავე, მაგრამ შედარებით სუსტი პარტიების (რომელთაც ინდივიდუალურად არ ხელეწიფებათ 3%-ანი ბარიერის დაძლევა) ძალისხმევის გაერთიანებით, საპარლამენტო წარმომადგენლობის მიღწევის უფრო მეტი შესაძლებლობით.

მეორე პროექტის ინიციატორთა არგუმენტით კი, თუ პოლიტიკური პარტია ე.წ ნულოვან ბარიერსაც ვერ დაძლევს, არ უნდა ჰქონდეს საპარლამენტო წარმოამდგენლობის ამბიცია. სწორედ ამიტომ, ნულოვანი ბარიერი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად თავისთავად გამორიცხავს ბლოკების საჭიროებას.

მესამე - ეს არის მანდატების განაწილების წესი. პირველ პროექტს მანდატების განაწილების წესის განსაზღვრის ტვირთი კანონზე გადააქვს. ეს ყველაზე უფრო აპრობირებული მეთოდია და კონსტიტუცია არ არის ადგილი, სადაც, თუნდაც, ერთჯერადად ფორმულები უნდა იწერებოდეს.

მეორე შემთხვევაში მმართველი პოლიტიკური პარტია პირდაპირ მიუთითებს ფორმულას, რომლის მეშვეობითაც განაწილდება მანდატები და ასევე გაუნაწილებელი მანდატები ასეთის არსებობის შემთხვევაში.

როგორც პროცედურებიდან ჩანს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიც ითვალისწინებს მსგავს შესაძლებლობას, აღნიშნული კანონპროექტების განხილვა ერთი საოგადოებრივი განხილვის საორგანიზაციო კომისიის ფარგლებში მოხდება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნულ განსხვავებებზე საუბარი და საკონსიტუტიო კომისიის მოსაზრებები. ვფიქრობთ რომ აღნიშნული განსხვავებები მნიშვნელოვანია და შეიძლება, როგორც პოლიტიკურ პარტიებს და აკადემიურ წრეებს შორის, ასევე საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გააჩინოს.

შეფასებები

ბარიერის საკითხი - ნულოვანი ბარიერის ფარგლებში ჩნდება პარლამენტის პარტიული დაქუცმაცების საფრთხე. ამ რისკის მინიმიზაციისათვის (რაც გახდება საპარლამენტო კრიზისის გამოწვევის წყარო), პარლამენტში რომ შეიზღუდოს უკიდურესად რადიკალური ან ექსტრემისტული პარტიების შეღწევა, პროპორციულ სისტემებში გამოიყენება ე.წ. ბარიერის სისტემა - ხელოვნური ბარერი. სწორედ ბარიერით დგინდება სადეპუტატო მანდატების მიღებისათვის აუცილებელი მინიმუმი.

ბევრ ქვეყანაში განსხვავდება აუცილებელი ხმების მინიმუმი - ბარიერი. მაგალითად, დანიაში არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის 2% არის, ხოლო ერთი პერიოდი თურქეთში 10% იყო. საქართველოში კი სხვადასხვა დროს განსხვავდებოდა - უბარიერო სისტემიდან (ბუნებრივი კვოტა) 7%-მდე მერყეოდა ხოლმე. ამჟამად საქართველოში 5%-იანი ბარიერია და ესე გაგრძელდება 2024 წლიდან.

ბარიერი ის ხელოვნური ზღვარია, რომელიც აუცილებელია, პარტიამ გადალახოს მანდატის მოსაპოვებლად. ბარიერი, ერთი მხრივ, ხელს უწყობს პროპორციული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებების დაძლევას და მეორე მხრივ, გონივრულ ფარგლებში ზღუდავს პროპორციულობის პრინციპს. ბარიერი ამომრჩევლის ნებას ჩარჩოებში აქცევს - ის გამოვლენას მხოლოდ ბარიერის დაძლევის შემდეგ იწყებს. ამ გაგებით, პროპორციული სისტემით მანდატები სულაც არ ნაწილდება ზედმიწევნით პროპორციულად.

პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს ხმის მიცემის და მისი დათვლის შემდეგ ხდება მანდატების განაწილება. ამა თუ იმ პარტიის მანდატების რაოდენობის განსაზღვრას საფუძვლად უდევს საარჩევნო კვოტის პრინციპი. საარჩევნო კვოტა ეს არის, როცა მიღებული ხმები გადაიყვანება მანდატებში (ერთი მანდატის ფასი), რაც აუცილებელია ერთი დეპუტატის ასარჩევად.

