ჰომოსექსუალ ადამიანებზე აქამდე ჩატარებული ყველაზე დიდი მასშტაბის გენეტიკური კვლევა ადასტურებს, რომ არ არსებობს ერთი, სპეციფიკური გენი, რომელიც მის სექსუალურ ორიენტაციას განსაზღვრავს. მეცნიერები შიშობდნენ, რომ საპირისპირო დასკვნის გამოტანა გააჩენდა ერთგვარი "მკურნალობის" მეთოდების განვითარების რისკს, რაც დღეისთვის გამოირიცხა.
ახალი კვლევა ჟურნალ "საიენსში" დღეს გამოქვეყნდა. მისი ავტორია მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელთა შორის ბევრი ქვინსლენდის უნივერსიტეტის ავსტრალიელი მკვლევარია. ამ მიმართულების კვლევისთვის, აღნიშნული ნაშრომის მასშტაბი მართლაც უპრეცედენტოა: მონაწილეთა რაოდენობა 477 000-ს აჭარბებდა.
წარსულში, ანალოგიურ კვლევებში მხოლოდ ასობით ადამიანი მონაწილეობდა და ისიც, თითქმის ყოველთვის, მონაწილენი მხოლოდ კაცები იყვნენ. ზოგიერთი ადრინდელი კვლევა ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალურ ორიენტაციაზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს ბიოლოგიური, გარემო და სოციალურ-კულტურული ფაქტორები. ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო ფაქტორად უფროსი ძმების ყოლა სახელდებოდა.
ნაშრომის ავტორები ამბობენ, რომ სექსუალურ ორიენტაციაში გენეტიკა, რა თქმა უნდა, გარკვეულ როლს თამაშობს, მაგრამ ერთი, კონკრეტული გენის თეორია დავიწყებას უნდა მიეცეს. ნახევარ მილიონამდე ადამიანის გენეტიკური ინფორმაციის ანალიზი, შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა: ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს არა ერთი, არამედ ბევრი გენის ერთობლიობა, ასევე გარკვეულ როლს თამაშობს სოციალური და გარემოს ფაქტორებიც.
"გზავნილი იგივე უნდა დარჩეს, რომ ეს არის კომპლექსური ქცევა, რომელშიც გენეტიკა როლს ნამდვილად თამაშობს" - თქვა ნაშრომის ამერიკელმა თანაავტორმა ფეი სათირაფონგშასუტმა, სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ავტორებმა კვლევის შედეგებზე ისაუბრეს. ნაშრომის წამყვანი ავტორია ქვინსლენდის უნივერსიტეტის ავსტრალიელი მეცნიერი ბრენდან ზიეტჩი.
"ცალსახად არ არსებობს ერთეული გეი-გენი, მაგრამ არსებობს ბევრი მცირე გენეტიკური ეფექტების წვლილი, რომელიც თავს გენომში იყრის" - თქვა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა, გენეტიკის ცენტრის დირექტორმა ბენჟამინ ნილმა. ის კვლევაში არ მონაწილეობდა, მაგრამ პრეზენტაციას ტელე-კონფერენციის საშუალებით ესწრებოდა. პროფესორ ნილის თმით, ამ ეტაპზე, ინდივიდის სექსუალური ქცევის ერთი გენომით განსაზღვრა შეუძლებელია.
გენეტიკური ინფორმაციის შესწავლის გარდა, კვლევის მონაწილეებს ასევე ეკითხებოდნენ: ჰქონდათ თუ არა სექსი თავისივე სქესის ადამიანთან; რა ტიპის სექსუალური ფანტაზიები ჰქონიათ; როგორ განსაზღვრავენ ისინი საკუთარ ორიენტაციას, რამდენად არიან ჰომოსექსუალი, ან ჰეტეროსექსუალი და ასე შემდეგ.
5 გენეტიკური ვარიაცია, რომელიც მეცნიერთა დასკვნით, ადამიანის ჰომოსექსუალობაზე ახდენს გავლენას, გამოკითხული ჰომოსექსუალების მხოლოდ 25 პროცენტთან ფიქსირდებოდა. აქედან ორი - მხოლოდ კაცებში, ერთი - მარტო ქალებში. მკვლევარები ფიქრობენ, რომ დანარჩენ შემთხვევაში, შესაძლოა, იმავე სქესის ადამიანთან სექსუალური კავშირის დამყარების სურვილს განსაზღვრავდეს სხვა ბიოლოგიური და გარემო ფაქტორები.
ახალი კვლევის ლიმიტებს შორის სახელდება გამოკითხულების გეოგრაფიული არეალი. საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველა მონაწილე ამერიკელი, ან ევროპელია. ამასთან, შეზღუდულია მონაწილეთა ასაკიც: უმრავლესობა 40-დან 51 წლამდეა.
ზოგ კრიტიკოსს პრეტენზია აქვს იმასთან, რომ ანალიზი ეფუძნება უფრო სექსუალურ აქტივობას, ვიდრე სექსუალურ ლტოლვას. მათი აზრით, ეს სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, სწორი დასკვნების გამოტანას ხელს უშლის.
იმის მიუხედავად, რომ ნაშრომის დასკვნები მოსალოდნელთან შედარებით, შესაძლოა ბუნდოვანი იყოს და დამატებით შესწავლას საჭიროებდეს, მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ აღნიშნული თემა აუცილებლად იმსახურებს ტაბუს მოხსნას და ასევე - პოლიტიკური შლეიფის მოცილებას. ლგბტქ თემის ადამიანები ნაშრომის გამოქვეყნებამდეც წუხდნენ იმაზე, რომ მისი შედეგების ინტერპრეტაცია, იმის მიუხედავად, თუ რა დასკვნამდე მივიდოდნენ მეცნიერები, შესაძლოა ჰომოსექსუალების შემდგომი დისკრიმინაციის საფუძველი გამხდარიყო.
დაწვრილებით კვლევის გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალ "საიენსის" 30 აგვისტოს ნომერში. ის დააფინანსა შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა და რამდენიმე სხვა სამთავრობო სააგენტომ.
ჟურნალს გამოსცემს დაახლოებით 170 წლის წინ დაარსებული, ამერიკის მეცნიერების დაწინაურების ასოციაცია (AAAS). მასში დღეისთვის დაახლოებით 120 000 ადამიანი ერთიანდება. საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის მიზანია მსოფლიო მასშტაბით სამეცნიერო თავისუფლების დაცვა, მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო პასუხისმგებლობის სტიმულირება, სამეცნიერო განათლების და მეცნიერების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
სტატია თავდაპირველად რადიო "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.