რესპოდენტის შესახებ
ბაჩო ცანავა - მეთოჯინე, მხატვართა კავშირის წევრი, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის პედაგოგ-ექსკურსიამძღოლი. მის მიერ შექმნილი თოჯინები დაცულია ხელოვნების სასახლეში. თოჯინა „საყვირიანი არლეკინი“ შეტანილია ხელოვნების სასახლის კატალოგში. თბილისის მერიის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში დაცულია „პიერო - შეწყვეტილი სიმღერა“, რომელიც სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის კატალოგშიცაა შეტანილი. თოჯინა „ჩემი ბებო“ დაცულია ბათუმის მუზეუმში. ბაჩო ცანავას თოჯინები ინახება კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგებს გარეთ. ჰქონდა 3 პერსონალური გამოფენა: 2010 წელს - ქუთაისის თოჯინების თეატრში, 2012 წელს - ხელოვნების სასახლეში და 2019 წელს - მხატვართა კავშირში.
ბაჩო ცანავა - მეთოჯინე, მხატვართა კავშირის წევრი, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის პედაგოგ-ექსკურსიამძღოლი. მის მიერ შექმნილი თოჯინები დაცულია ხელოვნების სასახლეში. თოჯინა „საყვირიანი არლეკინი“ შეტანილია ხელოვნების სასახლის კატალოგში. თბილისის მერიის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში დაცულია „პიერო - შეწყვეტილი სიმღერა“, რომელიც სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის კატალოგშიცაა შეტანილი. თოჯინა „ჩემი ბებო“ დაცულია ბათუმის მუზეუმში. ბაჩო ცანავას თოჯინები ინახება კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგებს გარეთ. ჰქონდა 3 პერსონალური გამოფენა: 2010 წელს - ქუთაისის თოჯინების თეატრში, 2012 წელს - ხელოვნების სასახლეში და 2019 წელს - მხატვართა კავშირში.
- ბაჩო, ცოტა ხნის წინ მესამე პერსონალური გამოფენა გქონდათ, რომელიც დედის ხსოვნას მიუძღვენით. რაღაც პერიოდის განმავლობაში გამოფენა არ გაგიკეთებიათ, თავშეკავების მიზეზი რა იყო?
- ეს იყო ჩემი მესამე პერსონალური გამოფენა. 25 თოჯინა წარმოვადგინე. ძირითადად, ყველა ახალი. ეს გამოფენა დედაჩემს მივუძღვენი. 20 მაისს 59 წლის გახდებოდა. ძალიან მინდოდა გამოფენა დედის ხსოვნისთვის მიმეძღვნა. 2012 წლის შემდეგ საგამოფენოდ თოჯინა არ გამიკეთებია. ეს პერიოდი ფიქრს მოვანდომე. ამ ხნის განმავლობაში ვიმუხტებოდი და ემოციებით ვივსებოდი. დაგროვილი ემოცია, ფიქრები ერთმანეთში აირია, გაერთიანდა და მივხვდი, რომ უკვე შემეძლო დასახული მიზნისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა. დავიწყე მუშაობა. მიკვირდა ჩემი თავის - სხვა ტემპი იყო, თითქოს თოჯინებიც უფრო სხვანაირად დახვეწილი გამოდიოდა... ვგრძნობდი, რომ მეტ მოთმინებას ვიჩენდი და ნებისყოფაც მაქსიმალურად გამოვავლინე. 3 თვეს ვიმუშავე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამოფენა შედგა. გული მტკივა, რომ დედაჩემს სიცოცხლეში ვერ მივუძღვენი გამოფენა... თურმე, რა ყოფილა სიცოცხლე...
-და, რა ყოფილა?
- ფუფუნება, რომელსაც გვჩუქნიან. საკუთარსაც და სხვისასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ... ბევრი რამ სიცოცხლესთან დაკავშირებით ბანალური და სადღეგრძელოდ ნათქვამი მეგონა, დედის გარდაცვალების შემდეგ კი მივხვდი, რომ ასე არ არის. დიახ, სიცოცხლეში მივუძღვნათ ადამიანს ის, რისი მიძღვნაც გვინდა, სიცოცხლე გავულამაზოთ ერთმანეთს...
- ვინმეს თუ უთქვამს, რომ თქვენი თოჯინები სევდიანები და ნაღვლიანები არიან?
- კი, ხშირად მეუბნებიან. ამაზე პასუხი არა მაქვს. ვფიქრობ, ასეთია ჩვენ გარშემო ცხოვრება. ფეხით ბევრს დავდივარ და ადამიანებს ვაკვირდები. ეს სახეები ჩემს მეხსიარებაში ილექება და მერე, როცა თოჯინას ვაკეთებ, რაღაცნაირად ამოტივტივდება ხოლმე. მინახავს მზერა, რომელიც სევდიანია, ნაღვლიანი... მომღიმარი ადამიანების თვალებშიც კი შემიმჩნევია სევდა და ტკივილი. შესაძლოა, მეც ასეთი ვარ და ისინი ჩემს ხასიათს გამოხატავენ. მგონია, რომ ყველა თოჯინა შემქმნელს ჰგავს. ჰო, ასეა, ჩემი თოჯინები მოწყენილები არიან. თოჯინა, რომელიც იღიმის, მაინც მოწყენილი და სევდიანია.
- გამოდის, შენი თოჯინები ხალხის განწყობას გადმოსცემენ?
- ჩემსას, ხალხისას, მგონი ერთად აღებულს... თოჯინების კეთება ერთ-ერთი საშუალებაა ჩემში დაგროვილი ემოციების გადმოსაცემად. ვფიქრობ, ხელოვნების ყველა სფეროში ასეა.