როგორც წესი, საარჩევნო კანონები კვოტის სიდიდეს კი არ აფიქსირებს, არამედ მიუთითებს მისი გამოთვლის წესს. კვოტის გამოთვლა, რიგ შემთხვევაში, რთულ მათემატიკურ გამოთვლებს საჭიროებს, რაც ჩვენს მაგალითზეც დასტურდება - კანონმდებელმა პირდაპირ ფორმულის ჩაწერის საჭიროება დაინახა კონსტიტუციაში.

რაც შეეხება ე.წ. ბუნებრივ ბარიერს, სამწუხაროდ ექსპერტების და პოლიტიკოსების მხრიდან მისი არასწორად გაგება მოხდა. ანუ, ბუნებრივი ბარიერი ის მოცემულობაა, როდესაც პარტიებს შორის მანდატების განაწილება ხდება მათ მიერ მიღებული ხმების კვოტაზე გაყოფით (ავსტრია, ისრაელი), ხელოვნური ბარიერის დადგენის გარეშე. მეორე პროექტით შემოთავაზებული რედაქციით, მანდატების განაწილება ხდება შესაბამისი ფორმულით. მანდატის მიღებისათვის საჭირო ხმათა რაოდენობა განისაზღვრება წარმოდგენილი ცვლილების რედაქციით.

პარლამენტის ზედმეტი ფრაგმენტაციის თავიდან აცილების მიზნით, რამაც უნდა შეამციროს საპარლამენტო კრიზისების რისკი, მიზანშეწონილად მიგვაჩნია 2-3%-ის ფარგლებში ბარიერის დაწესება. ეს არებითად არ იმოქმედებს მანდატების ხალხის ნებასთან მიმართებით მაქსიმალურად პროპორციულად განაწილებაზე.

ე.წ. ნულოვანი ბარიერისაგან განსხვავებით, 2-3%-იანი ბარიერის შემთვევაში მიღებულ ხმათა განსხვავება (ბარიერგადაულახავი პარტიების მიერ მიღებული ხმების სახით), უფრო დიდ ამოცანას ემსახურება. ეს არის საპარლამენტო კრზისის რისკის მინიმიზაცია. ამდენად, ბარიერის დაწესების შემეთვევაში, ხმების „დანაკარგი" პარტიებისათვის ამ ფასის „გადახდის" სათანადო ღირებულება იქნება. ამასთან, ბარიერის საკითხი აუცილებლად განხილული უნდა იქნეს საარჩევნო ბლოკების საკითხის გადაწყვეტასთან ერთად.

საარჩევნო ბლოკების საკითხი - თითქმის სამი ათეული წელია, საქართველოში ვერა და ვერ მოხდა პარტიული სისტემის იდეოლოგიური დაკრისტალება. პოლიტიკურ ველზე მიმობნეულია ერთი იდეოლოგიის არაერთი პარტია. წლების განმავლობაში, მათი გამსხვილების ნაცვლად, ისინი იყოფიან და იშლებიან.

ხელოვნური საარჩევნო ბარიერის არდაწესება, თეორიულად, თავისთავად სამართლიანი სასტარტო მდგომარეობაა. შესაბამისად, ლოგიკურად გამორიცხავს საარჩევნო ბლოკების მიზანშეწონილობას. საზოგადოდ, პარტიული სისტემის დახვეწის სტრატეგიული მიზნითაც, ბლოკების აკრძალვა უდავოდ გადასადგმელი ნაბიჯია. გფრ-ში, ტრადიციული პარტნიორებიც ცალ-ცალკე პარტიებად გამოდიან. ეს ხელს უწყობს იდეოლოგიურ კონცენტრაციას. თუმცა, სწორედ ერთი იდეოლოგიის პარტიების დანაწევრების ფონზე, პროპორციული არჩევნების ჩატარება, „ნულოვანი ბარიერის" პირობებში, ერთი კონკრეტული რისკის წყაროც შეიძლება, გახდეს. კერძოდ, ყველა იდეოლოგიურ ფლანგზე შეიძლება ახალი წვრილი და საშუალო შესაძლებლობის მოთამაშის ხელოვნურად შეყვანა. ამ ღონისძებას ორმაგი შედეგი შეიძლება ჰქონდეს: 1. ამომრჩევლის იდეოლოგიური გაბნევის გაძლიერება - ერთი გემოვნების ამომრჩევლის კონცენტრაციისათვის ხელის შეშლა; 2. ასეთი ახალი ხელოვნური სუბიექტის წარმატების შემთხვევაში, მისი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოქცევა. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ დიდი ადამიანიური, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების ფლობის ცდუნებით, ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობები გამოიყენოს სწორედ ყველა იდეოლოგიური სეგმენტის კონტროლის მიზნით. ცხადია, პირველ პუნქტში აღნიშნულ რისკს სრულად ვერ გამორიცხავს ვერც საარჩევნო ბლოკად გაერთიანების უფლება, მაგრამ მან შეიძლება, შედარებით შეძლოს ერთ ფლანგზე აქტიური მოთამაშეების დახარისხება.

