რესპოდენტის შესახებ
დევიდ კრამერი - ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსი მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი
დევიდ კრამერი - ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსი მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი
2008 წლის ომიდან მეთერთმეტე წლისთავზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი კიდევ ერთხელ განახლდა. რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა კიდევ რამდენიმე სახლი და მიწის ნაკვეთი. გრძელდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების გატაცება.
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსი მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი დევიდ კრამერი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს „ბორდერიზაციის“ განახლებულ პროცესზე და მისი მოქალაქეების გატაცებაზე. მისი თქმით, თუკი ხელისუფლება დროულად არ გამოფხიზლდება, ქვეყანაში შესაძლოა რუსული ძალების უფრო სერიოზული ტერიტორიული დაწინაურების მოწმენი გავხდეთ.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა აგვისტოში ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს. ახალგავლებულ ბარიერებს მიღმა ისევ მოექცა სახლები და ნაკვეთები, გაიტაცეს ადამიანები. რის დემონსტრირებას ცდილობს რუსეთი?
ეს აჩვენებს, რომ რუსეთის ლიდერებს სჯერათ, მათ შეუძლიათ არეულობა შეიტანონ მეზობელ ქვეყნებში და გადასწიონ საზღვრები ისე, რომ ამისთვის არანაირი საფასური არ გადაიხადონ. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, მართლებიც არიან. პუტინი არ სცემს პატივს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს, მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მას სურს იხილოს, როგორ მარცხდებიან ეს ქვეყნები დემოკრატიის გზაზე, როგორ მარცხდებიან მაშინ, როდესაც იმ ძირგამომპალი ავტორიტარული სისტემების ალტერნატივებს ეძებენ, რომელთაც ის 20 წლის განმავლობაში მართავდა.
რა შედეგს იღებს კრემლი რეალურად ამით? საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ წარმოჩენას ცდილობს? შიშის დათესვას? რა არის რეალური მიზანი და მიღწევა მისთვის?
კრემლი ცდილობს აჩვენოს, რომ მას შეუძლია ძალით გაიკვალოს გზა საქართველოსკენ, შეიჭრას იქ, როცა კი მოინდომებს. ეს ასევე აჩვენებს, რომ საქართველოში საკამათო საკითხია ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოსკოვს. მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის [საქართველოს მთავრობა] კრემლისთვის ზედმეტად კომფორტულად მოქმედებს და არ უპირისპირდება რუსეთის წნეხსა და აგრესიას.
საქართველოს ხელისუფლებას მართლაც მკაცრად აკრიტიკებენ. ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ საკმარისად მკაცრი და ხმამაღალი განცხადებები არ გაკეთდა და არ ატყდა განგაში. ხედავთ ამ პრობლემას? ფიქრობთ, რომ მეტი საერთაშორისო ყურადღების მისაღწევად, უფრო აქტიური ქმედებები იყო საჭირო?
ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერზე გაცილებით მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს. ამავე დროს, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არაა მზად, მოვიდეს საქართველოს დასაცავად - რაც ნაკლებ სავარაუდოა - მაშინ, თბილისმა „საუკეთესოდ" უნდა გამოიყენოს ეს ცუდი და რთული სიტუაცია.
თუკი ხელისუფლება ძალიან მალე რამეს არ მოიმოქმედებს, მათ შეიძლება ერთხელაც გაიღვიძონ, გამოფხიზლდნენ და რუსული ძალების კიდევ უფრო მეტი ტერიტორიული დაწინაურება იხილონ, რაც იმაზე სერიოზული საფრთხეა, რაც უკვე არსებობს.
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ფართოდ უნდა იყოს დაგმობილი და არ იყოს აღიარებული. საქართველოს ხელისუფლება კი უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდეს მისი მოქალაქეების გატაცების თაობაზე, ქართული საკუთრებისა და მიწის კონფისკაციის ინციდეტებზე, იმაზე, რაც მოსკოვის 'ბორდერიზაციის" პოლიტიკითაა გამოწვეული.
კრიტიკოსთა ნაწილის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ „მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიმართ უფრო რბილი პოზიცია აქვს. ხედავთ ამ პრობლემის არსებობას? როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა ქართულ მხარეს მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ განახლებულ „ბორდერიზაციას" უფრო მეტი საერთაშორისო ყურადღება დათმობოდა?
