შსს-გან უშიშროების ნაწილის გამოყოფის იდეა იუსტიციის მინისტრს მიუღებლად მიაჩნია. ამის შესახებ განცხადება ზურაბ ადეიშვილმა დღეს პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე გააკეთა, სადაც პირველი მოსმენით განიხილება საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი.
შსს-ის დაშლის იდეა კი "ქრისტიან-დემოკრატებმა~ გაახმოვანეს, რომლებიც ახალი რედაქციის კონსტიტუციაში იმ ძველი საკონსტიტუციო ნორმის აღდგენას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც ძალოვანი სტრუქტურების შერწყმა იკრძალება.
ეს საკითხი სესიაზე დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა დააყენა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციისა და მისი ძველი სახით - შს და უშიშროების სამინისტროებად ჩამოყალიბების საკითხს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ეს იდეა კი ადეიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
"ძალოვანი სტრუქტურების განცალკევება და მათი შერწყმის თაობაზე გაუქმებული საკონსტიტუციო ჩანაწერის აღდგენა მიუღებელია. შსს-ს დღეს არსებული მოდელი გამართულად და კარგად მუშაობს და ამ მხრივ არავითარი ცვლილება არ უნდა გახორციელდეს~, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.