საარჩევნო ბლოკების გაუქმება უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს პოლიტიკური მოთამაშეების მდგომარეობას. ქართული პარტიული სისტემა თითქმის 30-წლიან პერიოდში ყოველთვის ხასიათდებოდა ერთი დომინანტი პარტიის არსებობით. ეს ის ფონია, რომელიც არსებითად სხვადასხვა მდგომარეობაში აყენებს მმართველ და ყველა სხვა დანარჩენ პარტიას.
არაფრაგმენტირებული პარლამენტის მიღებისა და პარტიათა იდეოლოგიური დაჯგუფებით პარტიული სისტემის დახვეწის მიზნით, შესაძლოა, ლოგიკური ალტერნატივა საარჩევნო ბლოკების ერთჯერადი დაშვება იყოს. მით უფრო, თუ არ დადგინდება ხელოვნური საარჩევნო ბარიერი. იდეურად, საარჩევნო ბლოკების აკრძალვა სწორია. პარტიული სისტემა უნდა განვითარდეს იდეოლოგიურ მწყობრზე. თუმცა, დღეს 2020 წლისათვის პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების იდეა მთლიანად არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე რეაქცია იყო. ამიტომ, ეს ერთჯერადი ღონისძიება ვერ იქნება პოლიტიკური კონტექსტიდან და მისი კონკრეტული მიზნიდან დამოუკიდებალდ განხილული. 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისათვის ბლოკების დაშვების საკითხიც მთლიანად საერთო პოლიტიკურ კონტექსტში და მიზანთან მიმართებით უნდა იქნეს განხილული. ამიტომ, ამ მდგომარეობაში შესაძლოა, განხილული იქნეს 2020 წლისთვისაც ერთჯერადად, გარდამავალ-მოსამაზადებელ ეტაპად, საარჩევნო ბლოკების დაშვება.

ამავდროულად, ბლოკების დაშვების თანმდევი რეგულაცია უნდა იყოს შესაბამისი კანონმდებლობის რეგულაცია, რამაც უნდა მოსპოს დაფინანსების მოპოვების მიზნით ხელოვნურად შექმნილი „პარტნიორი" პარტიების დაფინანსების საკითხი. საკითხის ამ მიმართულებით გადაწყვეტა მიზანმიმართული უნდა იყოს მხოლოდ ნამდვილად მომავალზე ორიენტირებული პარტიების სიცოცხლის უფლებაზე.

მანდატების განაწილების წესი - მნიშვნელოვანია გამოთავისუფლებული, ანუ გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი. პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს გაუნაწილებელი მანდატების განაწილების სხვადასხვა მოდელი არსებობს. მიზანი არის მორჩენილი მანდატების მაქსიმალურად სამართლიაანი განაწილება. მეორე პროექტით წარმოდგენილი რედაქცის თანახმად, „გაუნაწილებელი მანდატების თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები''. ანუ იმ შემთხვევაში, თუ მანდატების განაწილება სრულად (150 მანდატი) ვერ მოხდა, გაუნაწილებელი მანდატები თანმიმდევრობით განაწილდება საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებზე. სამართლიანია, დავსვათ კითხვა, როდესაც მანდატების განაწილება ხდება არა ბუნებრივი ბარიერის პროცენტით, არამედ ფორმულით (რომლის ფარგლებშიც, მთელი რიცხვი უდრის მანდატს), რამდენად სამართლიანია, რომ დამატებით მანდატი მიიღოს იმ პარტიამ, რომელმაც 23.1 (23 მანდატი) მანდატი მიიღო და არა პარტიამ, რომელმაც მაგალითად 2.94 (2 მანდატი) მიიღო.

ვფიქრობთ, ამ მიმართულებით დისკუსია უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან პროპორციული მანდატების განაწილება თავის თავსში სრულად და უფრო ზუსტად უნდა გამოხატავდეს სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ფენების ინტერეს; პირდაპირ პროპორციულად და სამართლიანად იცავდეს ამომრჩევლის ინტერესს. ეს საკითხი უნდა გახდეს საზოგადოების და ამომრჩევლის კონსენსუსის საგანი. ამ თვალსაზრისით, მიგვაჩნია, რომ სამართლიანი მანდატები განაწილდეს იმ პროპორციით, რომელი პოლიტიკური პარტიაც უფრო ახლოს იქნება (ფორმულით) მანდატის მიღებასთან.

