სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული ქართველ მეზღვაურები ფიზიკური საფრთხის ქვეშ არ იმყოფებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"სომალელი მეკობრეების მიერ ჩვენი მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ისინი ფიზიკური საფრთხის წინაშე არ არიან. ბერძენი გემის მფლობელი ერთადერთი პირია, რომლსაც მეკობრებთან კავშირი აქვს და ჩვენ საბერძნეთის წარმომადგენლობის დახმარებით ვცდილობთ ინფორმაციის მოპოვებას", - აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სომალელმა მეკობრეებმა გაიტაცეს მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება. ევროკავშირს მეთაურობით შექმნილი მეკობრეობის წინააღმდეგ ოპერაციის სარდლობის (EUNAVFOღ შომალია - Oპერატიონ Aტალანტა) ვებ-გვერდის ინფორმაციით, გემზე ასევე იმყოფება თურქეთის სამი მოქალაქე.
გემზე თავდასხმა ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემი დადგენილი ნორმების მიხედვით სამოქალაქო ხომალდებისთვის განკუთვნილ დერეფანში მიცურავდა.
როგორც ცნობილია, 2010 წელს სომალის სანაპიროებთან მეკობრეობის 139 ინციდენტია დაფიქსირებული. გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოზე წარდგენილი ინფორმაციით, 26 აგვისტოს მდგომარეობით, მეკობრეების მიერ გატაცებულია 30 გემი, მათგან 17 გემი და 450 მეზღვაური ახლაც ტყვეობაშია.