მოქმედი ხელისუფლების კრიტიკოსები მას მოსკოვის მიმართ ზედმეტად რბილი პოლიტიკის ქონაში ადანაშაულებენ. ამ პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითად კი ივნისში, საქართველოს პარლამენტში მომხდარი ინციდენტი [გავრილოვის სიტყვით გამოსვლა] სახელდება. ვფიქრობ პუტინისთვის ასეთი ხელსაყრელი პოლიტიკის გატარება, სასიკეთოდ არ იმუშავებს. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის და ესეც დამაჯერებელი რომ იყოს, საქართველოს ხელისუფლებას დასავლელი მოკავშირეები უნდა უმაგრებდნენ ზურგს. ეს [პასუხი] არ უნდა იყოს სამხედრო ფორმის, მაგრამ ისეთი სანქციების მოთხოვნას, როგორიც რუსეთს უკრაინაში განხორციელებული ქმედებებისთვის დაუწესდა, შეიძლება ჰქონდეს ეფექტური შედეგი. ასე რომ, მე მოვუწოდებდი თბილისს იმაზე უფრო აქტიური და საჯარო პასუხისკენ, ვიდრე ის, რაც ვიხილეთ.
ვინ დაიწყო ომი? - 2008 წლიდან 11 წლის შემდეგ, „მცოცავი ოკუპაციის" პირობებში და უკრაინაში განხორციელებული მსგავსი აგრესიის შემდეგაც, როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს კვლავ განსახილველი და საკამათო საკითხი საქართველოში? რამდენად სახიფათოა მმართველი ძალის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები?
ეჭვგარეშეა, არ დგას კითხვა იმის თაობაზე, რომ 2008 წელს საქართველოში რუსული ჯარები შეიჭრა. ეს არც არასდროს უნდა ყოფილიყო კამათის და განხილვის საგანი. ქართულ ჯარებს არ გადაუკვეთავს რუსეთის საზღვარი და არ შესულა რუსეთში. სიმართლეა ის, რომ სწორედ ამის საპირისპირო რამ მოხდა.
ზოგის აზრით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ ესეც არ ამართლებს მოსკოვს, რომ გადმოკვეთოს საზღვარი, დახოცოს ქართველები და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოხდინოს. როგორი მიუღებელიცაა ეს უკრაინაში, ისეთივე მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც. და კვლავაც, საერთაშორისო საზოგადოებას არაფერი გაუკეთებია 2008 წლის რუსული აგრესიისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის პასუხად. შესაძლოა, ამან შეუქმნა პრეზიდენტ პუტინს შთაბეჭდილება, რომ 2014 წელს უკრაინაშიც იგივეს გაკეთება შეეძლო.
ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სადამკვირვებლო პოსტის აშენებას ეხებოდა. დე-ფაქტო ძალები მისი დემონტჟის ულტიმატუმსაც კი აყენებდნენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამგვარი ესკალაციის რისკები და როგორ უნდა აიცილოს საქართველოს ხელისუფლებამ ის? როგორი უნდა იყოს დასავლეთის რეაქციაც?
საქართველოს ყველა უფლება აქვს შეინარჩუნოს ნებისმიერი სადამკვირვებლო და მონიტორინგის პოსტი მის ტერიტორიაზე, მათ შორის - სოფელ ჩორჩანასთანაც. ეს მუქარისა და დაშინებისკენ არ უნდა უხსნიდეს გზას რუსულ ძალებს, ან მათ ე.წ და [საერთაშორისო საზოგადოების მიერ] არაღირებულ სამხრეთ ოსეთის მოკავშირეებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აბსოლუტურად მართალო იყო იმაში, რომ ამ ბოლოდროინდელ ესკალაციაში ბრალი 100 %-ით მოსკოვს დასდო. [მხარეებისთვის] თავშეკავების მოწოდებებში საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ცხადად უნდა თქვას, რომ პროვოკაციები რუსული მხარისგან მოდის. საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორია რუსეთის არსებული და მზარდი საფრთხეებისგან. ამასთან, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსკოვი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 6-პუნქტიან შეთანხმებას და ამ დარღვევისა და დაუმორჩილებლობისთვის არანაირი საფასური არ გადაუხდია.