პროპორციული საარჩევნო სისტემა - დადებითი და უარყოფითი მხარეები

არჩევნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის უზრუნველყოფს დემოკრატიული სახელმწიფო პრინციპების პრაქტიკულ რეალიზაციასა და მოქალაქეთა მონაწილეობას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში. ხელისუფლების მკაცრად განსაღვრულ ვადაში მონაცვლეობა არის დემოკრატიის და არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. სამართლიანი საარჩევნო პროცესი ხელს უწყობს თანამედროვე, პლულარისტული საზოგადოების ჩამოყალიებებას და ქმნის დემოკრატიული საზოგადოებრივი წესყობილების ფუნდამენტს. საარჩევნო პროცესი ხორციელდება გარკვეული სამართლებრივი ნორმებისა და წესების შესაბამისად, რომელიც კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონშია ჩამოყალიბებული.

საარჩევნო სისტემა ფართო გაგებით სახელმწიფოს არჩევითი (წარმომადგენლობითი) ორგანოს ფორმირების წესია, რომლის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტთა ერთობლიობას საარჩევნო კანონმდებლობა წარმოადგენს. ვიწრო გაგებით კი, საარჩევნო სისტემა კენჭისყრის შედეგების საფუძველზე არჩევით ორგანოში ადგილების განაწილების წესია (სისტემა), საარჩევნო ფორმულაა. სწორედ ის პრინციპები და მეთოდები, რომელთა საფუძველზე ხდება მიღებული ხმების მანდატების რაოდენობაში გადაყვანა (ტრანსფორმირება), წარმოადგენს საარჩევნო სისტემას.

საარჩევნო პროცესისთვის საარჩევნო სისტემას ყველაზე გამოკვეთილი პოლიტიკური ელფერი აქვს, რამდენადაც კანდიდატებსა და პარტიებს შორის ხმათა ერთი და იმავე განაწილებისას სხვადასხვა სისტემის გამოყენებას სრულიად განსხვავებულ შედეგებამდე მივყავართ. საარჩევნო სისტემას შეუძლია, გავლენა მოახდინოს არჩევითი ორგანოს არამარტო დაკომპლექტებაზე, არამედ მისი შემდგომი საქმიანობის პოლიტიკურ მიმართულებასა და ეფექტიანობაზე, მთავრობის და მთელი აღმასრულებელი მექანიზმის სტაბილურობაზე. ამდენად, საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ პროცესში სულაც არ არის ნეიტრალური ფაქტორი. ზოგიერთი სისტემა ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს აძლევს გადამწყვეტ უპირატესობას და ხელს უწყობს ერთპარტიული ან ორპარტიული პოლუსის ჩამოყალიბებას; სხვა -- საშუალო პარტიებს აძლევს წარმომადგენლობის საშუალებას, რითიც ამკვიდრებს მრავალპარტიულ სისტემას.

ზოგადად, საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ჯგუფთა წარმომადგენლობის სამართლიანი არჩევა. სამართლიანად კი მიჩნეულია ისეთი შედეგი, რომლითაც გამარჯვებულად ცხადდება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს (მაჟორიტარული პრინციპი), ან რომლითაც პარტიის მიერ მოპოვებულ მანდატთა რაოდენობა მის მიღებულ ხმათა რაოდენობის პროპორციულია (პროპორციული პრინციპი). ამის შესაბამისად, საარჩევნო სისტემებიც პირობითად ორ ძირითად ჯგუფად -- მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებად, იყოფა. გარდა ამისა, ფართოდ გამოიყენება შერეული საარჩევნო სისტემაც, რომელიც აერთიანებს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების ნიშნებს სხვადასხვა ვარიაციებით. თითოეულ ამ სისტემას (და მათ მრავალრიცხოვან სახესხვაოებებსაც) თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. საარჩევნო სისტემების საკვანძო განმასხვავებელი ნიშნებია: საარჩევნო ოლქების მასშტაბი, ბიულეტენის სტრუქტურა, საარჩევნო ზღურბლი (ბარიერი), პარტიული სიების ტიპი, ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა და ა.შ. საარჩევნო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი საარჩევნო ფორმულაა, რომელიც განსაზღვრავს მიღებული ხმების მიხედვით მოპოვებული მანდატების რაოდენობას.