- სევდა, თოჯინებს ძველი სამოსი... ერთგვარად, ძველის მონატრებაა. ასეა?
- კი, მიყვარს და მენატრება ის, რაც ჩემთან აღარ არის.
- მეთოჯინე რომ არ ყოფილიყავით, ვინ იქნებოდით?
-არასდროს მიფიქრია და ამიტომ, არ ვიცი. ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი თავისუფლება, რითაც ვსუნთქავ. როცა თოჯინას ვქმნი, ყველა ემოცია მასში გადამაქვს. ეს რომ არ გავაკეთო, ერთხელაც შეიძლება, დავიძინო და ვეღარ გავიღვიძო. ემოციებს ვერაფერს მოვუხერხებ. მეტიც, არც არასდროს მიფიქრია და არც არასდროს დავთმობ. 4 თვის განმავლობაში, როცა დედა ავად იყო, ცალი ხელით თოჯინას ვაკეთებდი და მეორე ხელით დედას ვუვლიდი. ესეც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ვერავის და ვერაფრის გამო ვერ დავთმობ ჩემს საქმეს. ზოგადად, ცოტას ვლაპარაკობ, თოჯინებით მეტს გადმოვცემ. თოჯინებით ვამყარებ კომუნიკაციას ხალხთან. ჩემს სათქმელს ისინი ამბობენ.
- როგორ გგონიათ, რატომ გრძნობთ თავისუფლებას მხოლოდ თოჯინების კეთებაში?
- როდესაც სამუშაოდ ვჯდები, თითქოს ბევრი ფერი ტრიალებს ჩემ გარშემო, შემდეგ უცნაური კარი იხსნება, სადაც ყველაფრი შემიძლია ვაკეთო. ვერ გეტყვით... ალბათ, თოჯინების კეთების მიღმა ვერ ვიპოვე. თოჯინების კეთების პროცესი სხვა სამყაროა და ჩემია. ამ სამყაროში კი, სადაც ვცხოვრობთ, თავისუფლების მიღწევა ცოტა ძნელია. ან, უბრალოდ, მე იმ სამყაროში ვარ კომფორტულად.
- რისი გეშინიათ?
- სასაცილოა, მაგრამ ბავშვობის დატოვების. ვცდილობ, ბავშვობის თემა ამოვწურო ჩემში, ამოვწურო შემოქმედებაში, მაგრამ არ გამომდის. მემგონი ცოტა მეშინია, ბავშვობა რომ დავტოვო, არ დავკარგო ის თავისუფლება, ის გულწრფელობა...
- თამამი ხართ?
- შეიძლება უფრო თამამი გავხდე, მაგრამ რაღაც ეტაპი უნდა გავიარო. ეს ეტაპები სულ მჭირდება. თუ ეტაპების გავლას კიბედ წარმოვიდგენთ, ვცდილობ, ყოველი შემდეგი ეტაპი ზედა საფეხური იყოს.
- თქვით, რომ ადამიანებს ელაპარაკებით თოჯინებით. ასევე თქვით, რომ შესაძლოა, თოჯინის გაკეთების ტექნიკა ისწავლო, მაგრამ მთავარია, მეთოჯინეს სათქმელი ჰქონდეს. თქვენი სათქმელი რა არის?
- ადამიანებს ვეუბნები ყველაფერს, რასაც ვფიქრობ სამყაროზე, ადამიანებზე, მეგობრობაზე, ტკივილზე... ყველაზე მეტად მინდა, ყველა ადამიანი ლაღი იყოს. ჩემი სათქმელიც ამას უკავშირდება. კონკრეტულ თოჯინას კონკრეტულ ამბავს ვაყოლებ. სიცოცხლე საჩუქარია, მაგრამ ამ საჩუქარს ტკივილიც ახლავს. შეიძლება გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ მინდა, ადამიანებმა ეს დაინახონ და მეტად შეუმსუბუქონ ერთმანეთს ტკივილი.
- საუბარი გამოფენით დავიწყეთ და მინდა მივუბრუნდე ამ თემას: მიიღეთ გამოფენიდან ის, რასაც ელოდით?
- ამ გამოფენამ მომცა მოტივაცია შემდგომი მუშაობისთვის. ეს იყო დიდი სტიმული, დადასტურება იმისა, რომ უფრო და უფრო მეტი უნდა ვაკეთო. მომცა ის, რომ მივხვდი: სხვა ჟანრშიც გადავიდე და მეტად საინტერესო კომპოზიციები გავაკეთო, რომელზედაც არ მქონდა ნაფიქრი.
- სამომავლო გეგმა?
- სურვილი მაქვს, კიდევ ერთხელ გავაკეთო პერსონალური გამოფენა - უფრო მასშტაბური.
- საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არ შედის თქვენს გეგმებში?
- აქამდე ვფიქრობდი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთიდან ბევრი შეკვეთა მომსვლია და გამიკეთებია, გამოფენაში მონაწილეობა, სადაც მსოფლიო მეთოჯინეები იკრიბებიან, არ მიმიღია. შეიძლება, ზღვარგადასული პასუხისმგებლობის ბრალია. თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ მზად ვარ და აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. გაზაფხულზე პრაღაში იმართება მეთოჯინეთა საერთაშორისო გამოფენა და ჩემი ნამუშევრების წარდგენას ვგეგმავ.
- იცით უკვე, რას წარადგენთ?
- ძალიან რთული და ფაქიზი თემაა. თოჯინა, რომელსაც იქ წარვადგენ, უნდა იყოს სრულყოფილი, ყველა დეტალი უნდა იყოს კარგად მოფიქრებული. ჯერ არ გადამიწყვეტია. ვფიქრობ, ახალი თოჯინით წავალ.