მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობაზე დაწესებულ მორატორიუმს დღეს გასდის ვადა. პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასისის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ისრაელი დასახლებების მშენებლობას გააგრძელებს, მხარეებს შორის მოლაპარაკაბების პროცესი ჩაიშლება. ამის შესახებ მაჰმუდ აბასმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"ისრაელმა არჩევანი უნდა გააკეთოს მშვიდობასა და დასახლებების მშენებლობას შორის", - განაცხადა აბასმა.
როგორც ცნობილია, მორატორიუმის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისარელის პრემიერი ბენიამინ ნათანეაჰუ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს და ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრ ტონი ბლერს ესაუბრა.
აშშ ისრაელს მორატორიუმის გაგრძელებას სთხოვს. როგორც ცნობილია, პალესტინელებსა და ისრაელს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების მშენებლობაა.
პალესტინური მხარე ისრაელთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლების მთავარ პირობად სწორედ მშენებლობის შეწყვეტას ასახელებდა. იმავეს მოითხოვდა ისრაელისგან ამერიკის ადამინისტრაციაც. ბენიამინ ნეთანიაჰუმ 10 თვის წინ გასცა განკარგულება, რომელიც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობაზე 10-თვიანი მორატორიუმის დაწესებას ითვალისწინებს. ისრაელის მთავრობის პოლიტიკის მიხედვით, დასავლეთ სანაპიროზე ახალი მშენებლობების ნებართვები 10 თვის განმავლობაში არ გაიცემოდა, თუმცა მუნიციპალურ შენობებზე და დაახლოებით, 3 ათასამდე ბინაზე, რომელთა მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, ეს შეზღუდვა არ გავრცელდა. როგორც მაშინ ისრაელის ხელისუფლებაში განმარტეს, პრემიერის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მოლაპარაკებების აღდგენას ემსახურებოდა.
ცნობისათვის, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევა და მასზე დასახლებების მშენებლობა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონობაა.
სადავო მიწებზე ამ დროისთვის ასზე მეტი დასახლება მდებარეობს, რომლებშიც, საერთო ჯამში, თითქმის ნახევარი მილიონი ისრაელის მოქალაქე ცხოვრობს. ისრაელის პოლიტიკოსები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს "გაყინვას" უწოდებენ.