პროპორციული საარჩევნო სისტემის არსი შემდგომში მდგომარეობს:
*    ამომრჩეველთა ხმებისთვის კანდიდატები იბრძვიან არა უშუალოდ და პერსონალურად, არამედ პოლიტიკური პარტიების მეშვეობით;
*    პარტიები წარადგენენ პარტიულ სიებს, რომელშიც მითითებული იქნება კანდიდატების რიგითობა, რომლის მიხედვითაც განაწილდება მანდატები;
*    ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას და მაშასადამე საარჩევნო სიას მთლიანად, აღნიშნული რიგოთობის გათვალისწინებით.
ამავდროულად, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს პარტიების ინსტიტუციურ გაძლიერებას სუსტი პარტიული სისტემების პირობებში და შესაბამისი პარტიული სტრუქტურის ჩამოაყლიბებას.

პროპორციული საარჩევნო სისტემების უპირატესობები
*    უზრუნველყოფილია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოსახლეობის ჯგუფთა სამართლიანი წარმომადგენლობის არჩევა. კერძოდ, პარტიის მიერ მიღებულ მანდატთა რაოდენობა მიღებულ ხმათა რაოდენობის პროპორციულია;
*    შესააბამისად, პროპორციული სისტემა შესაძლებლობას იძლევა, ჩამოყალიბდეს ხელისუფლების ისეთი ორგანოები, რომელთა შემადგენლობაც უფრო ადეკვატურად ასახავს პარტიული ძალების ფაქტობრივ თანაფარდობას ქვეყანაში;
*    პროპორციული სისტემა, თუკი არ მახინჯდება რამე დამატებითი წესებით, უზრუნველყოფს პატარა პარტიების წარმომადგენლობასაც. შესაბამისად, მცირეა „დაკარგული" ხმების რაოდენობა;
*    პროპორციული სისტემა ხელს უწყობს მოქალაქეთა გააქტიურებას არჩევნების დროს და მთლიანად პოლიტიკაში;
*    პარტიას შეუძლია, პარტიული სიის მეშვეობით უზრუნველყოს სათანადო განათლების, გამოცდილებისა და უნარის მქონე, მაგრამ ამომრჩევლებისთვის ნაკლებად ცნობილი პირის არჩევა;
*    პროპორციული არჩევნებით, ამომრჩეველი პირდაპირ და უშუალოდ განსაზღვრავს მისთვის სასურველ პოლიტიკურ პასუხისმგებელ სუბიექტს.

ნაკოლოვანებები:
*    სუსტია კავშირი პარლამენტარებსა და ამომრჩეველს შორის
*    ამომრჩევლისთვის ნაკლებად შესაძლებელია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობაში გარკვევა და გადაწყვეტილებას იგი, ჩვეულებრივ, ლიდერთა მიმართ თავისი დამოკიდებულების მიხედვით იღებს. ამის გამო კი, არცთუ იშვიათად, არჩეულ პირთა შორის ისეთებიც ხვდებიან, რომელთა ფუნქციაც, ფაქტობრივად, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში მონაწილეობაა და ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე (ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია ე.წ. „ახალი დემოკრატიის" ქვეყნებისთვის);
*    თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიჭრელეა, წარმომადგენლობითი ორგანოც ძალიან „ჭრელი" გამოვა, რაც, როგორც წესი, პოლიტიკურ არასტაბილურობას იწვევს. თუმცა, არსებობს მეთოდი, რომლითაც ხდება „სიჭრელის" თავიდან აცილება. ეს კეთდება ე.წ. საარჩევნო ზღურბლის შემოღებით. ამგვარი „სიჭრელის" პირობებში, ხშირი სამთავრობო კრიზისები და სირთულეები მთავრობის ფორმირების დროს
*    ჩვენს შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ე.წ "ელიტების" პარტიები რომელიც მოახერხებენ ფინანსური რესურსის მოზიდვას.


მთავრობის ფორმირება - „პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური" პარტია

მთავრობის ფორმირების პირველადი წესი და პრობლემა - პარლამენტარიზმის არსიდან გამომდინარე, არსებითია პრემიერმინისტრობის კანდიდატურის წარმდგენი სუბიექტის ზუსტი განსაზღვრა. კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტი „ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას". ნდობის გამოცხადება ხდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. აქედან იღებს სათავეს პრობლემა.

„პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე" პოლიტიკური პარტია შესაძლოა, არ ფლობდეს მთავრობის შემნისათვის საჭირო სრული შემადგენლობის უმრავლესობას და მხოლოდ ფარდობითი (ყველა სხვასთან შედარებით მეტი მანდატის ფლობით) უმრავლესობით შემოიფარგლებოდეს. ამ ფონზე, მთავრობის ფორმირების წარმოფგენილ სცენარში ორი ფასეულობის დაპირისპირება იკვეთება: პირველი - მთავრობის შექმნის შესაძლებლობის მიცემა, ერთი მხრივ, საუკეთესო შედეგის, მაგრამ მხოლოდ ფარდობითი უმრავლესობის მქონე პარტიისათვის ერთპარტიულად ან სხვებთან ერთად; მეორე - ამ შესაძლებლობის მიცემა მისი ალტერნატიული უმრავლეობისათვის.

