აღმაშენებლის გამზირზე ხანძრის გაჩენის ფაქტზე პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი აიყვანა. დაკავებულია გია თოიძე, რომელმაც ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ორი ქალის ინგა თუშიშვილისა და თამარ ჩოგოვაძის მკვლელობა უკვე აღიარა.
გამოძიების ინფორმაციით გია თოიძე არის გარდაცვლილთა ნათესავი. როგორც შს სამინისტროს წარმომადგენლები იუწყებიან მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი, რადგანაც თამარ ჩოგოვაძესა და ინგა თუშიშვილს 20-20 ჭრილობა აღენიშნებათ, რომელიც ცივი იარაღით არის მიყენებული.
ამას გარდა, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, გია თოიძემ ჯერ ინგა თუშიშვილი და თამარ ჩოგოვაძე მოკლა, ხოლო შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ცეცხლის გაჩენა სცადა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "განზრახ მკვლელობის" მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გია თოიძის აღიარებით ჩვენებას შს სამინისტრო უახლოეს საათებში გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი აღმაშენებლის # 83-ში გუშინ მოხდა.
სახლში ხანძრის ჩასაქრობად მისულმა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლებმა ხანძრის ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ორი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. არსებობდა ეჭვი, რომ ისინი ცეცხლის გაჩენამდე მოკლეს.