მეორე შემთხვევა იძლევა საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობას, პირველადგილოსანი პარტიის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შესაძლოა, მივიღოთ მისი საწინააღმდეგო კოალიციური უმრავლესობა და მთავრობა. დადგენილი წესის თანახმად კი, ჯერ მაინც პირველი შედეგის პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატურა უნდა იქნეს განხილული და ჩაგდებული, რაც მოითხოვს ორ კვირამდე ვადას. ეს სცენარი კი საუკეთესო შედეგის მქონე ძალის გარეშე შექმნილი უმრავლესობის მიერ მთავრობის შესაძლო ფორმირების ორ კვირამდე შეფერხებას იწვევს.

შედეგი    

კონსტიტუცია მთავრობის ფორმირების პირველად შესაძლებლობას, თუნდაც, პირველადგილოსან, მაგრამ შესაძლოა, მხოლოდ ფარდობით უმრავლესობის მქონე პარტიას აძლევს. ამ წესში შეიძლება, ჭრელ პარტიულ სპექტრში მისი კონსოლიდაციის ცენტრად ქცევის ხელშეწყობა დავინახოთ. ეს კომპრომისზე ორიენტირია. თუ პირველადგილოსანმა პარტიამ ვერ შესძლო მთავრობის ფორმირება, მაშინ ეს შანსი ყველა სხვა დანარჩენ საპარლამენტო პარტიებზე გადადის. თუმცა, შესაძლოა პირველ ადგილოსანმა პარტიამ ვერც შემოიკრიბოს სხვა ძალები. არსებითია, თუ ვინ იქნება საუკეთესო შედეგის მქონე პარტია. ის ან იქცევა მიზიდულობის ცენტრად, ან პირიქით. შესაძლოა, მიზიდულობის უფრო მეტი რესურსი მეორე შედეგის მქონე ოპოზიციურმა პარტიამ იქონიოს. ანუ, სავარაუდო სცენარების განვითარება არ იქნება ერთგვაროვანი. "პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე" პარტიისათვის ამ შესაძლებლობის მიცემის მეორე მხარეს დგას საპარლამენტო უზენაესობის სისტემაში უმრავლესობის მიერ მთავრობის შექმნის შესაძლებლობის (და შესაბამისი ნების გამოვლენის) შეუფერხებლობა.

თანამედროვე დემოკრატიებში დომინანტურია პრემიერმინისტრობის კანდიდატურის სახელმწიფოს მეთაურის მიერ ინიცირების უფლებამოსილება. ამავდროულად, იმპერატიულია ამ უფლების გამოყენებისას საპარლამენტო ძალების ურთიერთშეფარდების გათვალისწინება. საქართველოში კი ამის საპირისპიროდ მთვრობის ფორმირების უფლებამოსილების "პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე" პოლიტიკურ პარტიაზე პირდაპირმა გადაკისრებამ (მხოლოდ ფარდობითი უმარვლესობის ფლობის შემთვევაში) შეიძლება, პარლამენტარიზმის ფუნდამენტურად საწინააღმდეგო მდგომარეობაში აღმოგვაჩინოს. ეს წესი აყოვნებს პარლამენტში ჩამოყალიბებული ნების ფორმალიაციის შესაძლებლობას.

 

დასკვნები, შეფასებები, შესაძლებლობები

პარტიულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საპარლამენტო მმართველობაში მთავრობის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შექმნის იდეიდან გამომდინარე, მისი ფორმირების წესი ვერ იდგება ფარდობით უმრავლესობის ნებაზე. პარლამენტარიზმის ფუნდამენტური პრინციპი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ სხვა პარტიებმაც შექმნან კოალიციური უმრავლესობა და მთავრობა. სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მთავრობის შექმნის უფლებამოსილების იმპერატიულ ლოგიკას ქვემდებარეა 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი. პარლამენტარიზმის ფილოსოფიის შესაბამისად, ის სწორედ მთავრობის უმრავლესობის მიერ ფორმირებას ითვალისწინებს. ეს უმრავლესობა კი შეიძლება, სულაც "არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე" პარტიის გარეშე კოალიციაც იყოს.
 
აღნიშნულ პროცედურაში, ვფიქრობთ, არჩევანი ფასეულობრივია. მთავრობის შექმნის პირველი შესაძლებლობა ყველა შემთვევაში ეძლევა "პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე" (პირველადგილოსან) პოლიტიკურ პარტიას, თუნდაც ეს არ იყოს მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო - სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბოლოოდ, არჩევნებში საუკეთესო შედეგზე ხისტი დაყრდნობა გაუგებარს ხდის, თუ რატომ უნდა გაჭიანურდეს მთავრობის ფორმირება.

როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე დემოკრატიებში პარლამენტში ძალთა ბალანსის იმპერატიული გათვალისწინებით, პრემიერმინისტრობის კანდიდატურის ინიცირებაზე უფლებამოსილი სახელმწიფოს მეთაურია. მან ამითი, კონსენსუსის მიზნით, მიზიდულობის ცენტრის შექმნა უნდა იკისროს. ამ თვალსაზრისით, მთავრობის ფორმირების დღევანდელ ქართულ წესში "არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე" პარტია სწორედაც სახელმწიფოს მეთაურის მდგომარეობაშია. საპარლამენტო მმართველობაში პარლამენტს ჩამოყალიბებული ნების გამოვლენა ვერ წაერთმევა. ეს პარლამენტარიზმის არსთან საწინააღმდეგო დამოკიდებულება იქნებოდა. მთავრობის ფრმირების დადგენილი წესით წარმართვა კი აჭიანურებს ჩამოყალიბებული კოალიციური უმრავლესობის მიერ მთავრობის ფორმირებას. ვთვლით, რომ ეს გვაშორებს თანამედროვე, პროცედურების რაციონალიზაციაზე დაფუძნებულ საპარლამენტო დემოკრატიასთან. ამავდროულად, აჩენს (ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში ისედაც დეფორმირებული) პარლამენტარიზმის კიდევ უფრო მეტად დეფორმაციის რისკს.

ამ მოცემულობას ამძაფრებს მანდატების განაწილება აბსოლუტური პროპორციულობით - ხელოვნური ბარიერის გარეშე. იგი განსაკუთრებით ზრდის რისკს, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოაგროვოს მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც საჭიროა მთავრობის შექმნისათვის. საპარლამენტო სისტემას პარტიები ასაზრდოებენ. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიების, როგორც ჯანსაღი კონკურენციის, ასევე კომუნიკაციის კულტურა. სწოედ ამიტომ, ეფექტიანი მმართველობისაათვის არსებითია პოლიტიკური კონსნესნუსის მიღწევისათვის აუცილებელი დემოკრატიული პროცედურების დანერგვა. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია იმგვარი საარჩევნო სისტემის არსებობა, რომელიც მისი შედეგების რეალიზაციის ფორმებითაც პარლამენტის საქმიანობაში (აქ იგულისხმება არა მხოლოდ მთავრობის ფორმირება) პოლიტიკური ძალების თანამშრომლობისა და თანაარსებობის მასტიმულირებელ მექანიზმებს დაამკვიდრებს და არა პირიქით - მოახდენს მათ სეპარატიზაციას.

პროპორციული საარჩევნო სისტემის სამომავლო რისკები

ქვეყანაში დღემდე ვერ დაკრისტალდა პარტიული სისტემა. თუმცა, სისტემა ყველა ეტაპზე ხასიათდებოდა ერთი დომინანტი პარტიის არსებობით. დომინაციის ხარისხი ყოველთვის მმართველი პარტიის ხელისუფლებასთან შეზრდამდე მაღალი იყო. შერწყმის შედეგები ფარავდა არა მხოლოდ ხელისფულების პოლიტიკურ განშტოებებს, არამედ ის მძლავრად გადასწვდა საასამართლო სისტემასაც. ამ პოლიტიკური ინტიმის შედეგების მოქმედება კი დროში ხანგძლივია.

ამასთან ერთად, ვერ ჩამოყალიბდა არა სახელისუფლებო პარტიების ურთიერთ პასუხისმგებლიანი კომუნიკაციის კულტურა. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ პოლიტიკური პარტიებმა ვერ მიაღწიეს ვერცერთ სახელმწიფოსთვის მნიშნველოვან საკითხზე შეთანხმებას. ეს იქნებოდა ტერიტორიული მოწყობა თუ სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, საარჩევნო სისტემა თუ სასამართლოების ფორმირების წესი.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ პოლიტიკოსების იმ წრეზე, რომელსაც ერთმანეთან საუბარი არ შეუძლია და მათი დაპირისპირების და ურთიერთშეუთავსებლობის გამო, მნიშვნელოვანი რეფორმები და პროგრესული იდეები ჩავარდნილა. შეიძლება, პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ კიდევ უფრო გააღრმავოს პარტიებს შორის ურთიერთობა და ხშირი იყოს პოლიტიკური კრიზისები.

პროპორციული საარჩევნო სისტმების პირობებში, მომავალში აუცილებლად დადგება პრობლემა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების და საოლქო, საუბნო კომისიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა წინა შემთხვევაში საარჩევნო ადმინისრტაცია შეზრდილი იყო მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან. განსაკუთრებით საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრაცია, რაც კიდე უფრო აძნელებდა სამართლებრივ ბრძოლას ოპოზიციისთვის და განსაკუთრებით წვრილი ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ, გაეკონტროლებინათ და დაეცვათ საარჩევნო პროცესი, როგორც კენჭისყრის დღეს, ასევე ხმის დათვლის დროს და შემდეგ სამართლებრივი წარმოების პროცესში.

თუ ეს რეალობა არ შეიცვალა, არ განვითარდა პარტიული სისტემა სიმყარის მიმართულებით, პროპორციული სისტემაც მალე მოძველდება და შექმნის თავის წილ რისკებს. ერთპალატიან სისტემაში ერთ მრავალმანდატიან ოლქში ერთიანი სიებით არჩევნების წესის გამოყენება ამჟამად უდავოდ შეასრულებს სერიოზული გადატვირტთვის ფუნქციას. მაგრამ, თუ კიდევ გაგრძელდა სახელმწიფოს გაერთიანების პროცესი, შენარჩუნდა ერთპალატიანობა და ამასთან, არც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხი განვითარდა დეკონცეტრაცია-დეცენტრალიზაციის მიმართულებით, ეს საარჩევნო სისტემაც მალე გამოიფიტება. სისტემა ჩაიკეტება თავის თავში. დიდი იქნება რისკი, რომ ყოველი მომდევნო მმართველი პარტია ისევ ჩაიკარგოს თავის პარტიულ წიაღში და მისი წარმომადგენლობის დიდი ნაწილი (პირველი ეშელონის ლიდერების გარდა) დისტანცირებული (წყვეტა გაჩნდეს) აღმოჩნდეს ამომრჩეველთან. ის კვლავ მოწყვეტილი აღმოჩნდება ხალხთან. პარტიებისა და შესაბამისად პარტიული სისტემის განუვითარებლობა პარტიებს მოწყვეტს ამომრჩევლისაგან. ეს კვლავ გარყვნის ხელისუფლებას და დაასუსტებს ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

ეს ფონი განსაკუთრებულად მოითხოვს პარტიული სისტემის მყარ განვითარებას. თუმცა, ერთპალატიანი პარლამენტი, ერთიანი საარჩევნო სია და არა რეგიონალიზმი (მხოლოდ ერთ დონიანი თვითმმართველობა) - ეს ყველაფერი შეჭამს ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების გაჩენის შესაძლებლობებს. პარტიებს გაუჩნდებათ ვაკე-ვერისა და მაქსიმუმ დამატებული ქუთაისი და ბათუმი, პარტიებად ჩაყალიბების რისკი.

მომავალში არის რისკი, რომ პარტიების ურთიერთკონკურენციის პროცესში გაჩნდეს დიდი უფრსკული. კერძოდ, მათ შორის დაშორება იყოს მნიშვნელოვნად დიდი, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი, მთავრობა დააკომპლექტოს ერთმა დომინანტმა პოლიტიკურმა პარტიამ, ხოლო სხვა პარტიები იყოს დაქსაქსული და რეალური ბერკეტები არ გააჩნდეს პროცესში მონაწილეობის ან რაიმე ძირეულის შეცვლის.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კარგად გააზრებული იქნას 2020 წლის არჩევნებში საარჩევნი სისტემის ცვლილებების არსი, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ ე.წ ნულოვან ბარიერზე. აღნიშნული ცვლილებები არამარტო პოლიტიკური კონსენსუსის საგანი უნდა გახდეს, არამედ საზოგადოება მომზადებული უნდა იყოს აღნიშნული პროცესისთვის, ვინაიდან პროპორციული საარჩევნო სისტემით ე.წ ნულოვანი ბარიერით ჩატარებული არჩევნები რეალურად უნდა ასახავდეს ამომრჩევლის ნებას და არა პოლიტიკური პარტიების ტაქტიკურ ბრძოლას. ყველა საარჩევნო სისტემას აქვს დადებითი და უარყოფითი ნიშნები და ამ შემთხვევაში პარტიებმა არ უნდა გაუშვან შანსი, რომ არსებული სისტემის დადებითი ნიშნები გამოიყენონ ეფექტიანად.

ზურაბ ჯიბღაშვილი, სამართლის დოქტორი, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
თენგო თევზაძე, იურისტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი